საზოგადოება
ფრიდონ თოდუა: „ძნელი ყოფილა მაჟორიტარობა...“

fridon_toduaროგორც საქინფორმის კორესპონდენტი სამეგრელოში ზუგდიდიდან გვატყობინებს, ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი, საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პირველი ვიცე-პრეზიდენტი, მედიცინის დოქტორი ფრიდონ თოდუა პარლამენტში მაჟორიტარი დეპუტატის პოსტზე სამ წელიწადზე მეტი ხნის მოღვაწეობის შემდეგ საზოგადოება „ზუგდიდელის“ ინიციატივითა და ძალისხმევით ზუგდიდის საზოგადოებრიობის წარმომადგენლებს შეხვდა.

„არცერთ მაჟორიტარ დეპუტატს ზუგდიდში არ გაუკეთებია იმდენი, რამდენიც გააკეთა ფრიდონ თოდუამ“, – განუცხადა დამსწრეთ საზოგადოება „ზუგდიდელის“ თავმჯდომარე ოთარ ფაცაციამ, რომელიც თავად ორჯერ იყო დეპუტატი საქართველოს პარლამენტში ზუგდიდიდან. თუმცა ფრიდონ თოდუას თვითონ რომ არ ეთქვა, ზუგდიდელებს არც ეცოდინებოდათ, რა ღვაწლი მიუძღვის პარლამენტარს მათ წინაშე. „მე წინააღმდეგი ვიყავი მაჟორიტარი დეპუტატობისა, რადგან კლინიკაში ძალიან ბევრი პაციენტი მყავს, მაგრამ დამავალეს და უარი ვერ ვუთხარი. ჩემს დამსახურებად მიმაჩნია გაზის შემოყვანა ზუგდიდში, კორცხელის ეკლესიის გადარჩენა, ანაკლიის მშენებლობა, 700 000 ლარის ოპერაციები გავუკეთე ზუგდიდელებს, ჩემი შუამდგომლობით 22 კაცი გაათავისუფლეს საპატიმროებიდან. ერთ წელზე ცოტა მეტი დამრჩა ჩემი მაჟორიტარობისა, კიდევ დამავალეთ და შევეცდები, გავაკეთო. ისე, მინდა, გითხრათ, ძნელი ყოფილა მაჟორიტარობა“, – აღნიშნა ფრიდონ თოდუამ.

შეხვედრას, რომელიც სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნიის სააქტო დარბაზში ჩატარდა, არ ესწრებოდნენ გუბერნატორი ზაზა გოროზია და ზუგდიდის გამგებელი ალექსანდრე ქობალია, ამიტომაც დამსწრეთა შეკითხვებს ფრიდონ თოდუასთან ერთად პასუხობდნენ ვიცე-გუბერნატორი ვახტანგ ცხადაია და საკრებულოს თავმჯდომარე ლევან კონჯარია.