როგორც საქინფორმის სპეციალური კორესპონდენტი სამეგრელოში ზუგდიდიდან იუწყება, გალის რაიონის მკვიდრი მალხაზ არქანია სამართალდამცველებმა ენგურის ხიდზე 2011 წლის 5 თებერვალს დააკავეს. მას ბრალად დიდი ოდენობის ნარკოტიკების შენახვა-მოხმარება წაუყენეს. ზუგდიდის სასამართლომ არქანიას 7-წლიანი პატიმრობა შეუფარდა. არქანიას ოჯახი აბსოლუტურად განსხვავებულ ისტორიას ჰყვება და პატიმრის წამების საშინელ დეტალებზე ამახვილებს ყურადღებას. ოჯახი არქანიას დახმარებას 3 თვეა, ცდილობს. უშედეგო მცდელობების შემდეგ გალში მცხოვრებმა არქანიებმა დახმარებისთვის სახალხო დამცველის აპარატს მიმართეს.
სახალხო დამცველის რწმუნებულმა მალხაზ არქანია 22 ივნისს გლდანის მერვე საპყრობილეში მოინახულა. პატიმარი მას საზარელ ისტორიას უყვება და ახსნა-განმარტებით ბარათს წერს. თაბახის ექვს გვერდზე მალხაზ არქანია ჰყვება, როგორ აწამებდნენ ზუგდიდის ციხეში, როგორ დააწერინეს ყალბი ჩვენება. არქანიას სამართალდამცველები წაყენებული დანაშაულის აღიარებას და ტერორისტულ აქტებში მონაწილეობის აღიარებას ურჩევდნენ. წინააღმდეგ შემთხვევაში გაუპატიურებითა და კადრების ინტერნეტით გავრცელებით აშინებდნენ. მალხაზ არქანიას ეკლესიურ, წესიერ და მშრომელ პიროვნებად ახასიათებენ. როგორც მისი და ნინო არქანია ამბობს „არათუ ნარკოტიკს, არამედ სიგარეტსაც კი არ ეკარებოდა“. დაკავების დღესაც არქანია ზუგდიდში ახლახან გარდაცვლილი მშობლების საფლავის ქვის წასაღებად გადადიოდა.სახალხო დამცველის რწმუნებულმა მალხაზ არქანია 22 ივნისის შემდეგაც მოინახულა, თუმცა ამ დროს პატიმარი უკვე დაშინებული იყო და სახალხო დამცველის წარმომადგენელს ახსნა-განმარტებაზე რეაგირების დროებით შეჩერება, ასევე 22 ივნისს მიცემული ახსნა-განმარტების ქსეროასლის გაკეთება და დოკუმენტის მისი მხარისთვის გადაცემა სთხოვა. დაკავებულის დამ ნინო არქანიამ კი მისი ძმის მიერ 22 ივნისს გლდანის საპყრობილეში სახალხო დამცველის წარმომადგენლისთვის მიცემული ახსნა-განმარტებითი ბარათის შინაარსის გამოქვეყნება „საქინფორმს“ სთხოვა. გთავაზობთ შეთითხნილი საქმის მსხვერპლის, 32 წლის პატიმარ მალხაზ არქანიას სკანდალურ წერილს:
„მოგახსენებთ რომ 2011 წლის 5 თებერვალს დამაკავა შსს-ის ზუგდიდის სამმართველოს უფროსმა რუსლან შომახიამ, სხვა თანამშრომლებთან ერთად, რომელთა სახელი და გვარი არ ვიცი. ჩემი დაკავება ენგურის ხიდთან მოხდა, როდესაც მე გალის რაიონიდან გადმოვდიოდი. დაკავებისას „ჰიუნდაის“ მარკის „ჯიპში“ ჩამსვეს, ჩემთვის გაურკვეველ ადგილას წამიყვანეს, სადაც ჩაის ბუჩქები იყო. მგზავრობისას თავზე რაღაც მქონდა გადაფარებული, კერძოდ, შავი ნაჭერი.
მანქანიდან გადამიყვანეს და შოთიკო სადუნიშვილის ჩვენება მაჩვენეს, სადაც ეწერა, რომ ვითომდა მე თემურ არქანიასთან, მამუკა არქანიასთან, დენის ქიშმარიასა და ავთო კაკალიასთან ერთად ვმონაწილეობდი 2008 წლიდან 2010 წლამდე მომხდარ აფეთქებებში. აღნიშნულზე უარი განვაცხადე, რის გამოც ჩემ მიმართ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა განხორციელდა. კერძოდ, მაგინებდნენ უშვერი სიტყვებით, მაფურთხებდნენ სახეში, მემუქრებოდნენ იარაღის დამიზნებით. ისინი მირტყამდნენ რკინის ხელკეტით ზურგისა და ფეხების არეში. ჩემზე ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა განხორციელდა დაახლოებით 30-40 წუთის განმავლობაში.
შემდეგ წამომიყვანეს, იქვე ჩამიტარეს ჩხრეკა, რა დროსაც ჩემგან ამოღებულ იქნა 1 500 ლარი, ორი მობილური ტელეფონი, 80 რუსული რუბლი და ორი სიმბარათი. თუმცა ამის გარდა ჩხრეკის ოქმში ჩაწერეს, რომ ჩემგან ამოიღეს ნარკოტიკული ნივთიერება, რომელიც მე არ მქონია და არც მინახავს. იმდენად შეშინებული ვიყავი, რომ აღნიშნულ ოქმს ხელი მოვაწერე.
შემდეგ ქალაქის სამმართველოში მეორე სართულზე ამიყვანეს და დერეფანში ცემა დამიწყეს. ჩემს ცემაში დამკავებელთან ერთად მონაწილეობდა პოლიციის თანამშრომელი თემურ თორია, მეტსახელად „ლოქო“. შემდეგ შემიყვანეს ერთ-ერთ ოთახში, სადაც ცემა და მუქარა გაგრძელდა, თან მაფურთხებდნენ. ძირითადად, მირტყამდნენ თირკმელების არეში, რის შედეგადაც ცუდად გავხდი და გონება დავკარგე.
ამ დროს მათ ძალის გამოყენებით დამალევინეს წყალი, რაშიც, შემდგომ მივხვდი, რომ ნარკოტიკული ნივთიერება იყო გარეული. დაახლოებით ორი საათის შემდეგ ნარკოლოგიურში გადამიყვანეს, სადაც ზემოაღნიშნული წყლის გამო აღმომაჩნდა ნარკოტიკული ნივთიერება, რომელიც ცხოვრებაში არასდროს გამიკეთებია და არც ვიცი, რანაირია.
შემდეგ გადამიყვანეს დროებითი მოთავსების იზოლატორში, სადაც ჩემზე ზეწოლა არ მომხდარა. მესამე დღეს ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შემიფარდა. ზუგდიდის №4 დაწესებულებაში როცა შემიყვანეს, პირმა, რომელიც ჩემს ბადრაგირებას ახორციელებდა, საპყრობილის თანამშრომლებს უთხრა, რომ მე ნარკომანი, მანქანების გადამყვანი და არქანიას ნათესავი ვიყავი.
აღნიშნულის შემდეგ საპყრობილის თანამშრომლებმა ცემა დამიწყეს. ამის შემდეგ ჩემ მიმართ ფიზიკურ შეურაცხყოფას ადგილი არ ჰქონია. თუმცა შემდეგ ჩემს დასაკითხად მოვიდა სამხარეოს უფროსის მოადგილე მეგის ქარდავა, რომელიც მანქანების თაობაზე მეკითხებოდა, რომლებსაც ვყიდულობდი და ვყიდდი; ასევე, ნარკოტიკულ ნივთიერებაზე, რომელიც ვითომდა ჩემი „ნასკიდან“ იქნა ამოღებული. ამ შეკითხვებს თავი დაანება და დამიწყო კითხვა, ვიცნობდი თუ არა ვინმე ზვიად არქანიას, რომელიც მისგან გავიგე, რომ არის ძებნილი. მას ვუთხარი, რომ მე არ ვიცნობდი, რის გამოც ერთი დღით კარცერში მომათავსეს.
მეორე დღეს კარცერში ცემა და გინება დამიწყეს, თან მეკითხებოდნენ – აზრზე მოხვედიო?! ამის შემდეგ საკანში ამიყვანეს, გასული იყო სადღაც 30 წუთი, ისევ შემოცვივდნენ და ცემა-ცემით ისევ კარცერში ჩამიყვანეს, ხოლო ორი საათის მერე ისევ ცემით შემიყვანეს სხვა საკანში. აღნიშნული ფაქტის შემდეგ ჩემ მიმართ ზუგდიდის №4 საპყრობილეში ცემის ფაქტს ადგილი აღარ ჰქონია.
2011 წლის 19 მაისს ჩემთვის გაურკვეველი მიზეზით გადმომიყვანეს №8 საპყრობილეში, სადაც ამჟამად ვიმყოფები. აქ შემოყვანიდან მეორე დღეს დირექტორის კაბინეტში ამიყვანეს, სადაც დამხვდა მეგის ქარდავა, რომელმაც მითხრა, რომ დამეწერა აღიარებითი ჩვენება ზუგდიდში მომხდარ ტერორისტულ აქტებთან დაკავშირებით. მე განვუმარტე, რომ აღნიშნულ დანაშაულებთან არანაირი შეხება არ მქონია, რაზეც მან უთხრა ჩემთვის უცნობ ორ პირს, რომ ჩავეყვანე კარანტინში.
ჩაყვანის დროს ისინი მირტყამდნენ. მიმიყვანეს ერთ-ერთი საკნის კართან და შემახედეს სათვალთვალოში, სადაც დავინახე, როგორ აუპატიურებდა მამაკაცი მამაკაცს. თან მეუბნებოდნენ, რომ კარგად მეყურებინა და დამემახსოვრებინა. მეუბნებოდნენ, რომ თუ არ დავწერდი აღიარებით ჩვენებას, მეც იმავე მდგომარეობაში აღმოვჩნდებოდი.
ამის შემდეგ მომცეს ფურცელი და პასტა, მითხრეს, დამეწერა აღიარებითი ჩვენება თავის გადასარჩენად. ჩვენებაში დავწერე სხვადასხვა დროს ტელევიზიაში გასული აფეთქების შესახებ და მივუთითე, რომ აღნიშნულში მონაწილეობა მქონდა მიღებული.
ეს ნაწერი მეგის ქარდავას აუტანეს და ცოტა ხნის მერე მეც ამიყვანეს. შეყვანისას მეგის ქარდავა ჩემს ნაწერს კითხულობდა და მითხრა, რომ ეს არ იყო ის ჩვენება, რომელიც მას სჭირდებოდა და მითხრა, რომ შემეჭამა ის ნაწერი. ვინც მეგისს ახლდა, ძალით შემაჭამა ის ქაღალდი. მერე უთხრა, რომ ისევ ჩავეყვანე ქვემოთ და თან დააყოლა – „მოტყ..., მაგის დედა ვატირე!“
ჩამიყვანეს ქვემოთ, შემაგდეს კარანტინში და კარები დახურეს. ამის შემდეგ იღება ტუალეტის კარი და გამოდის ორი ნიღბიანი მამაკაცი. ისინი მეცნენ, რომ ჩამეხადა შარვალი, მაგრამ მე წინააღმდეგობა გავუწიე. ერთი ეუბნება მეორეს – „წესიერად დამიკავე ეს ნაბიჭვ... უნდა მოვტყ...“.
უცებ გაიღო „კარმუშკა“, საიდანაც იყურებოდა ორი პირი, ვინც მეგის ქარდავას ახლდა და ფოტოების გადაღება დაიწყეს. ამ დროს საკანში დამაგდეს იატაკზე, შარვალჩახდილი, და ერთი მეორეს ეუბნებოდა – „ჯერ პირში მივც... და მოვტყ...“
მე ბეტონზე თავს ვურტყამდი. ამ დროს შემოვიდა გარეთ მყოფი ის ორი პირი; ერთ-ერთმა თავზე ფეხი დამადო, რომ არ ამეწია. ამ დროს უკვე ვიყავი შებოჭილი. მეორე პირმა მომადო თავის სასქესო ორგანო და გადამიღეს სურათი. შემდეგ შემეშვნენ. მითხრეს, რომ თუ არ მივცემდი აღიარებით ჩვენებას, ისინი მართლა გამაუპატიურებდნენ და ზემოაღნიშნულ სურათებს ინტერნეტში დადებდნენ. გაუპატიურებისა და ცემის შიშით დამაწერინეს მათთვის სასურველი აღიარებითი ჩვენება, მოწმის სახით.
კითხვაზე გიპასუხებთ, რომ აღიარებითი ჩვენების დროს ჩემ მიმართ ფიზიკურ ზეწოლას ადგილი არ ჰქონია. თუმცა, როცა გამომძიებელი ლაშა ყოლბაია მოვიდა, მე მოვითხოვე, ჩემს დაკითხვას დასწრებოდა ჩემი ადვოკატი. აღნიშნულის უფლება გამომძიებელმა არ მომცა. დაკითხვისას მის ჩამოყალიბებულ ჩვენებაზე მომაწერინეს ხელი. შუაღამისას დაახლოებით 4-5-ჯერ გადამიყვანეს სამკურნალო დაწესებულებაში, სადაც მამუკა არქანია და შოთიკო სადუნიშვილი იმყოფებოდნენ.
კითხვაზე გიპასუხებთ, რომ მამუკა და შოთიკო გავიცანი ერთ დღეს, 2010 წლის აგვისტოს დასაწყისში. ისინი ჩემმა ნაცნობმა თემურ არქანიამ გამაცნო. მათთან შეხება 2010 წლამდე არ მქონია და, შესაბამისად, ვერ მივიღებდი მონაწილეობას ტერორისტულ აქტებში.
კითხვაზე გიპასუხებთ, რომ სამკურნალო დაწესებულებაში დამაპირისპირეს ზემოაღნიშნულ პირებს – შოთიკო სადუნიშვილსა და მამუკა არქანიას. სადუნიშვილი ამტკიცებდა, რომ მე, თემურ არქანია, დენის ქიშმარია, ავთო კაკალია და მამუკა არქანია ვითომ ვგეგმავდით აფეთქებებში მონაწილეობას.
გთხოვთ, თქვენი კომპეტენციის ფარგლებში მოახდინოთ შესაბამისი რეაგირება. ასევე, გთხოვთ, ზემოაღნიშნული ახსნა-განმარტების ასლი გადასცეთ ჩემს ადვოკატს, ლექსო არქანიას. ასევე, გთხოვთ, მომაქციოთ ყურადღება, ვინაიდან ჩემს სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. ახსნა-განმარტება დაწერილია ჩემი ხელით, სწორია და ვაწერ ხელს.
22 ივნისი, 2011 წელი, მალხაზ არქანია“.