საქართველო, 9 ივნისი, საქინფორმი. მოწოდებულები ვართ, შევასრულოთ ევროკავშირის მიერ წარმოდგენილი 12 რეკომენდაცია და დღეს ჩვენ შეგვიძლია, დავადასტუროთ, რომ მათი უმეტესობა უკვე სრულად შესრულებულია, – ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა ბრიუსელში, ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველომ სერიოზული ნაბიჯები გადადგა ქვეყნის ევროკავშირთან დასაახლოებლად.
„ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება რჩება მნიშვნელოვან ინსტრუმენტად ჩვენი ქვეყნის ევროპული ინტეგრაციისა და ტრანსფორმაციის პროცესში. 2014 წლიდან საქართველომ სერიოზული ნაბიჯები გადადგა ევროკავშირთან ჩვენი ქვეყნის დაახლოებაში პროგრესის მისაღწევად. ევროპულ გზაზე საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი უდავოა. წარმატებულმა რეფორმებმა საქართველო ბევრი კუთხით მიმზიდველ მიმართულებად აქცია და ქვეყანა ევროპულ სტანდარტებს დაუახლოვა. მიმდინარე წლის თებერვალში გამოქვეყნებული ევროკომისიის ანგარიში ასევე აღიარებს საქართველოს მიერ ევროპული ინტეგრაციის პროცესში მიღწეულ წარმატებას. ვინაიდან ევროკავშირის წევრობა არის ჩვენი დიდი ხნის კონსტიტუციური მიზანი, რომელსაც საქართველოს მოქალაქეთა 80 პროცენტზე მეტი უჭერს მხარს, საქართველო მიისწრაფვის, გამოიყენოს ყველა შესაძლებლობა წინსვლისთვის და ევროპულ ოჯახში თავისი ადგილის დასაკავებლად. გასულ წელს საქართველომ, უკრაინასთან და მოლდოვასთან ერთად, ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი წარადგინა. ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება, მიანიჭოს ევროპული პერსპექტივა საქართველოს, არის ჩვენი ევროპული ოცნების განხორციელებისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი. მოწოდებული ვართ, შევასრულოთ ევროკავშირის მიერ წარმოდგენილი 12 რეკომენდაცია და დღეს ჩვენ შეგვიძლია, დავადასტუროთ, რომ მათი უმეტესობა უკვე სრულად შესრულებულია. ამის მიუხედავად, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის არმინიჭების შესახებ გასული წლის გადაწყვეტილებამ დატოვა ადგილი გაურკვევლობისა და სპეკულაციებისთვის. ეს ჩვენი ევროპული მომავლის უზრუნველყოფისთვის არ არის საჭირო და სასარგებლო“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.
ამასთან, როგორც მაკა ბოჭორიშვილმა აღნიშნა, ევროპარლამენტის მიერ გასულ წელს მიღებულმა სამმა რეზოლუციამ ნეგატიური როლი შეასრულა ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობებში.
მისივე თქმით, წლების განმავლობაში საქართველომ დაამტკიცა, რომ ევროკავშირი სანდო პარტნიორია.
„რთულია, უგულებელყო ევროპარლამენტის მიერ გასულ წელს მიღებული სამი რეზოლუცია, რომლებმაც აშკარად ნეგატიური როლი შეასრულეს ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობებში და ხელი შეუწყვეს საქართველოს შესახებ შეცდომაში შემყვანი წარმოდგენების შექმნას. ჩვენ არასდროს აგვირიდებია თავი ევროპარლამენტის წევრებთან ნებისმიერი გადაუდებელი საკითხის განხილვისგან და ძალისხმევა არ დაგვიშურებია, რომ პირდაპირი კომუნიკაცია გვქონოდა, გვეპასუხა ნებისმიერ შეშფოთებაზე და სადაც საჭიროა, განმარტებები გაგვეკეთებინა. ამის მიუხედავად, გასულ წელს ევროპარლამენტის მიერ მიღებული დოკუმენტები შეიცავდა ძალიან სერიოზულ უზუსტობებს, რაც დაეხმარა მხოლოდ მათ, ვინც დაინტერესებულია ევროკავშირსა და საქართველოს შორის უფსკრულის შექმნაში. ეს არ არის მიზანი, რომლის მიღწევაც გვსურს. მჯერა, ჩვენ შეგვიძლია ისტორიის ერთად დაწერა ამ კრიტიკულ მომენტში ერთად დგომით და ერთმანეთის მიმართ ნდობით, პატივისცემითა და დახმარებით. წლების განმავლობაში საქართველომ დაამტკიცა, რომ ევროკავშირის სანდო პარტნიორია. საქართველოს ძალისხმევა, ხელი შეუწყოს გლობალურ მშვიდობას და უსაფრთხოებას ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების გვერდით, არ უნდა იქნას დავიწყებული. გმირი ქართველი სამხედროები ნატო-ს ძალების გვერდით იდგნენ ავღანეთში ოპერაციის დასრულებამდე და მსახურობდნენ ევროკავშირის მისიებში ცენტრალურ აფრიკასა და მალიში საქართველოს მთავრობის პოლიტიკური გადაწყვეტილებების საფუძველზე. ამავე დროს, ჩვენ ყოველთვის მადლობელი ვართ საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ძალისხმევისთვის. ჩვენ ევროკავშირს განვიხილავთ 2008 წლიდან უსაფრთხოების ადგილზე მოქმედ ერთადერთ გარანტიად. ევროპული ინტეგრაციის პროცესის მიმართ საქართველოს მთავრობის გულწრფელმა ერთგულებამ შედეგად გამოიღო რეფორმირებული ინსტიტუტები, სოციალური ცხოვრების ყველა სფეროში პროგრესი და ადამიანის უფლებების დაცვისა და კანონის უზენაესობის უზრუნველყოფის გაზრდილი სტანდარტები. ეს უბრალოდ სიტყვები არ არის. ეს დადასტურებულია დამოუკიდებელი საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ჩატარებული შეფასებებით და საჭიროა ამის შექება და არა უგულებელყოფა. ამავე დროს, ჩვენ ვაცნობიერებთ ევროკავშირის წევრობამდე გზის სიგრძეს. ჩვენ ასევე ვიცით, რომ ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი როგორც მთავრობის, ისე საზოგადოების მიერ, თუმცა ჩვენ ვერაფერს მივაღწევთ მარტო, ევროკავშირთან და მის ინსტიტუტებთან, მათ შორის ევროპარლამენტთან ნდობაზე დაფუძნებული პარტნიორობისა და თანამშრომლობის გარეშე. თქვენ ჩვენ გვჭირდებით, როგორც მეგობრები, რომლებიც ხელს უწყობენ საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესში პოზიტიურ დინამიკას და რომლებიც აცნობიერებენ, რამდენად მნიშვნელოვანია დღეს ამ მომენტის გამოყენება და რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციისთვის შეუქცევადი საფუძვლის შექმნა. საქართველოს აქვს პოტენციალი, გახსნას ახალი გეოპოლიტიკური შესაძლებლობები, ასევე, ხელი შეუწყოს უფრო ფართო ევროპულ უსაფრთხოებასა და კეთილდღეობას. ჩვენ ველოდებით, რომ წელს ევროკავშირი გადადგამს გადამწყვეტ ნაბიჯს სამართლიანი შეფასებების საფუძველზე, მიანიჭებს კანდიდატის სტატუსს საქართველოს და უბიძგებს მას, იაროს წინ, ევროპულ გზაზე სხვა კანდიდატ ქვეყნებთან ერთად. ვიმედოვნებ, ევროპარლამენტი ხელს შეუწყობს ამ გადაწყვეტილებას და ჩვენი კომიტეტის დღევანდელი მუშაობა საფუძველს დაუდებს ამ პოზიტიურ დინამიკას“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.