სამართალი
უკრაინული პორტალი „ომი და სანქციები"„ჯორჯიან ეარვეისისა“ და თამაზ გაიაშვილისთვის სანქციების დაწესებას მოითხოვს

 საქართველო, 5 ივნისი, საქინფორმი. უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული სააგენტოსა და უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით შექმნილი პორტალი „ომი და სანქციები“ ქართული ავიაკომპანიის, „ჯორჯიან ეარვეისისა“ და მისი პრეზიდენტის, თამაზ გაიაშვილისთვის სანქციების დაწესებას მოითხოვს. ვებსაიტზე ანალოგიური მოთხოვნაა კომპანიის დირექტორის (თამაზ გაიაშვილის ძმის), დავით გაიაშვილის მიმართაც. გარდა ამისა, პორტალი მოითხოვს სანქცირებულთა სიაში შეიყვანონ პრორუსი პოლიტიკოსის, ვალერი კვარაცხელიას შვილის, დავით კვარაცხელიას კომპანია „აერო ჰენდლინგ ჯორჯია“ (Aero Handling Georgia).

„ომი და სანქციები“ განმარტავს, რომ 20 მაისს ქართულმა ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისმა“ მიიღო თბილისი-მოსკოვის მიმართულებით პირდაპირი ავიამიმოსვლის ნებართვა და დაიწყო ფრენები რუსეთში, რაც რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოსთან პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის ცალმხრივად აღდგენის შედეგად მოხდა. რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ბრძანებულებით (2023 წლის 10.05.2023) გაუქმდა საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლის 4-წლიანი აკრძალვა და საქართველოს მოქალაქეებისთვის არსებული სავიზო შეზღუდვა, რომელიც მოქმედებდა 2000 წლიდან.

როგორც პორტალი აღნიშნავს, „ჯორჯიან ეარვეისის“ საქმიანობა, რომელიც მიზნად ისახავს სატრანსპორტო კავშირების მნიშვნელოვნად გააქტიურებას და გამარტივებას, მათ შორის საქართველოში რუსული ბიზნესის წარმომადგენლებისთვის, იწვევს სანქციების გვერდის ავლის ახალი სქემების ფორმირების რისკების და ინტეგრაციის ზრდას.

„ომი და სანქციები“ აღნიშნავს, რომ „თამაზ გაიაშვილი ბიძინა ივანიშვილის კაცად არის პოზიციონირებული“.

ამავდროულად, ვებსაიტზე ვკითხულობთ, რომ „ჯორჯიან ეარვეისი“ თავისი დამფუძნებლებისა და მენეჯერების მეშვეობით დაკავშირებულია კომპანია „აერო ჰენდლინგ ჯორჯიასთან."

უკრაინული პორტალი აღნიშნავს, რომ შპს „აერო ჰენდლინგ ჯორჯია" მომსახურებას უწევს „ჯორჯიან ეარვეისს“, ასევე უკრაინის სანქციის ქვეშ მყოფ რუსულ ავიახაზებს, კერძოდ, Red Wings-სა და „აზიმუტს“.

10 მაისს რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებულებებს საქართველოსთან 2019 წლის ზაფხულიდან გაუქმებული პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენის და 2000 წლიდან მოქმედი სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ. ამის შემდეგ საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ რუსულ და ქართულ ავიაკომპანიებს რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების დაწყების უფლება მისცა.

20 მაისიდან თბილისიდან მოსკოვში და პირიქით, რეგულარული ავიამიმოსვლა დაიწყო ქართულმა კომპანია "ჯორჯიან ეარვეისმა". მას კვირაში შვიდი რეისის შესრულების ნებართვა 16 მაისიდან აქვს. 19 მაისს დაიწყო პირდაპირი ფრენები რუსულმა ავიაკომპანია "აზიმუტმა", რომლის პირველ რეისსაც თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საპროტესტო აქციით დახვდნენ.

რუსეთთან პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენას, ხელისუფლების წარმომადგენლებისგან განსხვავებით, ქვეყნისთვის საზიანოდ მიიჩნევენ საქართველოს პრეზიდენტი, არასამთავრობო ორგანიზაციები და ოპოზიციური პარტიები.

რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენის გამო ევროკავშირის 27-ვე ქვეყანამ საქართველოს დემარში გამოუცხადა.