საქართველო, 26 ივნისი, საქინფორმი. სამოქალაქო მოძრაობის, „საქართველო უპირველეს ყოვლისა“ ორგანიზებით, პრეზიდენტის სასახლესთან საპროტესტო აქცია გაიმართა, რომელზეც სალომე ზურაბიშვილის გადადგომა მოითხოვეს.
მოძრაობის წევრები აცხადებენ, რომ სალომე ზურაბიშვილი პოლიტიკური შეწყალებების კასკადით ფეხქვეშ თელავს კანონის უზენაესობის პრინციპს, აღვივებს უსამართლობის განცდას და, პოლარიზაციის შემცირების ნაცვლად, ხელს უწყობს ვითარების გამწვავებას.
„საქართველო უპირველეს ყოვლისას“ წევრები აცხადებენ, რომ სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტის თანამდებობა უნდა დატოვოს და რადიკალური ოპოზიციის რიგებში გადაინაცვლოს.
„სალომე ზურაბიშვილი დიდი ხანია, არ წარმოადგენს ქართველ ხალხს და ჩვენი სახელმწიფოს ინტერესებს. ის ემსახურება უცხო ქვეყნის ინტერესებს, ის ემსახურება ამ ქვეყანაში დესტრუქციული ძალების ინტერესებს და ჩვენ მოვედით, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ, რომ ვინც ეს ლეგიტიმაცია მიანიჭა და ვინც ამ სასახლეში შეაბრძანა ქალბატონი სალომე, ის ხალხი ეუბნება, რომ ის აღარ არის ლეგიტიმური პრეზიდენტი. ის არ წარმოადგენს ქართულ საზოგადოებას, ქართველ ხალხს და მოვუწოდებთ, დატოვოს პრეზიდენტის პოსტი და შეუერთდეს დესტრუქციულ ოპოზიციას, სადაც მისი ადგილია. ეს იქნება ამ ხალხის სათქმელი, იმ ხალხის სათქმელი, ვინც დიდი შრომის, რისკის, საკუთარი ჯანმრთელობის, შეურაცხყოფის, ბულინგის ფასად ის გახადა პრეზიდენტი მაშინ, როდესაც წაგებული არჩევნები ამ ხალხმა შემოატრიალა და ეს ქალი შეაბრძანა ამ სასახლეში. იგივე ხალხი ეტყვის მას, რომ ის აღარ არის ლეგიტიმური პრეზიდენტი, ის არ წარმოადგენს სახელმწიფოს ინტერესებს, ბოდიში უნდა მოიხადოს ქართველი ხალხის წინაშე და მან კიდევ ერთხელ უნდა გაიგოს, რომ ქართველი ხალხი არ აპატიებს მას ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებს და პასუხი იქნება ბევრად უფრო მასშტაბური, ბევრად უფრო მკაცრი და სამართლიანი, ვიდრე ეს იქნება დღეს. ის პირდაპირ არის ჩართული დესტრუქციული ოპოზიციის გეგმაში, რომელიც იწერება დიღომში, აშშ-ის საელჩოში და რომელიც იწერება ამ ქვეყნის გარეთ. პირდაპირ არის ერთ-ერთი აღმსრულებელი ამ გეგმის და ერთ-ერთი მონაწილე“, – განაცხადა ვატო შაქარიშვილმა.
როგორც აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, ბუტა რობაქიძის დედამ, ია მეტრეველმა განაცხადა, სალომე ზურაბიშვილის მიერ შეწყალებული ნიკა გვარამია არის ერთ-ერთი მთავარი ფიგურა იმ ბოროტების, რასაც სააკაშვილის რეჟიმი აკეთებდა.
„ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი, რომ ამ ნაბიჯს გადადგამდა. აქ იმაში კი არ არის საქმე, ერთი წელი ჰქონდა დარჩენილი და გამობრძანდებოდა, მანდ იმაშია საქმე, რომ ეს გვარამია არის ერთ-ერთი შემოქმედი იმ ბოროტების, ერთ-ერთი მთავარი ფიგურა იმ რეჟიმის და იმ შემოქმედების, რასაც სააკაშვილის რეჟიმი აკეთებდა. გამოუშვა პიროვნება, რომელმაც მართლაც ამდენი ზარალი მიაყენა ქვეყანასა და ტელევიზიას. ასე მარტივად, ხალხის ნების წინააღმდეგ წავიდა და ასეთი რამ გააკეთა. ძალიან საწყენია და წინა პროტესტი იყო ნამდვილად პრევენციული, რომ არ გაეკეთებინა, თუმცა დაგვაბრალა, მომივარდნენო, თვითონ გაგვიღო კარი და შემდეგ გვითხრა, მომივარდნენო. ნამდვილად არ იყო ასე, ეს იყო მშვიდობიანი პროტესტი და გაფრთხილება, რომ არ გადაედგა ეს ნაბიჯი, თუმცა, სამწუხაროდ, ასე გააკეთა, რაც ჩემთვის ძალიან მტკივნეულია და ძალიან წარმოუდგენელია. ნამდვილად არ ველოდი, რომ ამას იზამდა“, – განაცხადა ია მეტრეველმა.
მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილს მიხეილ სააკაშვილის შეწყალება „არ გამოუვა“.
„არც კანონიერად და არც ხალხი არ დაუშვებს ამას“, – განაცხადა მეტრეველმა.