პარლამენტმა 1 ივლისს მესამე მოსმენით მიიღო ცვლილებები შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონში, რომელიც ამ უფლების შეზღუდვასა და მიტინგების ჩატარების წესებთან დაკავშირებულ საკითხებს არეგულირებს.
მმართველი პარტიის დეპუტატების მიერ ინიცირებული ეს ცვლილებები, რომელიც ოპონენტებმა გააკრიტიკეს როგორც კანონის კიდევ უფრო გამკაცრებისკენ გადადგმული ნაბიჯი, მაისში გამართული საპროტესტო აქციებიდან ერთი თვის თავზე იქნა დამტკიცებული.
კანონპროექტის პირვანდელ ვარიანტთან შედარებით საბოლოო რედაქციაში რიგი ცვლილებები აისახა.
კერძოდ, კანონს დაემატა ახალი დებულება, რომლის მიხედვითაც აქციის ორგანიზატორები და სამართალდამცველები ვალდებულნი არიან, ჟურნალისტებს, რომლებსაც აქვთ მაიდენტიფიცირებელი ნიშნები და აშუქებენ მანიფესტაციას, ხელი არ შეუშალონ პროფესიულ საქმიანობაში.საბოლოო ვარიანტში პირდაპირ აღარ იკრძალება სასამართლოების შენობებიდან 20 მეტრის რადიუსში შეკრებისა და მანიფესტაციის გამართვა. თუმცა სხვა ადმინისტრაციული ორგანოების მსგავსად, სასამართლოებსაც ეძლევათ უფლებამოსილება, დამოუკიდებლად დააწესონ შეზღუდვა არა უმეტეს 20 მეტრისა, შენობის ბლოკირებისა და დაწესებულების საქმიანობის შეფერხების თავიდან აცილების მიზნით. ამასთან, ადმინისტრაციული ორგანოები და სასამართლოები შეზღუდვის დაწესების თაობაზე გადაწყვეტილებას კონკრეტულ აქციაზე არსებული გარემოების გათვალისწინებით მიიღებენ ისე, რომ შეკრების „კონსტიტუციური უფლების არსი არ იყოს უგულებელყოფილი“.
კანონი 20 მეტრის რადიუსში შეკრებისა და მანიფესტაციის ჩატარებას კვლავაც პირდაპირ კრძალავს პროკურატურის, პოლიციისა და საპატიმრო დაწესებულებების, ასევე, რკინიგზის სადგურების, აეროპორტებისა და პორტების შენობების შესასვლელებიდან; აწესებს 100-მეტრიან აკრძალვას სამხედრო ნაწილებთან მიმართებაშიც.
კიდევ ერთი ცვლილება, პირვანდელ ვარიანტთან შედარებით, ეხება ბალანსის დაცვას მომიტინგეთა ინტერესებსა და იმ პირთა უფლებებს შორის, ვინც ცხოვრობს, მუშაობს, ეწევა სამეწარმეო საქმიანობას იმ ადგილებში, სადაც შეკრება ტარდება. ბალანსის დაცვის თემა დღის წესრიგში არ დგება იმ შემთხვევაში, თუ „დროის მცირე მონაკვეთში“ იზღუდება უფლებები. კანონის თანახმად, ამ ბალანსის დაცვის „ვალდებულება“ აქვს ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელ ორგანოს, რომელმაც შეიძლება დააწესოს დროისა და ადგილის შეზღუდვა შეკრების მონაწილეებისათვის ალტერნატიული ვარიანტების შეთავაზების გზით. ანალოგიური შეზღუდვა შეიძლება დაწესდეს ორი ურთიერთდაუკავშირებელი აქციის გამართვის პირობებშიც.
კანონის თანახმად, ადგილობრივი თვითმმართველობის წინასწარი გაფრთხილების აუცილებლობა აქციის გამართვის გეგმებზე არსებობს მაშინ, თუ ის ტრანსპორტის სავალ ადგილას იმართება ან ტრანსპორტის მოძრაობას აფერხებს. თუმცა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო უფლებამოსილია, გახსნას გზა და აღადგინოს ტრანსპორტის მოძრაობა, თუ ჩათვლის, რომ მომიტინგეთა რაოდენობის გათვალისწინებით, აქციის ჩატარება „სხვაგვარად შესაძლებელია“. თუ ადგილობრივი ორგანო არ ან ვერ იღებს გადაწყვეტილებას, მაშინ უკვე მთავრობას ეძლევა უფლებამოსილება, გადაწყვიტოს ეს საკითხი.
მიღებული ცვლილებების თანახმად, შეკრება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს, თუ მასობრივად ადგილი აქვს ანტისახელმწიფოებრივ მოწოდებებს და ქმედებების განხორციელების აშკარა საფრთხე არსებობს; აქციის მონაწილეები ატარებენ ცეცხლსასროლ იარაღს, ფეთქებად, ადვილადაალებად, რადიოაქტიურ, ცივ იარაღს ან ისეთ საგანს და ნივთიერებას, რომელმაც შეკრების მონაწილეთა ან სხვა პირთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას შეიძლება ზიანი მიაყენოს; იმ შემთხვევაშიც, თუ აქციის მონაწილეებს მასობრივად აქვთ ცრემლსადენი და ნერვულ-პარალიტიკური მოქმედების მომწამვლელი ნივთიერებები.
ამ ნორმების არამასობრივი დარღვევის შემთხვევაში, ასევე, კანონით დაწესებული სხვა შეზღუდვებიდან გადაცდომისას, ორგანიზატორებს მიეცემათ ვადა მათ აღმოსაფხვრელად. წინააღმდეგ შემთხვევაში, სამართალდამცველები ან თავად აღმოფხვრიან დარღვევას ან შეწყვეტენ მიტინგს.