გაეროს რეზოლუციას საქართველოს მეზობლებიდან აზერბაიჯანის გარდა მხარი არავინ დაუჭირა
გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ საქართველოსთან დაკავშირებით მიღებულ რეზოლუციას სომხეთმა და რუსეთის ფედერაციამ წინააღმდეგ მისცეს ხმა, თურქეთმა თავი შეიკავა, ირანის წარმომადგენლები კი კენჭისყრას არ ესწრებოდნენ. საქართველოს მხარდამჭერთა რიგებში ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორი აშშ, ევროკავშირის წამყვანი ქვეყნები – საფრანგეთი, გერმანია, იტალია, დიდი ბრიტანეთი, ესპანეთი, ტრადიციული მხარდამჭერი ბალტიისპირეთის ქვეყნები, მოლდოვა და პოლონეთი, ასევე, ავსტრია, ავსტრალია, ბელგია, ბოსნია-ჰერცეგოვინა, ბულგარეთი, კანადა, ხორვატია, ჩეხეთი, საბერძნეთი, უნგრეთი, ნიდერლანდები, ნორვეგია, პორტუგალია, შვედეთი, დანია, იაპონია და სხვა ქვეყნები აღმოჩნდნენ.
რაც შეეხება საქართველოს მეგობარ უკრაინას, მისი წარმომადგენელი კენჭისყრის პროცესს არ დასწრებია. სულ რეზოლუციას 57-მა სახელმწიფომ დაუჭირა მხარი.
13 მოწინააღმდეგე ქვეყნის რიგებში, სომხეთისა და რუსეთის გარდა, არიან სირია, კუბა, კორეის დემოკრატიული-სახალხო რესპუბლიკა, ნიკარაგუა, სერბია, ვენესუელა, ვიეტნამი და სხვები.
73-მა სახელმწიფომ რეზოლუციის მიმართ პოზიციის დაფიქსირებისგან თავი შეიკავა, მათ შორის – თურქეთმა, ტაჯიკეთმა, შვეიცარიამ, ეგვიპტემ, ჩინეთმა, ინდოეთმა, ყაზახეთმა, ყირგიზეთმა და სინგაპურმა. მათ რიგებში ამჯერად ისრაელიც აღმოჩნდა.