აქტუალური
ოთხი მიზეზი იმისა, თუ რატომ შეიძლება საქართველომ მაინც მიიღოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი

 საქართველო, 20 ივნისი, საქინფორმი. 21 ივნისს ევროკომისია ზეპირ მოხსენებას წარადგენს იმის შესახებ, თუ როგორ მიდიან საქართველო, უკრაინა და მოლდოვა ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე; ამასთან, უკრაინა და მოლდოვა გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყების შესახებ, სავარაუდოდ, დადებით რეკომენდაციას მიიღებენ. საქართველოს პერსპექტივა კი ამ დროისთვის ნაკლებად ნათელია.

ბრიუსელში ევროკავშირის ელჩებისთვის განახლებული ინფორმაციის მიწოდების შემდეგ, მოხსენება ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრებს წარედგინებათ სტოკჰოლმში დაგეგმილ შეხვედრაზე.

რადიო „თავისუფლების“ ინფორმაციით, განახლებული ინფორმაცია არ იქნება ძალიან დეტალური. ეს იქნება ევროკავშირის გაფართოების პაკეტის შუალედური მიმოხილვა, რომელიც ოქტომბრის ბოლოს იქნება წარმოდგენილი. პაკეტში მოცემული იქნება საფუძვლიანი შეფასება და რეკომენდაციები „ტრიოს“ შემდგომი ქმედებების შესახებ – რაც გახდება საფუძველი დეკემბერში ევროკავშირის მიერ ამ ქვეყნების მომავალთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მისაღებად.

მაშინ, როცა მოლდოვასა და უკრაინას ევროკავშირის პირობების შესრულების გამო, სავარაუდოდ, გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებაზე მწვანე შუქს აუნთებენ, საქართველოს პერსპექტივა უცნობია და ჩნდება კითხვები, დაინტერესებულია თუ არა თბილისი ევროკავშირთან დაახლოებით. რადიო „თავისუფლების“ ცნობით, ამგვარი ეჭვების საფუძველი გახდა ევროკავშირის 12 რეკომენდაციების შესრულებაში წარუმატებლობა, „უცხოური აგენტების“ შესახებ კანონის მიღების მცდელობა და რუსეთთან ფრენების განახლება.

თუმცა, რადიო „თავისუფლების“ ინფორმაციით, არსებობს ოთხი მიზეზი, რის გამოც ევროკავშირმა საბოლოოდ შეიძლება რეკომენდაცია გაუწიოს თბილისისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას წლის ბოლოსთვის და რის გამოც ევროკავშირის წევრები შესაძლოა დათანხმდნენ ამას.

პირველი მიზეზი არის ის მოსაზრება, რომ ევროკავშირმა „გააუფასურა“ რას ნიშნავს იყო „კანდიდატი ქვეყანა“ 2022 წელს ამ სტატუსის ბოსნია და ჰერცეგოვინასთვის მინიჭებით. სტატუსი ქვეყანას მაინც მიენიჭა მიუხედავად იმისა, რომ სარაევომ ბრიუსელის მიერ განსაზღვრული მხოლოდ 14 „ძირითადი პრიორიტეტი“ დააკმაყოფილა. ბოსნიის შესახებ ევროკომისიის ბოლო შეფასება ძალიან კრიტიკული იყო, თუმცა ბოსნია მაინც გახდა კანდიდატი ქვეყანა, ევროკავშირის ზოგიერთი სახელმწიფოს, მათ შორის სლოვენიისა და ავსტრიის დახმარების წყალობით. არსებითად, ყველა ევროპულ ქვეყანას (გარდა კოსოვოსი, რომელსაც ზოგი დამოუკიდებელ ქვეყნად არ აღიარებს), რომლებიც ახლა აპირებენ ევროკავშირში გაწევრიანებას, აქვს კანდიდატის სტატუსი. აქედან გამომდინარე, ლოგიკურია, რომ ევროკავშირმა საქართველოს კანდიდატ ქვეყნების კლუბში გაწევრიანების საშუალება მისცეს.

მეორე მიზეზი უკავშირდება ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკურ იმპულსს და მასთან დაკავშირებულ აქტუალურობას. იმპულსი დიდხანს ვერ გაგრძელდება, რადგან 2024 წელს ევროკავშირი დაკავებული იქნება ევროპარლამენტის არჩევნებით და უმაღლესი თანამდებობების გადანაწილებით (ასევე ევროკავშირის წევრებს შორის ამასთან დაკავშირებული ვაჭრობით) ევროკავშირის საბჭოში, ევროკომისიასა და ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურში. არ არსებობს იმის გარანტია, რომ ახალი შემადგენლობა მეგობრულად იქნება განწყობილი გაფართოების მიმართ.

მესამე მიზეზი სამეულის – საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის დაჯგუფების არდაშლის სურვილს უკავშირდება.

მეოთხე მიზეზი კი ე.წ. პოზიტიურ განმტკიცებას უკავშირდება, რადგან თბილისი მიიღებს სტატუსს დამატებითი პირობებით, რომელთა შესრულებაც საქართველოს მოუწევს იმისათვის, რომ მოლაპარაკებების დაწყების ეტაპამდე მივიდეს.