სამართალი
ლევან იოსელიანი ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს, დუნია მიატოვიჩს შეხვდა

 საქართველო, 24 მაისი, საქინფორმი. 23 მაისს საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი სტრასბურგში, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს, დუნია მიატოვიჩს შეხვდა.

სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, დუნია მიატოვიჩმა ლევან იოსელიანს თანამდებობაზე არჩევა მიულოცა და ხაზი გაუსვა ევროპის საბჭოსა და სახალხო დამცველის აპარატს შორის მჭიდრო თანამშრომლობის აუცილებლობას.

შეხვედრაზე სახალხო დამცველმა საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობა მიმოიხილა, ყურადღება გაამახვილა გამოწვევებზე, რომელიც შეეხება მედიას, გამოხატვის თავისუფლების საკითხებს, უმცირესობათა ჯგუფებს; ყურადღება გაამახვილეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ე.წ. გამყოფ ხაზთან მცხოვრები მოსახლეობის უფლებრივ მდგომარეობაზე.

მხარეებმა ისაუბრეს სახალხო დამცველის აპარატის პრიორიტეტებზე და აპარატის როლზე ქვეყნის ევროპასთან ინტეგრაციის პროცესში 12-პუნქტიანი გეგმის შესრულების საქმეში.