პოლიტიკა
ნეიტრალურ დოკუმენტებთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტი

kanoni_okupirebuliპარლამენტმა მესამე და საბოლოო მოსმენით დაამტკიცა მთავრობის მიერ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომელიც აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში „ლეგიტიმურად მცხოვრებ“ პირებზე პირადობის ნეიტრალური მოწმობის და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის გაცემას ითვალისწინებს.

საკანონმდებლო პაკეტი, რომლის განხილვაც პარლამეტში ყოველგვარი დებატების გარეშე წარიმართა, თერთმეტ სხვადასხვა კანონში მოიცავს ცვლილებებს და ისეთ სფეროებს არეგულირებს, როგორიცაა: პასპორტების გაცემა, სახელმწიფო სიმბოლოები, გადასახადები, განათლება, გრანტები და მეწარმეობა; ცვლილებები შევიდა ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონშიც.

საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის თანახმად, ნეიტრალური დოკუმენტების აღება სეპარატისტულ რეგიონებში მცხოვრებ პირებს ნებაყოფლობით შეეძლებათ, რაც მათ შესაძლებლობას მისცემს, იმოგზაურონ საზღვარგარეთ და ისარგებლონ საქართველოში არსებული სოციალური სერვისებით. ამგვარი დოკუმენტების აღება საქართველოს მოქალაქეობის მიღებას არ ნიშნავს.

ცვლილებების თანახმად, ნეიტრალური დოკუმენტები გაიცემა „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და ცხინვალის რეგიონის (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის) ტერიტორიაზე საქართველოს იურისდიქციის სრულად აღდგენამდე“.

ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის საფასური 35 ლარი იქნება, ხოლო პირადობის ნეიტრალური მოწმობის –10 ლარი. ეს დოკუმენტები დაიბეჭდება და შეივსება მხოლოდ „არაქართულ ენაზე“; მათზე დატანილი იქნება მხოლოდ რეგისტრაციის ნომერი, ინდივიდუალური ნომერი და არ იქნება გამოსახული საქართველოს გერბი.

ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონში ცვლილებების თანახმად, ნეიტრალური დოკუმენტების მფლობელ პირებს სეპარატისტულ რეგიონებში შესვლა შეეძლებათ არა მხოლოდ ზუგდიდისა და გორის მუნიციპალიტეტების მხრიდან, არამედ აკრძალული მიმართულებებიდანაც, თუმცა ამის შესახებ უნდა აცნობონ საქართველოს მთავრობას.

ამასთან, ნეიტრალური დოკუმენტების გაცემის მიზნებისთვის შესაძლოა, გამოყენებულ იქნეს სეპარატისტული რეგიონების ორგანოების მიერ გაცემული აქტები, თუმცა ამ შემთხვევის გარდა ეს აქტები, ცვლილებების თანახმად, „არარად ითვლება და სამართლებრივ შედეგებს არ წარმოშობს“.

ნეიტრალური დოკუმენტების გაცემა ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ საქართველოს მთავრობის ჩართულობის სტრატეგიის სამოქმედო გეგმის ნაწილია.