აქტუალური
ფულადი გზავნილები საქართველოში - სტატისტიკა განახლდა

 საქართველო, 19 ივნისი, საქინფორმი. საქართველოს კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემებით განხორციელებული ფულადი გზავნილების მოცულობა 2023 წლის იანვარი–მაისში, წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით, 47,9%-ით გაიზარდა და 2.010,3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე.

ფულადი გზავნილების მოცულობით 2023 წლის პირველ ხუთ თვეში რუსეთი ლიდერობს.

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, საანგარიშო პერიოდში რუსეთიდან საქართველოში გადმორიცხული თანხის მოცულობამ 992,8 მილიონი დოლარი შეადგინა. ეს ქართულ კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემებით ფულადი გადარიცხვების 49%-ია.

საქართველოს კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემებით ფულადი გზავნილების მოცულობა 2023 წლის მაისში, გასული წლის მაისთან შედარებით, 23,9%-ით შემცირდა და 384,9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

რაც შეეხება საქართველოდან გაგზავნილი ვალუტის მოცულობას, 2023 წლის მაისში საქართველოდან საზღვარგარეთ 30,9 მლნ აშშ დოლარი გადაიგზავნა, რაც 2022 წლის მაისის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 7,9%-ით მეტია.

2023 წლის ხუთ თვეში საქართველოდან საზღვარგარეთ გადაირიცხა 143,6 მლნ დოლარი, რაც 2022 წლის ამავე პერიოდთან შედარებით 14,2%-ით მეტია.