პარლამენტმა 1 ივლისს მესამე და საბოლოო მოსმენით დაამტკიცა ეკონომიკური თავისუფლების შესახებ ორგანული კანონი, რომელიც გადასახადების რეფერენდუმის მეშვეობით გაზრდას და მაკროეკონომიკური ზღვრების დაწესებას ითვალისწინებს.
დეკემბერში დამტკიცებული საკონსტიტუციო ცვლილებებიდან გამომდინარე, აქციზის გარდა, კანონის მიხედვით, ყველა სხვა საერთო სახელმწიფოებრივი გადასახადების ზედა ზღვრის გაზრდა ან ახალი სახეობის შემოღება შესაძლებელია მხოლოდ რეფერენდუმის გზით.
თუმცა კანონი იქვე ადგენს, რომ მთავრობას უფლება ექნება, მოითხოვოს გადასახადების „დროებითი გაზრდა“ არაუმეტეს 3 წლის ვადით ამ გადაწყვეტილების რეფერენდუმზე გატანის გარეშე.
ამავე დროს, კანონის მიხედვით, სახელმწიფო ვალის შეფარდება მთლიან შიდა პროდუქტთან (მშპ) უნდა იყოს არაუმეტეს 60%; კონსოლიდირებული ბიუჯეტის შეფარდება მშპ-თან – არაუმეტეს 30%; ბიუჯეტის დეფიციტის შეფარდება მშპ-თან კი – არაუმეტეს 3%.თუ ეს ორი უკანასკნელი პარამეტრი არ იქნება შესაბამისობაში პარლამენტის მიერ დამტკიცებულ ბიუჯეტთან, ასეთ შემთხვევაში მთავრობამ მომდევნო ორი წლის ისეთი საბიუჯეტო პარამეტრები უნდა წარუდგინოს დეპუტატებს დასამტკიცებლად, რომლებიც დადგენილ ზღვრებში დაბრუნების გეგმას მოიცავს. ამასთან, ამ ზღვრების შეუსაბამო ბიუჯეტის დამტკიცება შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ წინა ბიუჯეტით დაცული იყო ეს პარამეტრები.
დამტკიცებულ ვარინტში არ არის ასახული ზოგიერთი ის დებულება, რომელიც პრეზიდენტმა სააკაშვილმა ამ ინიციატივით გამოსვლისას 2009 წლის ოქტომბერში გაახმიანა, მათ შორის, ნებართვებისა და ლიცენზიების; ასევე, მარეგულირებელი ორგანოების ოდენობის ზრდაზე შეზღუდვების დაწესებასთან დაკავშირებით.
ეკონომიკური თავისუფლების შესახებ კანონი 2013 წლის 31 დეკემბრიდან ამოქმედდება.