ერთიანი ეროვნული გამოცდები გუშინ, 30 ივნისს, დაიწყო და 21 ივლისამდე გასტანს.
მეორე დღეა, საქართველოს მასშტაბით 15 საგამოცდო ცენტრში აბიტურიენტები ორ სესიად აბარებენ გამოცდას ქართულ ენასა და ლიტერატურაში. საგამოცდო ცენტრები მობილიზებულია, რათა საგამოცდო პროცესი ხარვეზებისა და შეფერხებების გარეშე მაღალ დონეზე წარიმართოს.
აბიტურიენტებსა და მათ გულშემატკივრებს დედაქალაქის საგამოცდო ცენტრების მიმართულებით მეტროსადგურებიდან დანიშნული სპეციალური უფასო ავტობუსები ემსახურება.
მობილიზებულია ყველა და ყველაფერი, მათ შორის, ტაქსისტები, რომლებიც აბიტურიენტებს საგამოცდო ცენტრებამდე მიყვანაში თეთრს არ უკლებენ; სეზონური რეალიზაციის ბარაქიანობადაცდილი წვრილი მოვაჭრენიც აბიტურიენტებზე არანაკლებ მიიჩქარიან...გამოსაცდელები შიგნით იწურებიან, გულშემატკივრები – გარეთ. თუმცა თუ საგამოცდო ციებ-ცხელებასთან ერთად ივლისის სიცხესაც გავითვალისწინებთ, მეტ-ნაკლები განსხვავებაც იგრძნობა.
განსაკუთრებულ სიგრილესა და „კომფორტულ“ გარემოში არიან აგრარულ უნივერსიტეტში მოხვედრილ აბიტურიენტთა გულშემატკივრები. წიწვნარში თაკარა მზეს მორიდებულნი მშვიდად ელიან გამოცდიდან შვილების გამოსვლას. პროდუქტებიც ადგილზე ჩამოტარებითაა – ცხელ-ცხელი, ცივ-ცივი, გრილ-გრილი, თბილ-თბილი, ახალმოხლილი... გაორმაგებულ-გასამმაგებული ფასებით... და რჩება დღის ბოლოს გადათელილ-დანაგვიანებული წიწვნარი... რა ვუყოთ, რომ იქ ელექტრომრიცხველი არ ტრიალებს...
შეგახსენებთ, 2011 წლისათვის 33 898 აბიტურიენტია რეგისტრირებული. გამოცდების პირველადი შედეგები აგვისტოს დასაწყისიდან იქნება ცნობილი.