საქართველო, 13 ივნისი, საქინფორმი. პარტია „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი ბიძინა ივანიშვილის დამარცხებისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება, თუმცა რა პოლიტიკური როლი ექნება მას პროცესში, ამას თავად მესამე პრეზიდენტი გადაწყვეტს.
როგორც ლევან ხაბეიშვილმა ჟურნალისტებთან აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა და მას სურს უკრაინის პოლიტიკაში, მათ შორის საქართველოს საკეთილდღეოდ, ჩაერთოს.
„საუბარი იმაზე, რომ თურმე “ნაციონალური მოძრაობა” პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად მიხეილ სააკაშვილის წარდგენას აპირებს, უტრირებულია. მე ვთქვი, რომ მიხეილ სააკაშვილი ბიძინა ივანიშვილის დამარცხებისთვის გარკვეული ფაქტორი იქნება, თუმცა კონკრეტულად რა პოლიტიკური როლი ექნება ამ საქმეში, ამას თავად გადაწყვეტს. ამ დრომდე მიხეილ სააკაშვილმა არაერთხელ დააფიქსირა პოზიცია, რომ ქართულ პოლიტიკაში ყოფნას არ აპირებს. ის უკრაინის მოქალაქეა, უნდა უკრაინის პოლიტიკაში ჩაერთოს. ეს, მათ შორის, ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ მოხდება. ჯერჯერობით, ეს პოზიცია მუდმივია, თუმცა მაინც არის სპეკულაციები.
მიხეილ სააკაშვილი აუცილებლად იქნება ფაქტორი ბიძინა ივანიშვილის დამარცხებაში”, - აღნიშნა ლევან ხაბეიშვილმა.