სამართალი
კობახიძე: დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონის მიღება დეკემბრამდე გადაიდება

 საქართველო, 23 ივნისი, საქინფორმი. ჟურნალისტებთან საუბრისას, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მმართველი პარტია აღარ განიხილავს „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონის მიღებას, რაც მომავალ კვირას იგეგმებოდა. მისი თქმით, „ქართული ოცნება“ კანონპროექტის განხილვას დეკემბრამდე აღარ დაუბრუნდება და ამ თემაზე ევროკომისიისა და ევროპული საბჭოს პოზიციას დაელოდება. მან ასევე აღნიშნა, რომ „ქართულ ოცნებას“ აინტერესებს, მოიხსნება თუ არა დე-ოლიგარქიზაციის საკითხი 12 რეკომენდაციიდან.

კობახიძემ აღნიშნა, რომ ევროპელმა პარტნიორებმა, მათ შორის ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, სთხოვეს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ბრიუსელში ვიზიტის დროს, რომ არ მიეღოთ კანონი.

გასულ კვირას, ვენეციის კომისიის მიერ გამოქვეყნებული უარყოფითი მოსაზრების მიუხედავად, საქართველოს პარლამენტმა „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტი მეორე მოსმენით მიიღო. ვენეციის კომისიამ თავის მეორე და საბოლოო დასკვნაში განაცხადა, რომ მიუხედავად ცვლილებებისა, კანონპროექტი პარლამენტმა არ უნდა მიიღოს და ამის მიზეზად კანონის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენების პოტენციური საფრთხე დაასახელა. კომისიამ აღნიშნა, რომ კანონპროექტი „სისტემურის“ ნაცვლად „ინდივიდუალურ“ მიდგომას ეფუძნება.