სამართალი
ლევან იოსელიანი ჭიათურაში გაფიცულ და მოშიმშილე მაღაროელებს შეხვდა

 საქართველო, 16 ივნისი, საქინფორმი. ჭიათურაში გაფიცულ მაღაროელებთან სახალხო დამცველი ჩავიდა. ლევან იოსელიანი გაფიცულებს და მოშიმშილეებს შეხვდა და მათ მოთხოვნებს გაეცნო. იოსელიანის თქმით, სახალხო დამცველის აპარატი ფლობს ინფორმაციას მიმდინარე პროცესების შესახებ.

შევხვდი გაფიცულებს. სახალხო დამცველისთვის მნიშვნელოვანია ის პროცესი, რაც ჭიათურაში მიმდინარეობს, ვინაიდან დაკავშირებულია ძირითად უფლებასთან, ეს არის შრომის უფლება. მათი მოთხოვნები ჩვენთვის ცნობილია. ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში ვაკეთებთ ყველაფერს და გავაგრძელებთ, რომ მხარეებს შორის შეთანხმება მიიღწეს, ამის მოლოდინი აქვთ. რაც დავინახე, ყველაზე მთავარი, ეს ხალხი არ არის განწყობილი რადიკალურად, მზად არიან, წავიდნენ დათმობებზე, მაგრამ ამავე დროს მეორე მხარესაც მოუწოდებენ, რომ დათმონ და მათი მოთხოვნებიც იყოს გაზიარებული. ვიცი, რომ დანიშნული არის სახელმწიფოს მიერ მედიატორი, რომელიც მუშაობს ამ საკითხზე. მაქსიმალურად ვცდილობთ, პოზიციები იყოს დაახლოებული და შრომითი პირობები უნდა პასუხობდეს საერთაშორისო სტანდარტებს", -აცხადებს ლევან იოსელიანი.

რაც შეეხება მედიატორის ჩართულობით გამართულ შეხვედრას გაფიცულებსა და დამსაქმებელს შორის, ის შეთანხმების გარეშე დასრულდა.

აქციის 10 მონაწილე უკვე მეოთხე დღეა შიმშილობს. დღეს აქციის მონაწილეებმა ქალაქის ქუჩებში მსვლელობა მოაწყვეს.