საზოგადოება
როგორც საქინფორმის კორესპონდენტი სამეგრელოში ზუგდიდიდან გვატყობინებს,
მეცნიერებათა აკადემიისთვის ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის ჩამორთმევის შემდეგ ხუთ წელიწადზე მეტია, უპატრონოდაა მიგდებული. ბაღი გაპარტახებულ-გაჩანაგებულია, ამიტომაც ზუგდიდის საზოგადოებრიობასთან შეხვედრისას მაჟორიტარ დეპუტატს ამ პრობლემის მოგვარება სთხოვეს. „ბოტანიკური ბაღი ყველაზე მტკივნეული საკითხია ჩემთვის. მახსოვს, ბავშვობისას „შატალოზე“ დავდიოდით ამ ბაღში. დღეს კი დანგრეულია. ვიცი, რომ ბაღი უპატრონოდაა მიგდებული და არც საჯარო რეესტრშია გატარებული. ეკონომიკის სამინისტრო კი ამბობს – ჩვენიაო.ეკონომიკის მინისტრების სწრაფად ცვლის გამო მათთან მოლაპარაკებებსაც ვერ ვასწრებთ. ჩემი სურვილია, ბოტანიკური ბაღი და დადიანების მუზეუმი ერთ კომპლექსში გაერთიანდეს და პატრონობდეს კერძო ინვესტორი ან სახელმწიფო დაქვემდებარებაში იყოს“, – აღნიშნა ზუგდიდის მაჟორიტარმა დეპუტატმა ფრიდომ თოდუამ.ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან კონჯარიას განმარტებით კი, ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის პროექტზე ესპანელები მუშაობენ. „ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი მართლაც საშინელ დღეშია, უნიკალური ჯიშის ხეები ხმება. ჩვენ გავუგზავნეთ მოთხოვნა ეკონომიკის სამინისტროს ბაღის ჩვენს დაქვემდებარებაში გადმოცემის შესახებ, მაგრამ არის ბარიერები და თუ ნებას დაგვრთავენ, ბაღს რეესტრში ჩვენ გავატარებთ“, – განაცხადა ლევან კონჯარიამ. წინააღმდეგობების მიუხედავად, იგი დარწმუნებულია, რომ ბოტანიკური ბაღი და დადიანების მუზეუმი ადგილობრივი მმართველობის დაქვემდებარებაში გადავა.
თუმცა ეკონომიკის სამინისტრო ჯიუტად არ თმობს ბაღს. და თუ არ თმობს, რატომ არ უვლის?