პუბლიკაციები
NATOხტარის სასაკლაო და „Failed president of Georgia“

asavalსაქინფორმის მთავარი რედაქტორი არნო ხიდირბეგიშვილი ასავალ-დასავალთან საუბარში მკითხველის ყურადღებას მიაპყრობს იმ უაღრესად მნიშვნელოვან პრობლემებს, რომელთა არცოდნაც საზოგადოების პოლიტიკური სიბეცის მიზეზი შეიძლება გახდეს. 

ბატონო არნო, გთხოვთ, შეაფასოთ 26 მაისის შემდგომი პერიოდი, რადგანელისუფლების მიერ მოწყობილი სისხლიანი სასაკლაოს შემდეგ ჩვენი შეხვედრა არ შემდგარა...

– ჩვენ ბოლოს „ასავალ-დასავალის“ მკითხველს 22 მაისს ვესაუბრეთ, მას შემდეგ კი საქართველოში მართლაც მოხდა ბევრი ისეთი მოვლენა, რომლებიც მეტად სავალალო შედეგებს მოგვიტანს და რომელთაც კიდევ ერთხელ ნათელყო, რომ არშემდგარი ქვეყანა („Failed state“) საქართველო კი არ არის, არამედ უშუალოდ საქართველოს ჰყავს არშემდგარი პრეზიდენტი („Failed president“)! უკანასკნელი 7 წლის განმავლობაში თითქმის ყველა ჩემს პუბლიკაციაში ფიგურირებს ეს ფანტომასადქცეული მმართველი, რომლის ტელეეკრანზე გამოჩენისას მე უკვე ზუსტად ვიცი, რომელ „გენიალურ აღმოჩენას“ გაახმიანებს მისი საინფორმაციო ღრუ.

ისიც ფაქტია, რომ განვლილ პერიოდში მე ყოველთვის ვცდილობდი, მეპოვა პრეზიდენტის არსებაში დადებითი შტრიხებიც, რათა ერთგვარად შემერიგებინა ეს უაღრესად ტრაგიკომიკური პიროვნება საკუთარ ხალხთან, მაგრამ ამაოდ... როგორც კი სააკაშვილის ქცევაში რაიმე ადამიანურის ძებნას ვიწყებდი, ის უმალ წარმოჩნდებოდა მორიგი არაადამიანური ქმედებით და იძულებულს მხდიდა, გამეკეთებინა ფრიად სამწუხარო დასკვნა: მიშა არ არის ადამიანი, ის მისტიკური და მარტოხელა შურისმაძიებელია, ერთგვარი ფანტომასი თავისი აურაცხელი ფობიითა და ილუზიით. ისე კი, ჯობს, შევეშვათ სააკაშვილზე საუბარს – ჩვენ, ძირძველი თბილისელები, წაქცეულებს არ ვურტყამთ!

კი მაგრამ, თქვენმა წაქცეულმა თუ მწოლიარემ 26 მაისს ასფალტზე წვიმასა და სისხლში მიმოფანტა თბილისელებიც და არათბილისელებიც... 

– განა ეს არ არის კიდევ ერთი დასტური ჩემეული შეფასების? კაცი 7 წელია, პრეზიდენტია და ვერ გასცდა აჩემებულ ფორმულირებას, რომელსაც მექანიკურ თოჯინასავით იმეორებს: შევარდნაძე ცუდია, მე კარგი! რუსეთი ცუდია, მე კარგი! ამის კვალდაკვალ ცუდები ხდებიან გერმანია, იტალია, ისრაელი, საფრანგეთი, ვინაიდან ფანტომასის მსოფლგაგება პრიმიტიულ სტერეოტიპს ეფუძნება – ვინც არ არის სააკაშვილის მსახური, უბრალოდ, მისი მტერია და მეტი არაფერი!

სამაგიეროდ, საქართველო ალაგებს ურთიერთობებს აღმოსავლეთის ქვეყნებთან არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან, თურქეთსა და ირანთან, ამ ორ უკანასკნელთან მოქმედებს უვიზო რეჟიმი...

– ესეც ამერიკული სპეცსამსახურების პირდაპირი მითითებით მოხდა. აშშ და ირანი მტრები არიან, ამიტომაც ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო ცდილობს, საქართველოს გავლით მოახდინოს ირანში „კმარას“ ტიპის აქტივისტთა და ფინანსების ტრანზიტი იქაური ოპოზიციის მხარდასაჭერად და სახელმწიფო ჩინოვნიკთა მოსასყიდად, როგორც ეს ერთხელ უკვე იწვნია საქართველომ 2003 წელს. დიახ, ამერიკას სურს, ირანშიც დარგოს ვარდების რევოლუცია და ჩამოაგდოს მისთვის ეგზომ არასასურველი ახმადინეჯადი, და თუ ეს ყველაფერი „ვარდების დარგვით“ არ მიიღწევა, მაშინ ამოქმედდება ლიბიური სცენარი – ფრთოსანი რაკეტებით...

რაც შეეხება 26 მაისს, იმ ღამით ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკვე მერამდენედ გაწირა სააკაშვილი, რათა საკუთარი ხალხის სისხლით ხელებგათხვრილი პრეზიდენტისათვის მორიგი აუქციონი მოეწყო: ან აძლევ ხმას რუსეთის გაწევრებას მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში, ისევე, როგორც აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლად ცნობას, ან არადა, ემშვიდობები შენთვის ეგზომ ძვირფას საპრეზიდენტო ტახტრევანს. დიახ, ზუსტად ამის გამო აშშ ჯერჯერობით (ხაზს ვუსვამ ჯერჯერობით) არ ითხოვს სააკაშვილის პასუხისგებაში მიცემას და არც რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნას (როგორც ეს 2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენების შემდეგ მოხდა).

კი მაგრამ, სააკაშვილი მოაწერს ხელს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას?

– განა სააკაშვილმა მედვედევ-სარკოზის შეთანხმების ფარგლებში უკვე არ გადადგა ეს ნაბიჯი?! თქვენც შეამჩნევდით, რომ საქართველოს ხელისუფლება უკვე აღარც კი სთხოვს რუსეთს ოკუპირებული ტერიტორიებიდან ჯარის გაყვანას მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა სარკომ და საქართველოში საფრანგეთის ელჩმა ფურნიემ სახალხოდ შეახსენეს სააკაშვილს ზემოხსენებული შეთანხმების შინაარსი და, იმავე დროს, ცხვირწინ აუფრიალეს ტალიავინის დასკვნის ძირითადი პუნქტები!

პროცესი, როგორც გორბაჩოვი იტყოდა, „წავიდა!“ ასე რომ, ქართველი ექსპერტის ამასწინანდელი განცხადება – საქართველომ აფხაზეთის დამოუკიდებლობა უნდა ცნოსო – არის საცდელი ნაბიჯი, რომელიც ხელისუფლებამ სპეციალურად გადადგა საზოგადოებრივი აზრის შესასწავლად და იმავე საზოგადოების შესამზადებლად უკვე მიმდინარე წლის ბოლოსათვის აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის ოფიციალური აღიარებისათვის! ამის არაპირდაპირი დასტურია საქართველოს საგარეო უწყების 27 ივნისის ნოტაც, რომელშიც ლაპარაკია ქართული მხარის მზადყოფნაზე რუსეთის ფედერაციასთან დიალოგის საწარმოებლად და 22 ივლისისათვის კიევში დაგეგმილი შეხვედრა საქართველოსა და რუსეთის პატრიარქებისა.

გვახსოვდეს: სააკაშვილი არ არის იდიოტი, რომ მას სიამოვნებას ჰგვრიდეს, უმწეო ფინიასავით „უყეფოს“ 142-მილიონიან რუსეთს! მაგრამ მას პერიოდულად ურეკავენ ვაშინგტონიდან მაკ-კეინ-ლუგარ-გეიტსები და აშანტაჟებენ: რაღაც ზედმეტი სიმშვიდე და არხეინობაა საქართველოში... რატომ შეწყდა ოკუპანტების მისამართით მორიგი ბრალდებები და კრემლის ჯაშუშთა გეგმური დაპატიმრებები? ხომ არ მოგბეზრებია პრეზიდენტობა ან, იქნებ, ჩვენი დაფინანსება ამოგივიდა ყელში?! მართლაც ხომ არ გსურს დემოკრატიის მშენებლობა საქართველოში, თუ სტრასბურგის ან ჰააგის ნოსტალგია მოგეძალა?! და სააკაშვილიც – „Failed president of Georgia“ – აკეთებს ყველაფერს, რასაც უბრძანებენ და აკეთებს ყველაზე უკეთ! ამიტომაც გახლავთ იგი დღემდე ამერიკის შეერთებული შტატების უალტერნატივო ნაცვალი საქართველოში, თუნდაც სააკაშვილი – ოდიოზური ფანტომასი და არა ალასანია ან თარგამაძე, შედარებითი ადეკვატურობითა და რესპექტაბელურობით. მაგრამ იმ დღეს, როცა მიშა წაუყრუებს ვაშინგტონელ „ქორებს“ და გადადგამს თუნდაც ერთ ნაბიჯს საქართველოს სასიკეთოდ, მის ლიკვიდაციას „ЦРУ“ მოახდენს და ამას „ГРУ“-ს დააბრალებს!

ბატონო არნო, გამოდის, რომ, ერთი მხრივ, აშშ ავალდებულებს საკაშვილს, განახორციელოს გადატვირთვის ოპერაცია როგორც აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის ცნობით, ის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთში მიღებით, ხოლო, მეორე მხრივ, გეშავს იმავე საქართველოს პრეზიდენტს რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ...

– ყოველივე მეტად მარტივია:

1. ამერიკას სჭირდება მუდმივი ქაოსი კავკასიაში, რათა შეინარჩუნოს ამ რეგიონში დისლოკაციის მუდმივი სტატუსი. ამისათვის მისთვის ხელსაყრელია ახალი ომი ყარაბაღში, ჩრდილოეთ კავკასიაში ტერორისტების არსებობა და, ზოგადად, არასტაბილურობა რუსეთის სამხრეთში, რათა ხელი შეეშალოს პუტინს 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში და ჩაიშალოს 2014 წლის ოლიმპიური თამაშები. ამ მიზნის მისაღწევად ამერიკა კვლავ და კვლავ უნდა დარჩეს საქართველოში, რომელსაც, გეოსტრატეგიული მდებარეობიდან გამომდინარე, ერგო ერთდროულად პლაცდარმისა და საკომანდო პუნქტის სტატუსი. ამიტომაც ეჯაჯგურებიან სააკაშვილს, გამუდმებით გააღიზიანოს „რუსული დათვი“ ხან ჩერქეზთა გენოციდით, ხან – ჩრდილოკავკასიური ბანდდაჯგუფებებით, რისთვისაც შემოღებულ იქნა რუსეთის ფედერაციის ჩრდილო კავკასიის ფედერალური ოლქის მცხოვრებთათვის საქართველოსთან უვიზო მიმოსვლა, რამაც რეალურად გაამარტივა დივერსანტების გადაადგილება საქართველოდან ჩრდილოეთ კავკასიაში და პირიქით (გაიხსენეთ ირანთან უვიზო მიმოსვლა, რის შესახებაც ჩვენ ცოტა ხნის წინათ ვსაუბრობდით). ფაქტია – ამ საქმისათვის აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საჭირო არ არის, რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში მიღება და „გადატვირთვის“ პოლიტიკა კი წარმოადგენს ობამას წინასაარჩევნო პოლიტიკის ნაწილს, რომელსაც ეწინააღმდეგებიან ზემოხსენებული „ქორები“ და თვით სახელმწიფო მდივანი კლინტონიც კი.

2. რუსეთის ფედერაციას სჭირდება მშვიდობა და სტაბილურობა მთელ კავკასიაში – მისი სტრატეგიული ინტერესების ზონაში, რომელიც თავისუფალი იქნება ნატოს სტრატეგიული ინფრასტრუქტურის ელემენტებისაგან, ამის მიღწევა კი შეუძლებელია აღნიშნული რეგიონიდან აშშ-ის გამოდევნის გარეშე. ამიტომაც რუსეთი დაინტერესებულია ჩრდილოეთ კავკასიის სტაბილურობით, ყარაბაღის პრობლემის მშვიდობიანი გადაწყვეტითა და საქართველოსთან კეთილმეზობლური ურთიერთობების აღდგენით.

3. ქართველ ხალხს სურს მშვიდობა და კეთილდღეობა საკუთარ სახლში, კერძოდ, კავკასიაში. ანუ ქართველ და რუს ხალხებს სურთ ერთი და იგივე. აი მთელი ეს სიბრძნე სიცრუისა.

– კი მაგრამ, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი სამუდამოდ უნდა დავივიწყოთ?

– გაგიმხელთ „საშინელ საიდუმლოს“ – ფორმულას, როგორ დავაბრუნოთ აფხაზები და ოსები მოძმე ხალხთა ერთიან ოჯახში: საქართველო + რუსეთი = ერთიანი საქართველო (აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან ერთად), ანუ საქართველოს შეერთება რუსეთთან თავისთავად გამოიწვევს საქართველოს შეერთებას აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან! განა რთული ფორმულაა? განა საქართველოს მოსახლეობის უმეტესი ნაწილი არ ოცნებობს ადრინდელი ძმობის აღორძინებაზე რუსეთთან, არ ენატრება უვიზო რეჟიმი, სარფიანი ვაჭრობა და, საერთოდ, რუსები?

რუსულ-ქართული სტრატეგიული, კულტურული, ისტორიული და პოლიტიკური სივრცის აღდგენა – აი, ერთადერთი ხსნა საქართველოსთვის, რის შემდეგაც ჩვენკენ სტაბილურობით მოხიბლული აურაცხელი ევროპული, რუსული და, თუნდაც, ამერიკული ინვესტიცია დაიძვრება!

კონკრეტულად როგორ წარმოგიდგენიათ ეს პროცეს, ვის ხელშია ერთგვარი პოლიტიკური ჯადოს მოხსნის პრივილეგია?

საქართველოს აქვს უკანასკნელი ისტორიული შანსი უახლოეს მომავალში გამოიყენოს პუტინის პრეზიდენტობა საქართველოს გასაერთიანებლად და ასაყვავებლად! ერთადერთი, ვისაც ხელეწიფება, იხსნას ქართველი ხალხი, მისი ისტორია, რელიგია და კულტურა, სწორედ ვლადიმერ ვლადიმერის ძე პუტინია სიტყვისა და საქმის კაცი, თანამედროვეობის ერთ-ერთი უთვალსაჩინოესი მოღვაწე, რომელიც ბრწყინვალედ იცნობს და რომელსაც ჭეშმარიტად უყვარს საქართველო და ქართველები!

და როცა რუსეთის ხელისუფლების სათავეში მოვა პოლიტიკოსი, რომელმაც საბჭოთა კავშირის შესახებ მხოლოდ წიგნებით თუ იცის, ძალიან, ძალიან გვიან იქნება და ე.წ. ნაყოფია-ფიქჩერზის პროდუქცია ვეღარაფერს გვიშველის!

ვგონებ, თქვენ მხედველობაში გაქვთ ჰოლივუდელი რეჟისორის რენი ჰარლინის, გახმაურებული ფილმი აგვისტოს 5 დღე და მის მთავარ პროდიუსერზე ბიზნესმენ კობა ნაყოფიაზე მიუთითებთ...

– დიახ, მხედველობაში მაქვს სირცხვილი, სახელად „აგვისტოს 5 დღე“, რომლის პრემიერაც იმ კინოთეატრ „რუსთაველში“ შედგა, რომელიც წინა დღეებში ერთ დიდ „კონცლაგერად“ იყო ქცეული. და ამის შემდეგ აბსოლუტურად უცნობ სუბიექტს – კობა ნაყოფიას, ჰყოფნის თავხედობა, ტელევიზიით განაცხადოს, რომ ის აფხაზეთიდან დევნილია, ხოლო ვისაც ეს უნიჭო ფილმი არ მოეწონა, „ჩვენი მტერია!“ სიტყვა ჩვენის ხმარებისას კობა ნაყოფია საკუთარ თავს საქართველოსთან აიგივებდა, რომლის სახელითაც ლაპარაკის უფლება მან 20 მილიონ ამერიკულ დოლარად იყიდა!

საინტერესოა, მთლიანობაში რამდენი მილიონი ამერიკული დოლარის მფლობელია ეს „ლტოლვილი“, თუ იგი პრეზიდენტ სააკაშვილის ბრძანებით ასეთი „სიხარულით“ დაემშვიდობა ფილმის საპროდიუსეროდ გათვალისწინებულ 20 „ლიმონს“, რომელიც, უპრიანი იქნებოდა, ისევ და ისევ ასეულობით ათას ლტოლვილს დარიგებოდა?! მაგრამ მე მებრალება უდარდელი კობა, რომელიც იმდენად შეიჭრა როლში, რომ ვეღარ შეამჩნია, როგორ დაუფარა აბსოლუტურად მრგვალი თავით მზე სააკაშვილს. ამიტომაც გახსოვდეთ: მას პერმანენტულად მოწველიან არჩევნებამდე, ხოლო შემდეგ საქართველდან გააქცევენ და ისიც ამჯერად ნამდვილი და სრულუფლებიანი ლტოლვილი გახდება!

კიდევ ერთი ბოლოდროინდელი მოვლენის შესახებ მინდა, გკითხოთ. საქმე ეხება ყოველთა სომეხთა კათოლიკოს გარეგინ მეორ ვიზიტს საქართველოში და საქართველოს საპატრიარქოსთან ხელმოუწერელ კომუნიკეს...

დღეს, როდესაც თავად რომის პაპი ბენედიქტე XVI ურწმუნოებაში სდებს ბრალს დასავლეთს და მოუწოდებს ახალი გზის მოძიებას, ჩვენი პატრიარქი აიძულეს, მიეღო შერონ სტოუნი! რა გრძნობა უნდა დაეუფლოს მრევლს, როდესაც ვხედავთ ჩვენს მწყემსმთავარს, ქართველი ერის სულიერ მამას ცოდვილისა და სატანის გვერდით?! (დიახ, მე მხედველობაში მყავს პატრიარქი, შერონ სტოუნი და შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე თოფურიძე).

წარმოგიდგენიათ, სექსვარსკვლავი სტოუნი, რომელსაც შავი ლიმუზინი რეზიდენციის ეზოში, ლამის მთავარ კარიბჭესთან მიუგორეს, ისე ჩასკუპდა მანქანაში, რომ წესიერად არც კი გამომშვიდობებია 78 წლის პატრიარქს, რომელმაც აკანკალებული ხელით უსახსოვრა მას წმიდათაწმიდა ხატი (გაცილებით უკეთესი იქნებოდა, რომ შერონ სტოუნისათვის ეს ლიმუზინი რუსთაველის თეატრთან მიეყვანათ, როცა ბანკეტიდან გამოსული გალეშილი აქტრისა ბორძიკით დგამდა ნაბიჯებს და ლამის გაიშოტა კიდეც!)!..

აი, სად უნდა ვეძიოთ იმ სკანდალის მიზეზები, რომლითაც დასრულდა ყოველთა სომეხთა კათოლიკოსის ვიზიტი. თუ საქართველოს ხელისფალნი თავად არ სცემენ პატივს საქართველოს პატრიარქს, რაღა უნდა მოსთხოვო ყოველთა სომეხთა კათოლიკოსს, რომელიც მთელი მსოფლიოს სომხობის სულიერი მამაა და პატარა სომხეთის პრეზიდენტზე გაცილებით მაღალი რანგის ფიგურას წარმოადგენს?!

დანარჩენი დეტალები კი, დაე, კომისარმა უფმა გაგაცნოთ, რომელიც რეზო ამაშუკელმა რუსთაველის თეატრში გამართულ პოეზიის საღამოზე ასე წარმოადგინა: „ისტორია იცნობს ვან გოგს, ვან დეიკს, ვან ბეთჰოვენს, ვან კლიბერნს და ვან ბაიბურთს!“ ჰოდა, ჰკითხეთ ამ უკანასკნელს, ამავე დროს, სააკაშვილის მრჩეველს, რა იყო გარეგინ მეორეს საქართველოში ვიზიტის ნამდვილი მიზეზი და სინამდვილეში რატომ არ მოაწერა ხელი კომუნიკეს? დაე, ვან ბაიბურთმა პირდაპირ გვიპასუხოს – ვინ იყო მტყუანი – ილია მეორე თუ გარეგინ მეორე? გვითხრას ისიც, უნდა დაუთმოს თუ არა საქართველომ სომხეთს 6 ეკლესია და დაუშვას სომხური ეპარქიის ოფიციალური იურიდიული სტატუსი? და თუ ამაზე ვანმა არ უპასუხა, ნუ დაუკავშირდებით ვანესა მეის, მე მესტუმრეთ საქინფორმში და ყველაფერს დაწვრილებით მოგიყვებით.

და ბოლო კითხვა: ავღანეთში დაიღუპა კიდევ ერთი ქართველი ჯარისკაცი, მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ ამერიკის პრეზიდენტმა მიიღო გადაწყვეტილება, 2012 წლამდე სრულად გამოიყვანოს იქიდან ამერიკული არმია (ასეთივე გადაწყვეტილება აშშ-ის კვალდაკვალ საფრანგეთმა, ესპანეთმა და სხვა ქვეყნებმაც მიიღეს), საქართველო აპირებს, მომავალი წლისათვის კიდევ ერთი ბატალიონი გაამწესოს ავღანეთში და ამით გააორმაგოს ნატოს ოპერაციებში ჩვენი მონაწილეობა.

– ორიოდე კვირის წინათ მთავრობამ გამოსცა კანონი, რომელიც უკრძალავს მოსახლეობას, ხორცის შემდგომი გაყიდვის მიზნით საშინაო პირობებში დაკლას საქონელი. ექსკლუზივი ამ სფეროში ამჯერად ეკუთვნის მხოლოდ ნატახტარის სასაკლაოს, სადაც მეპატრონემ ცოცხალი საქონელი თავად უნდა მიიყვანოს და ხორციც თავად უნდა მიიღოს. ბუნებრივია, ამან მნიშვნელოვნად გაზარდა ძროხის ხორცის ფასი და საქართველოს მოსახლეობის დიდმა ნაწილმა დაკარგა საქონლის ხორცის ჭამის უფლებაც!

პირდაპირ ვიტყვი:

ჩემთვის უკვე ამაზრზენია იმ ქვეყნის პრეზიდენტის კრიტიკა, სადაც დავიბადე და მოვკვდები, მე არ ვცნობ დემოკრატიას, რომლის დროსაც საქონლის ხორცი 21- საუკუნეში ფუფუნების საგანია, ჩემთვის საძულველია ხელისუფლება, რომელიც შეუძლებელს ხდის, რომ მოქალაქეებმა ასკოფენის გარდა, სხვა მედიკამენტიც იყიდონ.

მე გული მერევა მმართველი პარტიის იმპოტენციაზე, რომელმაც დაჩრდილა თვით საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტია და ახალგაზრდა ქართველებს საზარბაზნე ხორცად NATOხტარის“ სასაკლაოზე აგზავნის!

დიახ, NATOხტარის სასაკლაოზე, შორეულ ავღანეთში, სხვისი ინტერესებისათვის გაჩაღებულ დანაშაულებრივ ომში, მითუმეტეს, მაშინ, როდესაც ეს სხვები თავადვე მოეთრევიან იქიდან!

და ვთქვათ ახლა პირდაპირ და გულახდილად: ამაში დამნაშავე არც ფანტომასია, არც ბასი და არც კონტრაბასი; უფრო მეტიც, ასევე არ არის დამნაშავე ბებერი კომისარი ვანი, ამაში ჩვენ ყველანი ვართ დამნაშავე, მთელი ქართველობა, მინდა მჯეროდეს, რომ ჯერ ისევ ხალხად წოდებული!!!

 

ესაუბრა ნონა ბენდელიანი

www. asavali.ge