საქართველო, 9 ივნისი, საქინფორმი. ნამდვილად ეტყობა, სხვა ქვეყანაზე საუბრობს და მე მგონი, საერთოდ აცდენილია რეალობას, - ასე გამოეხმაურა დედაქალაქის მერი კახა კალაძე ევროპარლამენტარ მარინა კალიურანდის მიერ ბრიუსელში, ევროპარლამენტში ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის (PAC) მე-12 სხდომაზე გაკეთებულ განცხადებებს.
მარინა კალიურანდის განმარტებას, რომლის მიხედვითაც, „დასავლელი პარტნიორები დაიღალნენ მმართველი პარტიის წევრების განცხადებებით, რომ საქართველოს ომში ჩათრევას და საქართველოში ე.წ. მეორე ფრონტის გახსნას ცდილობენ“, კალაძე პასუხობს, რომ „ხშირია, ქვეყნის მიმართ შეურაცხმყოფელი განცხადებები“.
თბილისის მერი ევროპარლამენტარის სხვა განცხადებასაც ეხმაურება, რომლის მიხედვითაც, კალიურანდი აღნიშნავს, რომ 12 რეკომენდაციასთან დაკავშირებით საქართველოს პროგრესი არასრული და ხშირად ზედაპირულია. კალაძე მიიჩნევს, რომ 12-ვე რეკომენდაცია შესრულებული იქნება.
„სამწუხაროდ, ხშირია ისეთი შემთხვევები, როცა შეურაცხმყოფელ განცხადებებს ვისმენთ ჩვენს ქვეყანასთან მიმართებით. არ იფიქროთ, რომ ეს საქართველოს ხელისუფლების მიმართ გაკეთებული განცხადებებია, ეს არის ამ ქვეყნის წინააღმდეგ გაკეთებული განცხადებები და სამწუხაროდ, უნდა აღინიშნოს, როგორც ქვეყნის შიგნით, თუ ქვეყნის გარეთ, ჩვენს ქვეყანას, ევროპულ მომავალს, ევროინტეგრაციას ჰყავს მტრები. ჯერ რას ნიშნავს - ზედაპირულად შესრულებულია. ჩვენ ვთქვით, რომ 12-ვე რეკომენდაცია შესრულებული იქნება ივნისისთვის, პროცესი მიმდინარეობს. ნებისმიერი პარამეტრი ავიღოთ, უკრაინაზე არ ვსაუბრობ, მესმის, რამხელა უბედურება ტრიალებს და რაც ხდება უკრაინაში, მაგრამ როცა ეს კონკრეტული ადამიანი გამოდის და საუბრობს იმაზე, რომ საქართველო მოლდოვას ჩამორჩება, ეს ადამიანი რბილად რომ ვთქვათ, დაცინვის ღირსია. ავიღოთ ნებისმიერი პარამეტრი, ეს ხომ არ არის ჩემ მიერ გამოქვეყნებული პარამეტრები, საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გამოქვეყნებული პარამეტრებია და გავაკეთოთ აბსოლუტურად ყველა მიმართულებით შედარებები, ნახავთ თუ როგორ არის ჩვენი ქვეყანა ყველა მიმართულებით და ყველა თვალსაზრისით წინ. მაშინ, როცა არასწორი გადაწყვეტილება იყო მიღებული, როცა სტატუსი არ მოგვანიჭეს, ესეც ძალიან კარგად ვიცით, რისთვის იყო გაკეთებული, უნდოდათ, რომ ეს ქვეყნის შიგნით ხელისუფლების წინააღმდეგ პოლიტიკურად გამოეყენებინათ, მაგრამ ეს ადამიანები მინდა დავარწმუნო და კიდევ ერთხელ გავიმეორო, რომ მათ არაფერი გამოუვათ იმისთვის, რომ ამ თვალსაზრისით დაპირისპირება მოახდინონ, მოახდინონ რაღაც რევოლუციები. საქართველოში დღევანდელ ხელისუფლებას ძალიან დიდი მხარდაჭერა აქვს და ჩვენ ვართ ის მთავრობა, რომელიც ამ ქვეყნის ინტერესს ატარებს“, - განაცხადა კალაძემ.
ცნობისთვის, ევროპარლამენტარმა მარინა კალიურანდმა ბრიუსელში, ევროპარლამენტში ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის (PAC) მე-12 სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა, რომ „ევროპარლამენტის წევრები, კოლეგები ევროკავშირის სხვა ინსტიტუტებიდან და სხვა დასავლელი პარტნიორები დაიღალნენ ქართველი თანამდებობის პირებისა და მმართველი პარტიის წევრების განცხადებებით, რომ საქართველოს ომში ჩათრევას და საქართველოში ე.წ. მეორე ფრონტის გახსნას ცდილობენ“. ევროპარლამენტარის განმარტებით, ეს კრემლის პროპაგანდის სახელმძღვანელოა და სიმართლეს არ შეესაბამება.
მარინა კალიურანდმა 12 რეკომენდაციასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ პროგრესი დღემდე არასრული და ხშირად ზედაპირულია.