პოლიტიკა
პრეზიდენტმა საარჩევნო კოდექსში ცვლილებებს ვეტო დაადო

 საქართველო, 28 ივნისი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ვეტო დაადო საარჩევნო კოდექსში მიღებულ ცვლილებებს, რომლითაც ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევის პროცედურა იცვლება. პრეზიდენტმა შეშფოთება გამოხატა ცვლილებების თაობაზე და განაცხადა, რომ „100 ხმის ნაცვლად, თავმჯდომარისა და წევრების 76 ხმით არჩევა აუქმებს კონსენსუსზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღების საჭიროებას და ზრდის პოლარიზაციის რისკს“.

პარლამენტის მიერ მიღებული ცვლილებებით, პრეზიდენტს კანდიდატების შერჩევის უფლება ერთმევა და სანაცვლოდ, კანდიდატთა შერჩევა და წარდგენა მოხდება პარლამენტის თავმჯდომარის მიერ, არჩევა კი, პარლამენტის უბრალო უმრავლესობით, რაც ერთპარტიული გადაწყვეტილების მიღებას ნიშნავს.

პრეზიდენტი პარლამენტს სთავაზობს, რომ ცესკოს თავმჯდომარე და წევრები არჩეული იქნენ არანაკლებ 90 ხმით, როგორც ეს სახალხო დამცველის შემთხვევაში მოხდა. ეს აუცილებელია არჩევნებისა და საარჩევნო ადმინისტრაციისადმი ნდობის შესანარჩუნებლად და გასამყარებლად“.