საქართველო, 30 ივნისი, საქინფორმი. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე ვლადიმერ ხუნდაძე და საბაჟო დეპარტამენტის ხელმძღვანელი ზურაბ სიჭინავა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელს, ელჩ ჯეიმს ო’ბრაიენს, სანქციების კოორდინატორის სპეციალურ თანაშემწეს, გაერთიანებული სამეფოს სანქციების დირექტორს, კუმარ აიერს, აშშ-ისა და ევროკავშირის წარმომადგენლებს „სადახლოს“ საბაჟო-გამშვებ პუნქტზე შეხვდნენ.
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა საერთაშორისო სანქციების აღსრულების მხარდაჭერის კუთხით საქართველოს, შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირს შორის არსებული პარტნიორული ურთიერთობები განიხილეს და მომავალი თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
„შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის წარმომადგენლებმა გამოხატეს კმაყოფილება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის მიერ სანქციების თავის არიდებაზე ფოკუსირებული საბაჟო კონტროლის ღონისძიებების მიმართ.
სამუშაო შეხვედრისას შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებმა მაღალი რანგის დელეგაციის წევრებს ადგილზე გააცნეს ინფორმაცია საბაჟო ფორმალობებისა და რისკის პროფილების შესახებ, რომელთა საფუძველზეც ოპერატიულად იდენტიფიცირდება და კონტროლდება როგორც სანქცირებული ფიზიკური პირების/კომპანიების დანიშნულებით მიმავალი, ასევე სანქცირებული ფიზიკური პირებიდან/კომპანიებიდან მომავალი სანქცირებული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გადაადგილება (ტრანზიტის, ექსპორტისა და რეექსპორტის პროცედურები)“, – ნათქვამია შემოსავლების სამსახურის ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, დელეგაციის წევრები ასევე გაეცნენ საბაჟო-სასაზღვრო ინფრასტრუქტურას და ტვირთების დათვალიერებისთვის განკუთვნილ რენტგენოინსპექტირების სისტემას.