საქართველო, 20 ივნისი, საქინფორმი. პროკურატურამ გორის მუნიციპალიტეტში „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის მიმართ ძალადობის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინა.
უწყებაში აცხადებენ, რომ დაკავებულს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა ბრალდება.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 17 ივნისს, გორის მუნიციპალიტეტში, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე მდებარე სუპერმარკეტის ავტოსადგომზე, ბრალდებულმა საჯარო სივრცეში გამოთქმული განცხადებების და განხორციელებული ქმედებების გამო პარტია „გირჩი – მეტი თავისუფლების“ დამფუძნებლის მიმართ ძალადობა განახორციელა.
სამართალდამცველებმა აღნიშნული პირი იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარედგინა (ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია), რაც სასჯელის სახედ და ზომად ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით გორის რაიონულ სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს“, – აღნიშნულია პროკურატურის ინფორმაციაში.