სამართალი
როგორც ევროკავშირის ელჩმა საქართველოში ფილიპ დიმიტროვმა დღეს სასტუმრო „ქორთიარდ-მარიოტში“ მსოფლიოში წამების საკითხებისადმი მიძღვნილ მე-7 კონფერენციაზე გამოსვლისას განაცხადა, „წამებისა და ადამიანის უფლებების ხელყოფის წინააღმდეგ საბრძოლველად საქართველოს ხელისუფლებამ მნიშვნელოვანი ღონისძიებები გაატარა და ამ მხრივ პოზიტიური სიგნალებიც შეინიშნება, თუმცა გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრია“.
„ადამიანის უფლებების დაცვა უპირველესია. ეს არის ევროპის სტანდარტებისა და ფასეულობების ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი. რასაკვირველია, ყველას გვესმის, რომ სამყაროში ყველაფერი კარგად არ არის და ადგილი აქვს დარღვევებს. ამ მიმართულებით საქართველოში გარკვეული პოზიტიური სიგნალები ნამდვილად სახეზეა. წამების პრევენციის კომიტეტის დასკვნაშიც წერია, რომ ამ მიმართულებით სახალხო დამცველის მუშაობა ძალიან ეფექტურია და რომ ქვეყანაში არსებობს ეროვნული პრევენციის მექანიზმი, რომელიც რეალურად მუშაობს, თუმცა წამებისა და ადამიანის უფლებების ხელყოფის კუთხით პრობლემები მაინც რჩება“, – აღნიშნა დიმიტროვმა. ევროკავშირის წარმომადგენლების მხრიდან მსგავს შეფასებებს საზოგადოების ყური უკვე მიეჩვია. დღესაც, ტრადიციულად, ელჩმა დიმიტროვმა კონკრეტიკის გარეშე ისაუბრა და, ძირითადად, მაინც ხელისუფლების მიღწევებს გაუსვა ხაზი. ხოლო „ბევრი რაღაა გასაკეთებელი“, არ დაუკონკრეტებია.