სამართალი
რატი ბრეგაძე: საქართველო არავის ეხმარება სანქციების გვერდის ავლაში

 საქართველო, 9 ივნისი, საქინფორმი. საქართველოს იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით, ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით რუსეთმა გადაწყვეტილება ცალმხრივად მიიღო. მისივე თქმით, ამაში ქართული მხარე ცუდს ვერ ხედავს, რადგან ფრენების აღდგენით საქართველოს მოქალაქე დაზოგავს ფინანსურ რესურსებს, დროს.

ფრენების აღდგენის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო რუსეთის ფედერაციამ და თუ საუბარია რაიმე მოტივზე, შეგიძლიათ, მათ ჰკითხოთ. საქართველოს მოქალაქეს საქართველოში ჩამოსვლა როცა გაუმარტივდება, ის დაზოგავს ფინანსურ რესურსებს, დროს. ამაში ჩვენ ცუდს ვერ ვხედავთ. სხვა რაიმე სახის კონტექსტი ჩვენი მხრიდან არ არსებობს“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

ამასთან, რატი ბრეგაძემ აღნიშნა, რომ საქართველო იცავს საერთაშორისო სანქციებს და სანქციების გვერდის ავლაში არავის ეხმარება.

საქართველო არავის ეხმარება სანქციების გვერდის ავლაში. არცერთი ფაქტი არ დადასტურებულა. გამორიცხულია, საქართველო ეხმარებოდეს, პირიქით, ბევრჯერ გამოჩნდა, რომ საქართველო არა თუ ვინმეს ეხმარება სანქციების გვერდის ავლაში, არამედ ეხმარება აღსრულებაში. ეს ყველას ინტერესში უნდა შედიოდეს. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი რუსეთის მოქალაქეებს დახვდა და ცალმხრივად აღუდგინეს უვიზო რეჟიმი“, – აღნიშნა რატი ბრეგაძემ.