საქართველო, 23 ივნისი, საქინფორმი. ეროვნულ ბანკში დღეს საბჭოს სხდომა გაიმართა, სადაც სებ-ის ვიცე-პრეზიდენტად ნათია თურნავა აირჩიეს, რომელიც, თავის მხრივ, პირველი ვიცე-პრეზიდენტის პოსტს დაიკავებს და, შესაბამისად, დროებით პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელიც იქნება.
ნათია თურნავას კანდიდატურას საბჭოს შვიდი წევრიდან ხუთმა დაუჭირა მხარი, ორმა თავი შეიკავა.
ახალ თანამდებობას ეროვნული ბანკის შესახებ კანონში ცვლილებები ითვალისწინებს, რომელიც ძალაში პარლამენტის მიერ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის შემდეგ შევიდა.
გარდამავალ პერიოდში, ვიდრე ერთ-ერთ ვიცე-პრეზიდენტს საბჭოში ყოფნის ვადა ამოეწურება, ეროვნულ ბანკს ოთხი ვიცე-პრეზიდენტი ეყოლება.
ამჟამად ეროვნული ბანკის საბჭოს შვიდი წევრი ჰყავს, საბჭოს წევრობისთვის კიდევ ორი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტს წარუდგინა, მაგრამ, დიდი ალბათობით, როგორც უმრავლესობაში ამბობენ, პრეზიდენტის მიერ წარდგენილ კანდიდატურებს ისინი მხარს არ დაუჭერენ. თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საბჭოს შვიდ წევრსაც შეუძლია, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის არჩევა, რომელსაც, თავის მხრივ, საქართველოს პრეზიდენტი ამტკიცებს.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობას არჩილ მესტვირიშვილი ასრულებდა მას შემდეგ, რაც მიმდინარე წლის 2 მარტს კობა გვენეტაძეს შვიდწლიანი უფლებამოსილების ვადა ამოეწურა.
რაც შეეხება ნათია თურნავას, ის 2022 წლის ივნისში შევიდა ეროვნული საბჭოში, მანამდე კი საქართველოს ეკონომიკის მინისტრის პოსტს იკავებდა.