ოპოზიციურ „რვიანთან“ ხელისუფლებისგან წარმოებული მოლაპარაკებების თითქმის ათთვიანი პროცესი ისევ მმართველი გუნდის სასარგებლოდ, მორიგი უზნეო ულტიმატუმით, ისევ ოპოზიციის მოსყიდვითა და ქართველი საზოგადოების კიდევ ერთხელ მასხრად აგდებით დასრულდა. ქართველი საზოგადოება კიდევ ერთხელ გახდა შემსწრე იმ ცინიზმისა და სიყალბისა, რითაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თავისი ხელისუფლების „ფარაონიზაციის“ პოლიტიკური ნება გამოხატა. ამით არჩევნების სამართლიანად ჩატარებას საბოლოო „ვეტო დაადო“.
2003 წლიდან მოყოლებული, და უფრო ადრეც, „ნაციონალურმა ხელისუფლებამ“ მერამდენედ უგულებელყო ქართველი ხალხის არჩევანი. შეიცვალა საყოველთაო სახალხო რეფერენდუმით გამოხატული კონსტიტუციური უფლებაც კი. ამით „ნაციონალურმა მთავრობამ“ მისთვის ჩვეული დამოკიდებულებით, კანონის დაცვის უგულებელყოფასთან ერთად, სახელმწიფოს უმაღლესი კანონისადმი უპატივცემულობაც გამოხატა. ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ ღიად დაადასტურა, რომ მმართველი ძალა, რომელიც პატივს არ სცემს ქვეყნის უმთავრეს კანონს, სახელმწიფოსა და მისი ხალხის სამსახურში მომავალშიც არ იქნება.გარედან პროვოცირებული ოცწლიანი პოლიტიკური არამდგრადობის, ძმათა სისხლისღვრისა და ტერიტორიული პრობლემებით დამძიმებული ჩვენი სამშობლო „სისხლისგან იცლება“. არადა, ნიჭიერი, ჭკვიანი და ბრძენი ქართველი ხალხი პოლიტიკურად მდგრად, სამართლიან ქვეყანაში ცხოვრებას ნამდვილად იმსახურებს.
მტერმა ქართველი კაცის ემოციური და პატრიოტული ბუნებითაც ბევრჯერ ისარგებლა. ყოველი ახალი გადატრიალებისა და დაპირისპირების დროს გაწყდა, დაცოტავდა და ზიანი ისევ ჩვენს გენოფონდს მიადგა. „ცხვრის ტყავში გახვეული მგლებით“ გარშემორტყმულ და უმნიშვნელოვანეს გეოსტრატეგიულ ადგილას მდებარე საქართველოსა და ქართველ ადამიანს უდიდესი გონიერება, სიბრძნე და წინდახედულება მართებს, რადგან ჩვენს მიწაწყალზე ჩასაფრებული გარეშე მტერი ემოციურობასა და სამშობლოს სიყვარულის ქართულ მუხტს მუდმივად ჩვენს საზიანოდ იყენებს. ამით ყოველ ჯერზე მხოლოდ საქართველოს სახელმწიფოს ინტერესი ზარალდება; ეკონომიკა სუსტდება, ქართული მოსახლეობა კი არსებობის უკეთესი პირობების საძიებლად საქართველოს ტოვებს.
სამოქალაქო მოძრაობა „თამარიონი“ მხოლოდ ისეთი პოლიტიკური პროცესების მხარდაჭერაში ჩაერთვება, რომელიც ერთხელ და სამუდამოდ სამართლიანად ჩატარებული არჩევნებითა და, პირველ რიგში, ქართველი ხალხის ინტერესების გათვალისწინებით იქნება განხორციელებული, ზნეობრივი, ტრადიციული მენტალიტეტისა და ფასეულობების მქონე სახელმწიფოს ჩამოყალიბებას მოემსახურება; მხარს უჭერს მხოლოდ სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილების მიღების გზით ქვეყნის სწორ იდეოლოგიურ გზაზე გაყვანას.
„თამარიონი“ მხარს უჭერს არსებული არასამართლებრივი, არაზნეობრივი და არაკონსტიტუციური რეჟიმის მიერ თავსმოხვეული ძალადობრივი ჩიხიდან გამოსვლას. არსებული რეჟიმის შეცვლის მთავარ გზადაც, პირველ რიგში, სისხლისღვრის გარეშე – არჩევნების გზას ანიჭებს უპირატესობას. ამასთან, სამართლებრივი არჩევნების ჩაუტარებლობის შემთხვევაში, მისაღებად, სამართლებრივად და კონსტიტუციურად გათვალისწინებული პროტესტის სხვა ფორმებსაც არ გამორიცხავს.
„თამარიონი“ მხარს უჭერს პროცესს, რომელიც უარს იტყვის არასაკონსტიტუციო კომპრომისზე და ხელისუფლებასთან ხალხის ინტერესების საწინააღმდეგო ნებისმიერ გარიგებაზე.
ამასთან, ვხედავთ პროცესის ჩაშლის შეფასებისა და ამაზე ფართო დისკუსიის დაწყების გადაუდებელ აუცილებლობას როგორც ქვეყნის შიგნით – ფართო საზოგადოებისა და ექსპერტების ჩართვით, ისე საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსების დონეზე.
ქალთა სამოქალაქო მოძრაობა „თამარიონი“