საქართველო, 13 ივნისი, საქინფორმი. საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, უმრავლესობის სხდომაზე დეოლიგაქციზაციის კანონი და ვენეციის კომისიის დასკვნა განიხილეს.
მამუკა მდინარაძის შეფასებით, ევროკომისიისა და ვენეციის კომისიის პოზიციები ერთმანეთს არ ემთხვევა.
მისივე თქმით, რადგან ვენეციის კომისიის დასკვნაში იყო მინიშნება პერსონალიზაციის საკითხთან დაკავშირებით, დეოლიგაქიზაციის შესახებ კანონის ამოქმედების ვადად ჩაიწერება 1-ელი მარტი, მაგრამ თუ ვენეციის კომისია წლის ბოლომდე მოხსნის ამ საკითხს, კანონი არ ამოქმედდება.
„მეორე საკითხი, რაც იყო აქტუალური დღევანდელ სხდომაზე, ესა იყო დეოლიგარქიზაციის საკითხი.
ვენეციის კომისიის დასკვნით, ექვსივე რეკომენდაცია იქნა გაზიარებული, მოწონებული, როგორც მოხდა მათი რეკომენდაციების კანონში ასახვა. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყველა საკვანძო საკითხი არის გათვალისწინებული, ერთადერთი მინიშნება, შეიძლება ასე დავარქვათ, იყო პერსონალიზაციის საკითხთან დაკავშირებით და თავისი არსით ევრორეკომენდაციებში შესული ეს თემა გულისხმობს პერსონალიზაციას, ამიტომ ჩვენ რომ არ დავიწყოთ მსჯელობა და დამატებით ინსინუაციები რომ არ მოჰყვეს ევროკომისიისა და ვენეციის კომისიისა პოზიციების ამ დაუმთხვევლობაში, რომ არ ვეძებოთ რაღაც შეთქმულების თეორიები, ჩვენ მოვიქცევით ასე: "დეოლიგარქიზაციის შესახებ" კანონში ჩაიწერება ამოქმედების ვადად შემდეგი წლის პირველი მარტი და იმ შემთხვევაში თუ სწორედ ამ არგუმენტაციიდან გამომდინარე ევროკომისია წელს, წლის ბოლომდე მოხსნის ამ საკითხს, ჩვენ გვექნება შემდეგი წლის დასაწყისში პირველივე სხდომაზე შესაძლებლობა, რომ გამარტივებული წესით საერთოდ არ ავამოქმედოთ ეს კანონი, სხვა შემთხვევაში, ჩვენ მივიღებთ რეკომენდაციების გათვალისწინებით დეოლიგაქციზაციის კანონს და ავამოქმედებთ კიდეც მომდევნო წლის 1-ელი მარტიდან“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მამუკა მდინარაძის თქმით, უმრავლესობის სხდომაზე ასევე განიხილეს საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ კანონი.
„მესამე საკითხი იყო საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ კანონი, აქ საინტერესო სიახლე გვაქვს, გარდა იმ დათქმისა, რომ 15% აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელს უნდა მოხმარდეს, შემდეგ წელს ეს იქნება 16% და იმის შემდეგ 17%. ამ დათქმის გარდა არის ძალიან საინტერესო და კარგი სიახლე სატელევიზიო-დოკუმენტურ ფილმებთან დაკავშირებით. საზმაუს ექნება ვალდებულება, თავისი ბიუჯეტის არანაკლებ 10% დახარჯოს სატელევიზიო დოკუმენტალისტიკაში. ეს იქნება უდიდესი სტიმული სფეროსთვის და უდიდესი წინგადადგმული ნაბიჯი. ჩვენ ამ დათქმას მხარს დავუჭერთ“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ამასთანავე, მამუკა მდინარაძის თქმით, უმრავლესობის სხდომაზე იყო დისკუსია ჯანდაცვის კანონთან დაკავშირებით.
„ასევე იყო დისკუსია ჯანდაცვის კანონთან დაკავშირებით. უმრავლესობაში არის აზრი, რომ დაჩქარებული წესით მიღება რაღაც დეტალებთან დაკავშირებით შეიძლება არ იყოს სწორი და ყველა ნიუანსი უნდა იყოს კარგად აწონდაწონილი. ბალანსი კანონმდებელმა უნდა დაიცვას სახელმწიფო ინტერესებსა და კერძო ინტერესებს შორის და არ უნდა გამოგვეპაროს არცერთი დეტალი“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.