პოლიტიკა
საქართველო ირჩევს რუსეთს და თავის მომავალს - „რია ნოვოსტი“

 საქართველო, 30 ივნისი, საქინფორმი. რუსული სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზე მორიგ სტატიას აქვეყნებს სათაურით - „საქართველო ირჩევს რუსეთს და თავის მომავალს“.

სტატიის ავტორი, კერძოდ, მიუთითებს სტატისტიკაზე, რომლის მიხედვითაც, 2023 წლის პირველ კვარტალში საქართველომ 275%-ით გაზარდა თხევადი ბუნებრივი აირის შესყიდვები რუსეთში. რუსეთიდან საქონლის მთლიანმა იმპორტმა, სტატისტიკის მიხედვით, 467 მილიონ დოლარს (+48%) გადააჭარბა.

„რია ნოვოსტი“ აღნიშნავს, რომ საქართველომ „კატეგორიული უარი თქვა რუსეთის წინააღმდეგ რაიმე ეკონომიკური სანქციების დაწესებაზე“.

„ამან გამოიწვია მნიშვნელოვანი პოლიტიკური სკანდალი, რომლის დროსაც კიევმა პირდაპირ დაადანაშაულა თბილისი ღალატში: ამბობენ, ჩვენ ღიად ვიბრძოდით და მხარს გიჭერდით 2008 წელს“ - ნათქვამია სტატიაში.

რუსული გამოცემა აღნიშნავს, რომ საქართველოს პარლამენტმა "ფაქტობრივად უგულებელყო პრეზიდენტ ზურაბიშვილის ყველა რუსოფობიური თავდასხმა და არც კი შეუშალა ხელი პირდაპირი ფრენების აღდგენას, რომელიც ვლადიმერ პუტინის პირადი ინიციატივით დაიწყო".

სტატიის მიხედვით, თბილისის მერმა, კახა კალაძემ, რომელიც კიევის დინამოში „ერთ წელზე მეტი“ თამაშობდა, თქვა, რომ „მოქალაქეთა ინტერესებიდან გამოდის“.

სტატიის ავტორი არ გამორიცხავს, რომ რუსეთი და საქართველო ასევე ითანამშრომლებენ სახელმწიფოთაშორის პროექტებზე, ახსენებს სარკინიგზო პროექტს, რომელსაც შეუძლია რუსეთი, ირანის გავლით, ინდოეთთან დააკავშიროს.

„მოსკოვსა და თბილისს შორის ძალიან ორაზროვანი ურთიერთობების გათვალისწინებით, მით უფრო სასიამოვნოა დაკვირვება: თუ მეგობრობას არა, ჯანსაღ პრაგმატიზმს ბევრად მეტი სარგებელი მოაქვს, ვიდრე სუიციდურ გადახტომებს სანქციების ორმოში და სავაჭრო ურთიერთობების გაწყვეტას. თითქოსფა, რა შუაშია აქ ევროკავშირი“, - ნათქვამია სტატიაში.