აქტუალური
საქსტატის მონაცემებით, 2022 წელს, წინა წელთან შედარებით, სიკვდილიანობა 18 პროცენტით შემცირდა

 საქართველო, 30 ივნისი, საქინფორმი. 2022 წელს საქართველოში ყველაზე მეტი ადამიანის გარდაცვალების მიზეზი სისხლის მიმოქცევის სისტემის დაავადებები და სიმსივნეები გახდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2022 წელს საქართველოში 49 118 ადამიანი გარდაიცვალა, რაც 10 788 ერთეულით, ანუ 18.0 პროცენტით ნაკლებია 2021 წლის მაჩვენებელზე.

გარდაცვალების მიზეზებს შორის ჭარბობს სისხლის მიმოქცევის სისტემის დაავადებები და სიმსივნეები, რომლებზეც მოდის გარდაცვლილთა, შესაბამისად, 35.9 პროცენტი და 9.2 პროცენტი.

საქსტატის ანგარიშის მიხედვით, გარდაცვლილთა რაოდენობის პროცენტული განაწილება გარდაცვალების მიზეზების ძირითადი კლასების მიხედვით განსხვავებულია სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფებისათვის. ხუთ წლამდე ასაკის გარდაცვლილ ბავშვებში დომინირებს პერინატალურ პერიოდში აღმოცენებული დარღვევები. 5-39 წლის ასაკში ჭარბობს ტრავმები, მოწამვლები და გარეგანი მიზეზების ზემოქმედების სხვადასხვა შედეგები, რადგან აღნიშნული ასაკობრივი ჯგუფისათვის შედარებით მაღალია უბედური შემთხვევების ალბათობა, ხოლო 40 წლისა და უფროსი ასაკის მოსახლეობაში გარდაცვალების მიზეზებს შორის 2022 წელს დომინირებს სისხლის მიმოქცევის სისტემის ავადმყოფობები და სიმსივნეები.