საქართველო, 8 ივნისი, საქინფორმი. „კოალიცია ინფორმაციის სანდოობისთვის“ და „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ (ISFED) კვლევაში ნათქვამია, რომ სამთავრობო უწყებების სტრატეგიული კომუნიკაციის დეპარტამენტები (სტრატკომები) „დასახულ ამოცანებს ჯეროვნად ვერ ასრულებენ“. სამთავრობო უწყებებების სტრატკომების Facebook-ების მონიტორინგმა აჩვენა, რომ სტრატკომების პოსტების უმეტესობის შინაარსი არის ხელისუფლების მიმართ კრიტიკული მედიის სიუჟეტებისა და მედიაპროდუქტის კრიტიკა.
მთავრობის, თავდაცვის, საგარეო საქმეთა და შინაგან საქმეთა სამინისტროების სტრატკომების Facebook-ების შესწავლამ აჩვენა, რომ ისინი არ გამოირჩევიან აქტიურობით და იშვიათად ქმნიან საკომუნიკაციო მასალებს. მაგალითად, საქართველოს მთავრობის სტრატკომის გვერდმა 2021 წლის ოქტომბრიდან 2023 წლის აპრილის ჩათვლით, მხოლოდ 43 პოსტი გამოაქვეყნა. კვლევის თანახმად, მონიტორინგის პერიოდში, შედარებით ყველაზე აქტიურად პოსტებს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატკომის Facebook-ის გვერდი აქვეყნებდა.
კვლევამ გამოავლინა, რომ პოსტების მინიმალური რაოდენობა რუსეთიდან მომდინარე ჰიბრიდულ საფრთხეებსა და მათთან გამკლავების მეთოდებს ეთმობა. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკის შესახებ დეზინფორმაციის მონიტორინგზე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სტრატკომია პასუხისმგებელი, მას მარტში, ე.წ. „რუსული კანონის“ საწინააღმდეგო მრავალრიცხვოვანი პროტესტის ფონზე, ერთი პოსტიც კი არ გამოუქვეყნებია და ბოლო პოსტი, 2023 წლის 30 აპრილის მდგომარეობით, წინა წლის ოქტომბრით თარიღდება.
კვლევის ფარგლებში შესწავლილი ოთხი უწყების სტრატკომების Facebook-ის გვერდებმა მტრული სახელმწიფოდან მომდინარე საფრთხეებს მცირე ყურადღება დაუთმეს. ამასთან, უწყებების Facebook-ების გვერდებზე გამოქვეყნებულ ზოგიერთ პოსტში საგარეო პოლიტიკის გამოწვევად რუსეთიდან მომდინარე საფრთხეები სახელდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების სტრატეგიული კომუნიკაციების უწყებების მიერ განსაზღვრულ კომპეტენციებს შორისაა ქართული და უცხოენოვანი მედიის მონიტორინგი/ანალიზი, არაქართულენოვან მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მონიტორინგის შედეგები გვერდებზე არ განთავსებულა.
სტრატკომების Facebook-ების გვერდებზე გამოყენებული ლექსიკა, ზოგიერთ შემთხვევაში, არ შეესაბამებოდა საჯარო უწყებისთვის აუცილებელი პოლიტიკური ნეიტრალიტეტის სტანდარტებს. მაგალითად, მთავრობის სტრატკომის Facebook-ზე ტელეკომპანია „ფორმულა“ მოხსენიებული იყო, როგორც „ბრალდებულ დავით კეზერაშვილის ტელევიზია“. ერთ-ერთი პოსტის გამოქვეყნების დროისათვის პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მოქმედი თავმჯდომარე, ნიკა მელია, გვერდმა „გაკოტრებული ძალის გაკოტრებულ ლიდერად“ მოიხსენია. თავდაცვის სამინისტროს სტრატკომის გვერდზე ხელისუფლების მიმართ კრიტიკული მედიასაშუალებების ნაწილი, მათ შორის „მთავარი არხი“ და „ტელეკომპანია პირველი“, მოხსენიებული იყო „პოლიტიკურად ანგაჟირებულ მედიასაშუალებებად“, „პოლიტიკური დღის წესრიგის მქონეებად“ და „პარტიულ ტელევიზიებად“.
მონიტორინგის პერიოდში, ცნობილი გახდა მეტას გადაწყვეტილებაც, რომლის მიხედვითაც, კომპანიამ 2023 წლის მაისში, საქართველოს მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტთან დაკავშირებული არაავთენტური კოორდინირებული ქსელი წაშალა. მეტას განცხადებით, ქსელი მოიცავდა 80 ანგარიშს, 9 ჯგუფს, 29 გვერდს და ინსტაგრამის ორ ანგარიშს. მთავრობის სტრატკომის მიერ მართული არაავთენტური ქსელი ჩართული იყო მარტის აქციების, ასევე ოპოზიციური პარტიების დისკრედიტაციაში, ხოლო ამ პოსტების რეკლამირებაზე ჯამში 33 500 აშშ დოლარი დაიხარჯა. ამ დრომდე, მთავრობის სტრატკომს მეტას გადაწყვეტილების შესახებ კომენტარი არ გაუკეთებია.