აქტუალური
იენს სტოლტენბერგი: მნიშვნელოვანია, საქართველო იმ დემოკრატიულ ღირებულებებს შეესაბამებოდეს, რომლებისაც ჩვენ ყველას გვწამს

 საქართველო, 26 მაისი, საქინფორმი. ვფიქრობ, რომ საქართველო არის ქცევის მოდელის ნაწილი, რადგან რუსეთის აგრესიული ქმედებები მეზობლების წინააღმდეგ არ დაწყებულა 2014 წელს უკრაინაში ომით, ის 2008 წელს საქართველოში შეჭრით დაიწყო, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში „გერმანიის მარშალის ფონდის“ მიერ ორგანიზებული დისკუსიის დროს განაცხადა.

ასე რომ, ეს ქცევის მოდელი მკაფიო შეხსენებაა, რომ ეს მხოლოდ უკრაინაში ამ ომს არ ეხება, რომ ცივი ომის შემდეგ რუსეთთან უკეთესი, უფრო მეგობრული ურთიერთობების აწყობის მცდელობები ჩავარდა რუსეთის აგრესიული ქცევის გამო. მათ გავლენის სფეროების ხელახლა დამყარება სურდათ, რათა მეზობლები ეკონტროლებინათ. და, რა თქმა უნდა, ეს არ არის ის სამყარო, რომელშიც ჩვენ გვსურს ცხოვრება, რადგან ეს ნიშნავს, რომ ნატო-მრავალ მეზობელს, პოსტსაბჭოურ რესპუბლიკებს არ ექნებათ დამოუკიდებლობა, რაც, ჩვენი რწმენით, ყველა ქვეყანას უნდა გააჩნდეს“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

მისივე თქმით, ნატო მრავალი წლის განმავლობაში მუშაობდა საქართველოსთან რეფორმების გატარების, პრაქტიკული, პოლიტიკური თანამშრომლობის კუთხით.

რა თქმა უნდა, ომის შემდეგ ვნახეთ, რომ ქვეყნები, რომელთაც ხშირად „შუაში“ მყოფ ქვეყნებს ვუწოდებ, რაც, ჩემი აზრით, საუკეთესო გამოთქმა არ არის, უბრალოდ, ეს ქვეყნები არ არიან ნატოელი მოკავშირეები, თუმცა ცდილობენ, წინააღმდეგობა გაუწიონ რუსეთის ზეწოლას. ასეთი ქვეყნები მოწყვლადები არიან. ასე რომ, მადრიდის სამიტზე გადავწყვიტეთ, გაგვეძლიერებინა ის, რასაც ამ ქვეყნებისთვის ვაკეთებთ, და საქართველო ერთ-ერთი მკაფიო მაგალითია. ვფიქრობ, ასევე უნდა გვესმოდეს, რომ მნიშვნელოვანია, საქართველო იმ დემოკრატიულ ღირებულებებს შეესაბამებოდეს, რომლებისაც ჩვენ, ყველას, გვწამს და, რა თქმა უნდა, ველით, რომ ნატო-არაწევრი მოკავშირეები დაიცავენ სანქციებს და რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ აგრესიული ომის დაფინანსებას და ორგანიზებას არ გაუადვილებენ”, – განაცხადა სტოლტენბერგმა.