სამართალი
„ქრისტიან-დემოკრატებმა“ დასუფთავების გადასახადის წესის შეცვლაზე სასამართლოში სარჩელი შეიტანეს

courtთბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი დღეს გიორგი ახვლედიანმა, ინგა გრიგოლიამ, ზაზა გაბუნიამ და ჯაბა სამუშიამ შეიტანეს.

ახვლედიანის განცხადებით, „ქრისტიან-დემოკრატები“ ასაჩივრებენ საკრებულოს 24 ივნისის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, მოსახლეობა დასუფთავების გადასახადს მოხმარებული ელექტროენერგიის მიხედვით გადაიხდის, ანუ ყოველ კვტ სთ-ზე 5 თეთრს.

„ეს არის მოსაკრებლის შესახებ კანონის დარღვევა, სადაც წერია, რომ ერთ სულ მოსახლეზე თვეში დასუფთავების გადასახადი არ უნდა აღემატებოდეს სამ ლარს, ამ გადაწყვეტილებით უამრავ ადამიანს სამ ლარზე გაცილებით მეტის გადახდა მოუწევს. საკრებულოს გადაწყვეტილება პარლამენტის მიერ მიღებულ კანონს ეწინააღმდეგება, რომელიც არის აღმატებული. შესაბამისად, ჩვენ მივიჩნევთ, რომ სასამართლომ ეს გადაწყვეტილება უნდა გააუქმოს“, – დასძინა ახვლედიანმა.