აქტუალური
საქართველოს სანაპირო დაცვა NATO-ს ოპერაციაში საბერძნეთის საზღვაო ძალებს შეუერთდება

 საქართველო, 30 ივნისი, საქინფორმი. საქართველოს პარლამენტმა 29 ივნისს უწყებათაშორისი საერთაშორისო შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა, რომლის თანახმადაც შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის მოსამსახურეები NATO-ს საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციაში „ზღვის მცველი“ მონაწილეობისას საბერძნეთის სამხედრო-საზღვაო ძალების ხომალდებზე განთავსდებიან.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 16-29 სექტემბერს დაგეგმილ ნატოს ოპერაციაში სანაპირო დაცვის 12 მოსამსახურე მიიღებს მონაწილეობას.

რატიფიცირებული შეთანხმება წარმოადგენს ოპერაციაში „ზღვის მცველი“ სანაპირო დაცვის კანონაღსრულების ტაქტიკური ქვედანაყოფების ჩართულობის და საბერძნეთის სამხედრო-საზღვაო ძალების ხომალდებზე განთავსების წინაპირობას, რაც, ამავდროულად, „NATO-ს საზღვაო კომპონენტებთან ურთიერთთავსებადობის ამაღლებისა და ევრო-ატლანტიკური სივრცის უსაფრთხოებაში საქართველოს ღირსეული წვლილის შეტანას ემსახურება“.

სანაპირო დაცვის კანონაღსრულების ტაქტიკურმა ჯგუფებმა წარმატებით გაიარეს ნატოს შეფასების ოთხწლიანი პროგრამა, რის შედეგადაც ალიანსმა საქართველოს NATO-ს საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციის ,,ზღვის მცველის“ ოპერაციული პარტნიორის სტატუსი მიანიჭა. NATO-ს არაწევრი ქვეყნებიდან საქართველო პირველი ქვეყანაა, რომელსაც აღნიშნული სტატუსი მიენიჭა.

საბერძნეთი იყო პირველი სახელმწიფო რომელმაც, მზაობა გამოთქვა NATO-ს ოპერაციის ფარგლებში, საკუთარი საზღვაო ძალების ხომალდებზე საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის ტაქტიკური ქვედანაყოფი განეთავსებინა.