საქართველო, 6 ივნისი, საქინფორმი. 4 ივნისს, წინასწარი პატიმრობისთვის განკუთვნილი მაქსიმალური დროის, 48 სთ-ის გასვლის შემდეგ, წინასწარი მოთავსების იზოლატორებიდან 2 ივნისის აქციაზე საპროტესტო ბანერების ჭერის გამო დაკავებული უფლებადამცველები და აქტივისტები გაათავისუფლეს.
ყველაზე ბოლოს იზოლატორები ეტაპობრივად საბა ბრაჭველმა, ედუარდ მარიკაშვილმა და ნიკა რომანაძემ დატოვეს. მანამდე, აქტივისტი ლაშა ჯანჯღავა და „გირჩი-მეტი თავისუფლების“ წევრი,- ლევან ნიშნიანიძე გაათავისუფლეს. 2 ივნისს დაკავებულთა შორის იყო ადვოკატი შოთა თუთბერიძეც, რომელიც ხელწერილის საფუძველზე დაკავებიდან მალევე გამოუშვეს.
არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ (GDI) თავმჯდომარემ, ედუარდ მარიკაშვილმა, რომელიც სამართალდამცველებმა სუფთა ფურცლის ჭერის გამო დააკავეს, გათავისუფლების შემდეგ აღნიშნა, რომ მისი დაკავება, ისევე როგორც იზოლატორში 48 სთ-ით მოთავსება იყო „სრულიად უკანონო“. მისი თქმით, ხელისუფლებას ავიწყდება, რომ „ის ძალაუფლება, რომლითაც ისინი თამაშობენ და ისინი თამაშობენ ადამიანის თავისუფლებით, მინიჭებული აქვთ ხალხისგან“.
„მე ყველაფერს გავაკეთებ, როგორც უფლებადამცველი, როგორც სამოქალაქო ორგანიზაციის წარმომადგენელი, რომ ბევრმა ადამიანმა გაიგოს საქართველოში, რომ ძალაუფლება ხელისუფლებისთვის არ მიგვიცია სათამაშოდ, არამედ მივეცით იმისთვის, რომ ჩვენი კეთილდღეობა უზრუნველყოს“, – ხაზი გაუსვა მან.
გათავისუფლების შემდეგ, საბა ბრაჭველმა, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაცია „ღია საზოგადოების ფონდის“ თანამშრომელია, ჟურნალისტებს უთხრა, რომ „არ შეიძლება, ჩვენი ქვეყანა იყოს ისეთი ქვეყანა, სადაც ადამიანებს ციხეში უშვებენ თეთრი ქაღალდის ფურცლის ხელში ჭერის გამო“. ბრაჭველის თქმით, ისინი სამართალდამცველების მიერ მათი დაკავებისას შედგენილ ოქმებს და იქ წარმოჩენილ ფაქტობრივ გარემოებებს არ ეთანხმებიან და ამას სასამართლო პროცესებზეც იტყვიან.
„მომექცნენ ისე, როგორც ექცევიან ადამიანებს რუსეთში და მემგონი ყველა უკვე ვთანხმდებით, რომ რეჟიმი სრულად გაშიშვლდა და აქამდე თუ ეჭვები იყო მის საგარეო კურსზე, რომ რუსეთისკენ მივყავართ, ახლა უკვე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქვეყნის შიგნითაც უკვე რეპრესიები აამოქმედა, ისეთი, როგორიც არის რუსეთში“, – განაცხადა სამოქალაქო აქტივისტმა, ნიკა რომანაძემ.
იურისტმა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელმა, გიორგი მშვენიერაძემ ჟურნალისტებს განუმარტა, რომ ის, რასაც სამართალდამცველები 2 ივნისს პარლამენტის წინ აკეთებდნენ, სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული სამი სხვადასხვა დანაშაულია. მისი თქმით, ისინი უახლოეს მომავალში პროკურატურას გამოძიების დაწყებისა და იმ პოლიციელების დასჯის მოთხოვნით მიმართავენ, რომლებიც „სინამდვილეში არა სამართალდამცველები, არამედ სამართალდამრღვევები იყვნენ“.
დაკავებულების გამოშვებამდე ერთი დღით ადრე, 3 ივნისს, საკითხს საქართველოში აშშ-ის საელჩოც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ „ყურადღებით“ აკვირდებოდა „იმ პირთა საქმეებს, რომლებიც 2 ივნისს პარლამენტის წინ მშვიდობიანი აქციის დროს დააკავეს“. „მშვიდობიანი შეკრების უფლება და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ძირითადი უფლებებია და დემოკრატიის საფუძველს წარმოადგენს“, – აღნიშნა საელჩომ და ხაზი გაუსვა, რომ „განსხვავებული აზრის მიმართ ტოლერანტობის ნაკლებობა შეუსაბამოა ევროატლანტიკურ ერთა ოჯახის ღირებულებებთან, რომელსაც საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას სურს, რომ შეუერთდეს“.