გასულ კვირას „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერები კახა კუკავა და გიორგი ცანავა რუსეთში იმყოფებოდნენ. როგორც მათ დღევანდელ ბრიფინგზე განმარტეს, ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე რუსულ-ქართული ურთიერთობები და თემატიკის ფარგლებში ქართული პროდუქციის რუსეთის ბაზარზე ექსპორტირების საკითხი განიხილეს.
პარტიის ლიდერები რუსეთში ქვეყნის მთავარ სანიტარ გენადი ონიშჩენკოს შეხვდნენ. როგორც კუკავა აღნიშნავს, შეხვედრა განსაკუთრებით კონსტრუქციულ ატმოსფეროში მიმდინარეობდა და ბატონმა ონიშჩენკომ არაერთხელ გაუსვა ხაზი რუსულ-ქართული ურთიერთობების აღდგენის მნიშვნელობას.„შეხვედრაზე გადაწყდა, რომ დაიწყება ქართული პროდუქციის რუსულ ბაზარზე დაბრუნებისათვის აუცილებელი როგორც სამართლებრივი, ისე ტექნიკური პროცედურების შეთანხმება. ამ მიზნით უახლოეს პერიოდში გაიმართება სპეციალური შეხვედრა ქართველი მეწარმეებისა და ექსპერტების მონაწილეობით. ჩვენ მივმართავთ ამ სფეროში მომუშავე მეწარმეებსა და ექსპერტებს, მოგვაწოდონ თავიანთი მოსაზრებები ამ საკითხთან დაკავშირებით. იმედს გამოვთქვამთ, რომ უახლოეს მომავალში გადაიდგმება პრაქტიკული ნაბიჯები და 2011 წლის დასრულებამდე ქართული ნაწარმი დაბრუნდება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის მქონე რუსეთის ბაზარზე“, – განაცხადა კუკავამ.
გიორგი ცანავას თქმით კი, „სამწუხაროა, რომ რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების დარეგულირების მთავარ ბარიერს დღეს უკვე არა რუსული, არამედ ქართული ხელისუფლება წარმოადგენს. „მოვუწოდებთ სააკაშვილის რეჟიმს, რადგანაც ამ მიმართულებით წლების განმავლობაში პოზიტიური ვერაფერი გააკეთეს ქართველი გლეხებისა და მეწარმეებისთვის, ამჯერად ხელს ნუ შეუშლიან ჩვენს წამოწყებას, რითაც მოგებული დარჩება მთლიანად ქვეყანა და არა რომელიმე მხარე“, – აღნიშნა ცანავამ.