საქართველო, 24 მაისი, საქინფორმი. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა 23 მაისს 2022 წელს მსოფლიოში რელიგიის თავისუფლების მდგომარეობის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. ყოველწლიური ანგარიში რელიგიის თავისუფლების თვალსაზრისით საქართველოში არსებულ მდგომარეობას, ასევე ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და რელიგიური ჯგუფების წუხილებსაც მიმოიხილავს.
ანგარიშში ნათქვამია, რომ 2022 წელს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტმა რელიგიური მოტივით ჩადენილი 8 დანაშაული გამოიძია. 2021 წელს ამ ტიპის გამოძიებული დანაშაულების რაოდენობა 13 იყო. საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა რელიგიური მოტივით ჩადენილი დანაშაულების ან რელიგიური დისკრიმინაციის თაობაზე ოთხი საჩივარი მიიღო, რაც 2021 წელთან შედარებით ერთით ნაკლებია. იეჰოვას მოწმეები მათ წინააღმდეგ ჩადენილი 9 ინციდენტის შესახებ იტყობინებიან. დანაშაულები მოიცავდა ძალადობას, ვანდალიზმსა და ქურდობას. 2021 წელს 6 ასეთი ინციდენტი დაფიქსირდა.
სახელმწიფო დეპარტამენტი არასამთავრობო ორგანზიაცია „მედიის განვითარების ფონდის“ ინფორმაციასაც ეყრდნობა, რომელმაც ადგილობრივ მედიაში რელიგიურად არაშემწყნარებლური განცხადებების 98 შემთხვევა აღრიცხა, რომელთა უმეტესობაც ანტიმუსულმანულ განწყობებს ასახავდა. 2021 წელს 117 ასეთი შემთხვევა აღირიცხა.
ანგარიში ასევე ეყრდნობა არასამთავრობო ორგანიზაცია „ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის“ (TDI) დასკვნებს, სადაც სოციალურ მედიაში გაზიარებული ანტისემიტური განცხადებების შემთხვევებია ასახული. მათ შორისაა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირების ორი განცხადება. ისინი ეხებოდა გარდაცვლილ უფლებადამცველს, ვიტალი საფაროვს და მის ოჯახს, ასევე ანტისემიტურ შენიშვნებს, რომლებიც მიმართული იყო უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართ. 28 თებერვალს, არასამთავრობო ორგანიზაცია „ისრაელის სახლმა“ გაავრცელა ინფორმაცია თბილისში, სამგორის რაიონში, ებრაული სასაფლაოს კედელზე დახატული სვასტიკის აღმოჩენის შესახებ.
ანგარიშის თანახმად, რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონის ხელმძღვანელობას რელიგიური ლიდერები აკრიტიკებდნენ გარკვეული რელიგიური ჯგუფებისთვის შეზღუდვების დაწესების, მათ შორის, იეჰოვას მოწმეების საქმიანობის ნაწილობრივი აკრძალვის გამო. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოსა და რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიები ორივე რეგიონში მდებარე მართლმადიდებელ ეკლესიებს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ნაწილად მიიჩნევენ, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ცხინვალის „ხელისუფლება“ ზეწოლას ახდენდა მართლმადიდებელ ეკლესიებზე რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიაში შესვლასთან დაკავშირებით. იმავდროულად, აფხაზეთის ზოგიერთი რელიგიური მოღვაწე კვლავ ემხრობოდა რეგიონის მართლმადიდებელი ეკლესიების აფხაზეთის ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიად გადაქცევის იდეას.
ცხინვალის რეგიონის „ხელისუფლებამ“ საქართველოს ეკლესიის რელიგიური მსახურება უკანონოდ მიიჩნია, თუმცა პრაქტიკაში მისი განხორციელება დაუშვა, ხოლო საქართველოს ეკლესიის სასულიერო პირებს აფხაზეთში შესვლა საერთოდ აუკრძალეს. ამასთან დაკავშირებით ანგარიშში ნათქვამია, რომ „საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლებს აფხაზეთში, მათ შორის, გალის რაიონში შესვლა და მსახურების ჩატარება არ შეეძლოთ“.
წინა ანგარიშების მსგავსად, 2022 წლის დოკუმენტიც აღნიშნავს, რომ კანონმდებლობა და პოლიტიკა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას კვლავ განსაკუთრებულ პრივილეგიებს ანიჭებს, რითიც სხვა რელიგიური ჯგუფები ვერ სარგებლობენ. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია გათავისუფლებულია რელიგიური შენობების მშენებლობაზე, რესტავრაციასა და მოვლა-პატრონობაზე დაწესებული გადასახადებისა და ქონების გადასახადისგან. საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას აქვს არასასოფლო-სამეურნეო სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის წესით შეძენის ექსკლუზიური უფლება მაშინ, როდესაც სხვა ჯგუფებმა საჯარო ტენდერებში უნდა მიიღონ მონაწილეობა.
ანგარიშში ნათქვამია, რომ პარლამენტმა კიდევ ერთხელ ვერ შეასრულა სასამართლოს ბრძანება, რომ შეეზღუდა საქართველოს ეკლესიისთვის ექსკლუზიური საგადასახადო და ქონებრივი პრივილეგიები და ისინი სხვა რელიგიურ ჯგუფებზეც გავრცელებულიყო.
სახელმწიფო დეპარტამენტი ბათუმში მეჩეთთან დაკავშირებით გადაუჭრელ სამართლებრივ დავასა და რელიგიური საკუთრების მრავალრიცხოვან საქმეებში პროგრესის ნაკლებობაზეც ამახვილებს ყურადღებას. მუსლიმებმა კიდევ ერთხელ გამოთქვეს შეშფოთება მეჩეთების მშენებლობის შესახებ გადაწყვეტილებებში მთავრობის გაუმჭვირვალობის გამო. ზოგიერთ მუსლიმურ ჯგუფს პრობლემები შეექმნა მათი რელიგიური საკუთრების ხელისუფლების მიერ აღიარების მოპოვებაში.
მუსლიმი ლიდერები და არასამთავრობო ორგანიზაციები სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული ჯგუფის „სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს“ მიმართ მთავრობის გავლენასა და ფავორიტიზმზე საუბრობენ.
საკონსტიტუციო სასამართლოს არ მიუღია გადაწყვეტილება იმის შესახებ, განიხილავდა თუ არა ცხრა ქრისტიანული და მუსლიმური რელიგიური ორგანიზაციის საქმეს, რომლებიც სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების შეძენაზე გარკვეული რელიგიური ორგანიზაციების უფლებების შეზღუდვას აპროტესტებდნენ.
კვლავ გაგრძელდა დაძაბულობა გურიის რეგიონის სოფელ ბუკნარში მუსლიმებსა და ქრისტიანებს შორის, სადაც 2021 წელს ქრისტიანების ჯგუფი ორ მოზარდ მუსლიმ ბიჭს თავს დაესხა, როდესაც ისინი „კერძო სახლში განთავსებულ სალოცავში მიდიოდნენ ან უკან ბრუნდებოდნენ“.