სამართალი
რუსი პუბლიცისტი ვიქტორ შენდეროვიჩი საქართველოში არ შემოუშვეს

 საქართველო, 5 ივნისი, საქინფორმი. ცნობილი რუსი ჟურნალისტი, მწერალი და სატირისტი ვიქტორ შენდეროვიჩი 1 ივნისს საქართველოში არ შემოუშვეს. ამის შესახებ შენდეროვიჩმა Facebook-ზე თავად დაწერა და დასძინა, რომ ბათუმსა და თბილისში დაგეგმილი მისი ღონისძიებები აღარ ჩატარდება.

„დღესასწაული გადაიდო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანონიმური ჯგუფის მიერ. საქართველო ჩემგან დაიცვეს. ყოჩაღ“, – აღნიშნა მან და დასძინა: „ივანიშვილის პირობებში საქართველო პუტინის პროვინციად დასახელებას ვერ გავრისკავ, მაგრამ მუშაობა ამ მიმართულებით მიმდინარებს, ასე არ არის?“.

შენდეროვიჩმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ 2006 წელს, გაგანია „სამარცხვინო“ ანტიქართული კამპანიის დროს, იგი ასობით სხვა მოქალაქესთან ერთად, მოსკოვში, პუშკინის მოედანზე საპროტესტო მიტინგზე სამკერდე ნიშნით გამოდიოდა, რომელსაც ეწერა – „მე ქართველი ვარ“. „როგორც უკვე {თბილისიდან} ჩემი დეპორტაციით ირკვევა, საკმარისად ქართველი არ ვარ“.

შენდეროვიჩი, რომელიც ცნობილია კრემლის ღია კრიტიკითა და რუსეთ-უკრაინის ომის წინააღმდეგ გამოსვლებით, თელ-ავივიდან თბილისში ისრაელის პასპორტით მიემგზავრებოდა, თუმცა იგი საქართველოს საზღვირდან ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე გააბრუნეს.

2 ივნისს თბილისში მისი სპექტაკლი – „ერთი შენდეროვიჩის თეატრი“ უნდა გამართულიყო, ხოლო 4 ივნისს ბათუმში დაგეგმილ ღონისძიებაში – „მესიჯები და დიალოგები“ – უნდა მიეღო მონაწილეობა.

შენდეროვიჩი რუსეთის ომის საწინააღმდეგო კომიტეტის აქტიური წევრი და კრემლის ქმედებების ღია კრიტიკოსია, 2021 წლის დეკემბერში, რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ შენდოროვიჩი „უცხოელ აგენტად“ გამოაცხადა, რის გამოც იგი იძულებული გახდა, რომ 2022 წლის იანვარში ქვეყანა დაეტოვებინა.