სამართალი
თავდაცვის მინისტრი ნატო-ს გენერალური მდივნის წარმომადგენელს შეხვდა

 საქართველო, 25 მაისი, საქინფორმი. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს, ხავიერ კოლომინას უმასპინძლა.

თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, ჯუანშერ ბურჭულაძემ ხავიერ კოლომინას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

„შეხვედრაზე მხარეებმა რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოსა და გამოწვევებზე ისაუბრეს. უკრაინაში განვითარებული მოვლენებისა და უსაფრთხოების მზარდი გამოწვევების ფონზე, თავდაცვის მინისტრმა ყურადღება საქართველოს თავდაცვისუნარიანობის, მდგრადობის, კიბერთავდაცვითი შესაძლებლობების, ნატო-სთან თავსებადობის გაზრდაზე გაამახვილა და ამ პროცესში ალიანსის პოლიტიკური და პრაქტიკული თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობაზე ისაუბრა.

ჯუანშერ ბურჭულაძემ ალიანსის წარმომადგენელს ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტით (SNGP) გათვალისწინებული ინიციატივების ფარგლებში მიღწეული წარმატებები და განხორციელებული აქტივობები გააცნო. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მადრიდის სამიტზე მინიჭებულ „საქართველოზე მორგებული მხარდაჭერის დოკუმენტს“, რაც ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებას, არსებითი პაკეტის გაძლიერებასა და მოკავშირეთა მხრიდან ქმედითი ღონისძიებების გატარებას ითვალისწინებს.

ქართული მხარის წარმომადგენლებმა იმედი გამოთქვეს, რომ ნატო-ს მომავალ სამიტზე, ქალაქ ვილნიუსში ალიანსი საქართველოს გაწევრიანების მიმართ მხარდაჭერას დაადასტურებს და პრაქტიკული თანამშრომლობის სპექტრს გააფართოებს“, – ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციაში.

კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი საქართველოში სამუშაო ვიზიტით, რეგიონული ტურნეს ფარგლებში იმყოფება.