აქტუალური
ციხიდან გამოსვლის შემდეგ ნიკა გვარამიამ პირველი კომენტარი გააკეთა

 საქართველო, 26 ივნისი, საქინფორმი. „მთავარი არხის“ დირექტორმა, ნიკა გვარამიამ, რომელიც საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 22 ივნისს საღამოს შეიწყალა, ციხიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებისთვის პირველი კომენტარი გააკეთა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

გვარამიამ განაცხადა, რომ მომავალი წლის თებერვლამდე ან მარტამდე არ ელოდა შეწყალებას და ამიტომ მისი გათავისუფლება მოულოდნელი იყო. „მე ვფიქრობ, რომ მას ეს ჩემთვის ნამდვილად არ გაუკეთებია. მან ეს გააკეთა საკუთარი ქვეყნისთვის, რომლის პრეზიდენტიც არის და ვფიქრობ, რომ ეს მას ღირსებას მატებს ნამდვილად“, – აღნიშნა გვარამიამ.

რაც შეეხება იმ კრიტიკას, რომელიც მის მიერ წარსულში გამოქვეყნებულ ვიდეოებს მოყვა, სადაც იგი პრეზიდენტს უხამსი სიტყვებით მოიხსენიებს, გვარამიამ განაცხადა, რომ „ძალიან დიდი ეჭვი მაქვს, რომ დღეს [ამ ვიდეოებს] გამოიყენებენ; მე არ მომწონს ჩემი თავი ამ ვიდეოებში. საძაგლობაა ქალთან მიმართებით ასე მოქცევა. მე ვწუხვარ ამის გამო და ბოდიშს ვუხდი მას ამის გამო“.

გვარამიას თქმით, შეცდომა იქნება, რომ პრეზიდენტმა სააკაშვილიც „არ გაათავისუფლოს“. მან აღნიშნა, რომ საკითხი სცილდება თემას არის თუ არა სააკაშვილის სასჯელი სამართლიანი, ვინაიდან ეს სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია.   „მან უნდა შეიწყალოს მიხეილ სააკაშვილი, უფრო სწორედ მან უნდა გაათავისუფლოს მიხეილ სააკაშვილი. უნდა გვესმოდეს ყველას, რომ როდესაც ქვეყანაში არსებობს 500 000 მინიმუმ ადამიანი ვინც მიიჩნევს, რომ, და სამართლიანად მიიჩნევს, მათთვის სახელმწიფოებრივობასთან ასოცირებული მთავარი პირი არის მძევალი, ასეთ ვითარებაში ქვეყანაში სიმშვიდე ვერ იქნება, მით უმეტეს ვერანაირი დეპოლარიზაცია“, – განაცხადა გვარამიამ.  

სამომავლო გეგმებზე საუბრისას, გვარამიამ აღნიშნა, რომ პატიმრობაში ყოფნის დროს მას რაიმე კონკრეტული გადაწყვეტილებები არ მიუღია იმაზე, თუ რას გააკეთებს გათავისუფლების შემდეგ. თუმცა, მისი თქმით, იგი მზადაა დაეხმაროს „მთავარს არხს“ გამოვიდეს ფინანსური კრიზისისგან, მაგრამ ტელეკომპანიას „უხელმძღვანელებს ის, ვინც ახლაც ხელმძღვანელობს „მთავარ არხს“, ეს გიორგი გაბუნიაა, მისი დირექტორი“.

მან უარყო ის მოსაზრება, რომ მისი გათავისუფლების გამო საქართველოს ავტომატურად მიანიჭებენ კანდიდატის სტატუსს და ხაზი გაუსვა, რომ „ეს არასწორი განცდა იქნება თუ ასე გვგონია“. გვარამიამ განაცხადა, რომ ციხეში კიდევ ბევრი პოლიტპატიმარია დარჩენილი და „ეს ბიჭები გამოვლენ ციხიდან მაშინ, როდესაც ეს სისტემა დაინგრევა“.