საზღვაო სეზონი აქტიურ ფაზაში შევიდა. შავიზღვისპირა რეგიონში უცხოელი ტურისტების სიმრავლემ ფასები მნიშვნელოვნად გაზარდა, თუმცა სერვისი ამით არ გაუმჯობესებულა. სეზონის პიკზე კი ქობულეთსა და ბათუმში ფასების ზრდის კულმინაციას ელიან.
ამ სეზონზე ბათუმში ერთი თვის განმავლობაში ბინის დაქირავება 300-500 დოლარამდე დაგიჯდებათ; ოჯახური ტიპის სასტუმროებში ფასი დღეში 15 დოლარიდან იწყება. ქალაქის კაფე-ბარებსა და რესტორნებში 1 ნაჭერი ფახლავის დასაგემოვნებლად და 1 ჭიქა გამაგრილებელი სასმელისთვის 10 ლარამდე გადახდა მოგიწევთ. ბათუმელები ამბობენ, რომ სასტუმროებისა და კვების ობიექტების დიდი ნაწილი თურქ ბიზნესმენებს ადგილობრივებისგან ნაყიდი ან ნაქირავები აქვთ, ტურისტებსაც, ძირითადად, ისინი იზიდავენ და ფასებსაც თავად აწესებენ.ქობულეთში კი, სადაც შარშანდელთან შედარებით ფასები მნიშვნელოვნად გაიზარდა, ტურიზმის ბიზნესში, ძირითადად, სომხეთიდან ჩამოსული ბიზნესმენები აქტიურობენ. ისინი ქობულეთში კერძო სახლებს მთელი სეზონით ქირაობენ და შემდეგ საწოლ-საწოლ აქირავებენ. მთელი სეზონის განმავლობაში სახლის დაქირავების ფასები 20 000 დოლარიდან იწყება. ასეთი გარიგება ადგილობრივ გამქირავებლებსაც ხელს აძლევს, რადგან მათი საქმიანობით შემოსავლების სამსახური დაინტერესდა და გადასახადებიც დაუწესდათ, რაც ფასების ზრდის კიდევ ერთი მიზეზია. ვისაც სურვილი არ აქვს, სამეწარმეო საქმიანობისთვის ყველა შესაბამისი გადასახადით დაიბეგროს, უნდა ინებოს და ფიქსირებული გადასახადი გადაიხადოს – ყოველ გაქირავებულ 1 კვ მეტრზე 10 ლარის ოდენობით.
ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, საშუალო შემოსავლის მქონე დამსვენებელი დასვენების უფრო იაფ საშუალებას ეძებს და ვისაც თურქეთის კურორტებზეც არ მიუწვდება ხელი, გურიის ზღვისპირა სოფლებს ირჩევს დასასვენებლად. თუმცა გასულ წელთან შედარებით, ფასები აქაც თითქმის გაორმაგდა. თუ შარშან ურეკში, გრიგოლეთსა და შეკვეთილში საწოლს 5 ლარადაც იქირავებდით, წელს ამისთვის 12-14 ლარის გადახდა მოგიწევთ.