საქართველო, 21 ივნისი, საქინფორმი. ჭიათურელი მაღაროელები საპროტესტო აქციებს განაგრძობენ. მათ დღეს მსვლელობა გამართეს საქართველოს პარლამენტის შენობიდან „ჯორჯიან მანგანეზის“ სათავო ოფისამდე.
აქციის მონაწილეები იმყოფებოდნენ საქართველოს პირველი არხის შენობასთან, მათ მაუწყებლის პირდაპირი ეთერით საკუთარ მოთხოვნებთან დაკავშირებით განცხადება გააკეთეს.
როგორც აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, სიმონ მიქაცაძემ განაცხადა, მაღაროელები ითხოვენ ხელფასის 20 პროცენტით მატებას და ასევე სამედიცინო დაზღვევას.
„ვითხოვთ, რომ თითოეული მაღაროელი ჩათვალონ ღირსეულ ადამიანად. გვაქვს მიზერული მოთხოვნები, რომლებზეც 2019 წელსაც ვსაუბრობდით და მაშინაც მოგვატყუა კომპანიამ. ჩვენი მოთხოვნებია ხელფასის მატება 20 პროცენტით, ნორმალური, სუფთა ქალაქი და სამედიცინო დაზღვევა. ხელფასის 5-პროცენტიანი მატება ჩვენთვის მიუღებელია“, – განაცხადა მან.
მისივე თქმით, საპროტესტო აქციები მოთხოვნების საბოლოო შესრულებამდე გაგრძელდება.
„ჩვენ კვლავ ვბრუნდებით პარლამენტთან, ჩვენი ხმა უნდა გაიგოს იმ ხალხმა, ვისაც მანდატი მივეცით, ვინც ავირჩიეთ. პირველ რიგში, დაცული უნდა იყოს ადამიანის შრომის უფლება“, – განაცხადა აქციის მონაწილემ.
ჭიათურის მაღაროში დასაქმებულთა გაფიცვა უკვე მე-15 დღეა, გრძელდება.
ჭიათურის მაღაროში დასაქმებულები ხელფასის 20 პროცენტით გაზრდას, სამუშაო პირობების გაუმჯობესებას, შრომითი უსაფრთხოების ნორმების დაცვას, ჰიგიენის პირობებისა და კვების საკითხების გაუმჯობესებას ითხოვენ. მაღაროელთა ნაწილმა რამდენიმე დღის წინ შიმშილობა გამოაცხადა. გაფიცულებსა და დამსაქმებელს შორის მედიატორის ჩართულობით რამდენიმე შეხვედრა გაიმართა, თუმცა შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდა.
რაც შეეხება კომპანიის პოზიციას, „ჯორჯიან მანგანეზში“ განაცხადეს, რომ კომპანიამ ძველ სამუშაო გრაფიკზე დაბრუნების, ხელფასების ხუთი პროცენტით გაზრდის, აუდიტის ჩატარებისა და ერთობლივი კომისიის შექმნის გადაწყვეტილება მიიღო. ამასთან, „ჯორჯიან მანგანეზის“ გენერალური დირექტორის თქმით, ცდილობენ კრიზისის დაძლევის გზების პოვნას და არის მზაობა, მოწვეული იქნას დამოუკიდებელი აუდიტორი, შეისწავლონ კომპანიის ფინანსური მდგომარეობა, აქვს თუ არა დამატებით ხელფასის 15-პროცენტიანი ზრდის რესურსი. ამავდროულად, „ჯორჯიან მანგანეზში“ განაცხადეს, რომ ხელფასის დამატებით 15-პროცენტიანი მატება წელიწადში დაახლოებით 10 მილიონი დოლარია. „ჯორჯიან მანგანეზის“ გენერალური დირექტორის ლაშა თუთბერიძის თქმით, ჭიათურაში ზარალის საპროგნოზო მაჩვენებელი ამ მომენტისთვის არის 12 მილიონი დოლარი და 10 მილიონი დოლარით ხელფასის მომატების მოთხოვნა ალოგიკურია.