საქართველოში მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა ალექსანდრე ნეველის სახელობის ტაძარი, სადაც მსახურება ორ - ქართულ და რუსულ ენებზე სრულდება, ძალიან ძვირფასია არა მარტო მისი მრევლის, არამედ ყველა თბილისელისთვის. იქ ხომ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის საეკლესიო გზა დაიწყო, ტაძარში წირვას არაერთხელ დასწრებია საქართველოს პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია, რომელმაც წმინდა ალექსანდრე ნეველის სახელობის ტაძარს ფასდაუდებელი საჩუქარი გადასცა, ამიტომ გუშინ, 9 აპრილსა და ბზობის დღესასწაულზე მომხდარი დიდ ტკივილად და შეუხორცებელ ნაიარევად დარჩება ჩვენს გულებში ძალიან დიდხანს.
რა მოხდა? თითქოს არაფერი, 9 აპრილის დღეს, როცა ამ ტრაგედიის ადგილას არანორმალური ან შეგნებულად უცხოელი აგენტები ანტიქართულ და ანტისახელმწიფოებრივ მიტინგისთვის ემზადებოდნენ, ზემოხსენებული ტაძრის გახარებული მრევლი ბზის ტოტებით ხელში, ტაძრის ეზოში შეიკრიბა - მოძღვრის მოლოდინში, რომელიც ამ ბზას აკურთხებდა. ასე ხდება ყველა ტაძარში თბილისსა და საქართველოში დღესაც, ასე ხდებოდა ალექსანდრე ნეველის ტაძარში დღემდე, მაგრამ დღეს იქ 9 აპრილის სცენარით პროვოკაცია დატრიალდა!
ეკლესიიდან გამოსულმა დეკანოზმა ბიძინამ (გუნია) რუსულ ენაზე მიმართა ეზოში შეკრებილ მრევლს: „რას შეკრებილხართ? რას ელოდებით? თქვენ ხომ არც ღმერთის გწამთ, არც სახარების გჯერათ, და არც წირვას ესწრებით! თორემ გეცოდინებოდათ, რომ ბზა შაბათ საღამოს იკურთხება! და ამიტომ თქვენ უფლის მადლს არ ეღირსებით!“.
ამის მერე დეკანოზმა ბიძინამ ამოიღო ჯიბიდან რუსულ ენაზე, ნახევარ ფურცელზე დაბეჭდილი რუსთის ეკლესიის ინსტრუქცია და წაიკითხა იგი, სადაც იგივე იყო ნათქვამი, ოღონდ ძველ სლავურ საეკლესიო ენაზე. ამ ყველაფერმა ხალხი დიდად აღაშფოთა და მეც ვერ მივითმინე: „მამა ბიძინა, არ გახსოვართ? ჩვენ რუსეთის საელჩოში პუშკინის საიუბილეო საღამოზე გაგვაცნეს ერთმანეთი, არ გახსოვთ? მამაო, ჩვენ სიხარულით ვართ მოსულები და ნუ გვიშხამებთ ამ დღეს, გემუდარებით! წირვის დროს ეკლესიაში რამდენიც გნებავთ, იმდენი გვლანძღეთ და ჭკუა გვასწავლეთ, ოღონდ დღეს დაგვლოცეთ და გაგვიშვით, გვთხოვთ!“.
ღმერთმა მაპატიოს, მაგრამ ამის მერე მამა ბიძინა ძალიან „ძველბიჭურად“ მოიქცა - „პირი დახურე შენ! მე ჭკუას კი არ გასწავლით, მე ახლა გკიცხავთ და სულ უნდა გავკიცხო თქვენნაირები!“ - მოგვმართა და პროვოკაციულად ხელი გაწია, თითქოს მე მას შევეხე. მე კიდევ კონფლიქტის მოგვარება მინდოდა და ვუთხარი: „მამაო, როგორც ხედავთ, აქ არცერთი რუსი არ დგას, ყველა ქართველია, რატომ გველაპარაკებით რუსულად ან რატომ კითხულობთ ამ შიდასაეკლესიო რუსულ ინსტრუქციას? იქნებ, საქართველოს საპატრიარქო სხვა აზრისაა?“.
„ეს რუსული ეკლესია და აქ რუსულად ლოცულობენ!“, - იყო მისი პასუხი. ამ დროს უკვე ხალხმაც ამოიღო ხმა: „რანაირად, მამა ბიძინა, ნებისმიერ ქართული ტაძარში თბილისში დღეს ამ წუთებში ბზას აკურთხებენ, რა, წავიდეთ, უარს გვეუბნებით?“. მეც დავამატე: „რანაირად არის ეს რუსული ეკლესია, განა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას არ ეკუთვნის? ყოველთვის ქართულ ენაზე იყო აქ გაკრული განცხადებები საპატრიარქოს და ილია მეორის ლოცვა-კურთხევით, მაგალითად, როცა ოთხი წლის წინ ძველი ტრადიცია - პასექების კურთხევა ტაძარში წითელ პარასკევს - გაუქმდა. თუ ბზის კურთხევის მრავალწლოვან ტრადიციასაც აუქმებდით, რატომ არ არის გაკრული განცხადება ქართულ ენაზე?“.
ამის მერე ტაძრის უკანა შემოსასვლელიდან გამოცვენილმა სტიქაროსნებმა გამწიეს და მამა ბიძინა, ჩემი მისამართით წყევლით, ტაძარში გაგვექცა და რკინის კარი მრევლს ცხვირწინ მოგვიბრახუნა.
„ჩვენ აქ მომსვლელები არ ვართ, დიდუბის ეკლესიაში ვივლით!“ - ამბობდნენ ჩუღურეთის მცხოვრებლები, „ეს აუცილებლად გააგებინეთ საპატრიარქოს!“ - მთხოვეს, რადგანაც იქ თითქმის ყველამ მიცნო - ბავშვობიდან იმ ეკლესიაში დავდივარ, მამა ვიტალის და მამა ანტონის დროიდან, მამა გიორგი (საბიაშვილი) კიდევ, ჩემი სულიერი მამა და დიდი მეგობარი იყო, ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი უკვდავი სული! მაგრამ ყველაზე მეტად დამამახსოვრდა ერთი ხანშიშესული ბებოს სიტყვები: „აი, მერე უკვირთ, რატომ არ უყვარს ხალხს, რატომ დასდევენ ჟურნალისტები და რატომ უსმენენ მათ საუბრებს... აბა, ახლა ეს ღვთის კაცი იყოო?! ვინ მისცა მას განკითხვის უფლება? ის ხომ იესო არ არის...“
საქინფორმის მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი
2023 წლის 9 აპრილი
საქართველოს, თბილისი