აქტუალური
მძღოლები ახალი მანქანების თუ სამუშაოს დაკარგვის მოლოდინში

marshutkebi10 ივლისიდან ახალი სამარშრუტო ტაქსები უკვე ქალაქის ქუჩებში უნდა გამოჩენილიყო, მაგრამ როგორც ირკვევა, თბილისელები ახალი ტრანსპორტით ივლისის ბოლომდე ვერ ისარგებლებენ. შეფერხების მიზეზად ტექნიკურ მხარეს ასახელებენ – ჯერ არ დასრულებულა მიკროავტობუსებში გადახდის აპარატების დამონტაჟება. ჯერჯერობით არც ის არის გადაწყვეტილი, ახალი ავტომობილები რომელ მარშრუტებზე იმოძრავებს.

მიუხედავად მერიის იმედისა, რომ ოპერატორი კომპანია „თბილისის მიკროავტობუსი“ ახალ სამუშაო ადგილებსაც კი შექმნის, მძღოლები ვითარებაში ჯერ კიდევ ვერ გარკვეულან; მათი უმრავლესობა სამუშაოს დაკარგვის მოლოდინშია. მათთვის მოულოდნელი აღმოჩნდა ყოველდღიურ შემოსავალზე ლაპარაკი, რადგან თავდაპირველად კეთდებოდა განცხადებები ყოველთვიურ ოფიციალურად დანიშნულ ხელფასზე. ახალ სამარშრუტო ტაქსიზე მუშაობის დასაწყებად თითოეულმა მძღოლმა ტენდერში გამარჯვებული კომპანიის ანგარიშზე წინასწარ 500 ევრო უნდა გადარიცხოს. ამის საშუალება კი ყველას არ აქვს. სავარაუდოდ, შეუთანხმებლობის შემთხვევაში მძღოლები სამსახურის გარეშე დარჩებიან, რადგან მძღოლს, რომელსაც პირადობის მოწმობის გარდა არაფერი გააჩნია, ტენდერში გამარჯვებული ფირმა 30-ათასდოლარიან მანქანას არ ანდობს. ოპერატორი კომპანია მძღოლების მიერ წინასწარ შეტანილი თანხიდან გეგმავს მოძრაობის წესების დარღვევისთვის გამოწერილი ჯარიმების დაფარვასაც. თუმცა საბოლოოდ დამტკიცებული ჯერჯერობით არც ამ შენატანის მოცულობაა.