სამართალი
ვახტანგ გომელაურმა და ლევან იოსელიანმა შეხვედრა გამართეს

 საქართველო, 8 ივნისი, საქინფორმი. შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა სახალხო დამცველთან, ლევან იოსელიანთან გაცნობითი შეხვედრა გამართა.

შეხვედრას შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე შალვა ბედოიძე და შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე დაესწრნენ.

ვახტანგ გომელაურმა ლევან იოსელიანს სახალხო დამცველის თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და სამომავლო საქმიანობაში წარმატება უსურვა.

შეხვედრაზე ყურადღება შინაგან საქმეთა სამინისტროს მუშაობის სპეციფიკასა და პრიორიტეტულ მიმართულებებზე გამახვილდა.

ასევე, საუბარი შეეხო სახალხო დამცველის აპარატის მანდატსა და ორი ინსტიტუციის სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს.

შეხვედრაზე მხარეებმა ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სახალხო დამცველის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და თანამშრომლობის ფორმატისა და კოორდინაციის მექანიზმების ჩამოყალიბების შესახებ იმსჯელეს.

ვახტანგ გომელაურმა აღნიშნა, რომ ადამიანის უფლებებისა და მათი უსაფრთხოების დაცვა სამინისტროსთვის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს და ამ კუთხით მუდმივად ხდება თანამშრომელთა შესაძლებლობების გაძლიერება.

გაიმართა მსჯელობა არასამთავრობო სექტორთან შემდგომი თანამშრომლობის ფორმატზე.

შეხვედრის დასასრულს მხარეებმა უწყებებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი და სამომავლო გეგმები დასახეს.

ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.