პუბლიკაციები
ქართველები და ებრაელები: ნაპრალი მრავალსაუკუნოვანი მეგობრობის მონოლითში (საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო „საქინფორმის“ ჟურნალისტური გამოძიება - ნაწილი მეორე)

ebraelebi_qartvelebiრიგში თემიდასთან

მართლმსაჯულების ქალღმერთთან რიგში პირველები ებრაელები აღმოჩნდნენ – კომპანია „Tramex“, რომლის მფლობელებიც რონი ფუქსი და ბერძენი ბიზნესმენი იოანის კარდასოპულოსი არიან. ზეევ ფრენკელი რონი ფუქსის დამხმარე იყო საქართველოს მიმართულებით. ჯერ კიდევ ედუარდ შევარდნაძის მმართველობის დროს ამ კომპანიამ საქართველოს ტერიტორიაზე ნავთობის ტრანსპორტირებასა და გადამუშავებაზე მონოპოლიური კონტროლის ხანგრძლივვადიანი ლიცენზია მიიღო. ხუთი წლის განმავლობაში კომპანია წარმატებით მუშაობდა ამ მიმართულებით, ხოლო 1996 წელს, ქართული სახელმწიფო კორპორაციის შექმნასთან დაკავშირებით, „Tramex“-ის ლიცენზია უკან გაიწვიეს. თითქმის 10 წლის შემდეგ კომპანიის მფლობელები, როგორც იქნა, მიხვდნენ, რომ შეთანხმება დაირღვა და უაღრესად განაწყენებულებმა მსოფლიო ბანკთან არსებულ საინვესტიციო დავების გადაწყვეტის ლონდონში მდებარე საერთაშორისო ცენტრს მიმართეს. თავიანთ სასარჩელო განცხადებაში ისინი ამტკიცებდნენ, რომ კომპანიამ საქართველოში ნავთობის სფეროს განვითარებაში მნიშვნელოვანი სახსრები დააბანდა და ამიტომ მისგან 350 მლნ დოლარი მოითხოვეს. სწორედ იმდენი,რაც, მათი გაანგარიშებით, ჩვენს ქვეყანას მათი მართებდა: დაბანდებული ინვესტიციების თანხა პლუს დაკარგული მოგების კომპენსაცია.

მრავალწლიანი განხილვის შედეგად 2011 წლის თებერვალში საერთაშორისო ცენტრმა დაადგინა, რომ ოფიციალური თბილისი ვალდებულია, კომპანია „Tramex“-ის მფლობელებს 100 მლნ დოლარამდე გადაუხადოს, თუმცა საქართველოს მთავრობამ უარი განაცხადა ლონდონის არბიტრაჟის დადგენილების შესრულებაზე, აღნიშნა, რომ მის გასაჩივრებას აპირებს, პარალელურად კი დაიწყო საქმის გაჭიანურებისა და ამ საკმაოდ სოლიდური თანხის გადახდისთვის თავის არიდების საშუალებათა ძებნა.

როგორც კი ებრაელი ბიზნესმენები მიხვდნენ, რომ საქართველოსგან ასე იოლად ფულს ვერ მიიღებდნენ, თავადაც იწყეს გზების ძებნა და საუკუნეობით გამოცდილი და თითქმის ყოველთვის უტყუარი საშუალება – სახელმწიფო ჩინოვნიკის მოსყიდვა გამოიყენეს, რითაც, სხვათა შორის, ძალიან დაეხმარნენ მოპასუხეს, დავა გაეჭიანურებინა. არჩევანი საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე ავთანდილ ხარაიძეზე შეჩერდა, რომელსაც, თუკი მთელი თანხის მიღებაში დაეხმარებოდა, 7 მლნ დოლარს გადასცემდნენ და, ყოველი შემთხვევისათვის, საქართველოში მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფონდში 18 მლნ დოლარის გადარიცხვასაც შეჰპირდნენ (ალბათ, იმისათვის, რომ ამ უკანასკნელს ოპერაციის განხორციელებაში მაინცდამაინც ხელი არ შეეშალა). ოპერაციის მიზანი ნათელია, მეთოდი – არც ისე... გაუგებარია, მინისტრის მოადგილეს როგორ უნდა ეიძულებინა მთავრობა, საარბიტრაჟო სასამართლოს დადგენილება შეესრულებინა, ანდა, ბოლოს და ბოლოს, უარი ეთქვა შემაგებებელ სარჩელზე?

ხარაიძე თავადაც მიხვდა ამას, ან უაღრესად პატიოსანი, ან ერთობ ფრთხილი გამოდგა, რადგან გადაწყვიტა, რომ მისიანები გამოცდას უწყობდნენ და მაშინვე მოახსენა, სადაც საჭიროა. ამის შემდეგ უკვე სხვა, საქართველოს შსს-ის მიერ წამოწყებული ოპერაციის მონაწილე შეიქნა, რომლის სცენარის მიხედვითაც, უნდა დათანხმებოდა კომპანიის მფლობელებს და მოლაპარაკებებიც დაეწყო. ჰოდა, განვითარდა დეტექტიური ისტორიის სიუჟეტი მთელი თავისი ატრიბუტებით – ფარული ვიდეოკამერებით, მოსმენებით, საიდუმლო შეხვედრებითა და დამნაშავეთა დაკავებით ბათუმის რესტორანში.

ახლა თემიდა თბილისის საქალაქო სასამართლოში მიიწვიეს და ებრაელ ბიზნესმენთა ბედი ანდეს. ძნელი სათქმელია, რა წასჩურჩულა მან მოსამართლესა და პროკურორს (ან იქნებ მარტო ქალღმერთმა არ წასჩურჩულა?!), მაგრამ მათ მკაცრი ვერდიქტი გამოიტანეს: საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე ავთანდილ ხარაიძისთვის ქრთამის მიცემის მცდელობისთვის რონი ფუქსს – 7, ზეევ ფრენკელს კი 6 წლით პატიმრობა მიუსაჯეს. განაჩენი მსჯავრდებულებმა სიცილით მოისმინეს.

რაკიღა საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო „საქინფორმი“ დაწვრილებით აშუქებდა ამ საქმის პერიპეტიებს, ამიტომ მხოლოდ ზოგიერთ მომენტებზე შევჩერდებით.

ხარაიძის მიერ „დაყენებული“ ვიდეოკამერის (სხვათა შორის, ერთობ პროფესიონალურად, რაც განსჯის საშუალებას იძლევა...) ჩანაწერების მიხედვით, სტამბულის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ოტელის აპარტამენტებში, სადაც ფუქსსა და ფრენკელს შეხვდა, ქრთამის მიცემის მცდელობას მართლაც ჰქონდა ადგილი. თუმცა, ადგილი ჰქონდა სხვა რამესაც. ეჭვს არ იწვევს, რომ ებრაელების დაკავების ოპერაცია ძალიან სჭირდებოდა მთავრობას, სხვაგვარად, მის პროვოცირებას არ მოახდენდა ხელის ჩამორთმევიდან დაკავებამდე და მექრთამეობას ძირშივე აღკვეთდა, რის შემდეგაც, ყოველგვარი ხმაურის გარეშე, აპელაციას შეიტანდა. როგორც ჩანს, აპელაციის იმედი მაინცდამაინც არ ჰქონდათ, რადგან მისი მეშვეობით, დიდი-დიდი, კომპენსაციის გადახდა ერთი წლით ან მეტით გადაევადებინათ. ხოლო ბიუჯეტიდან 100 მილიონის „გაღება“ არც დღეს სურდათ და არც ერთი წლის შემდეგ. ჰოდა, ბიზნესმენებს ხაფანგი დაუგეს – სწორედ ასე შეაფასა მათი დაკავება ისრაელის ისტებლიშმენტმა.

ერთი ძველი ოდესური ანეკდოტის გმირი კეთილსინდისიერად აწარმოებდა თავისი კრედიტორების სიას, თუმცა ვალის დაჟინებით მომთხოვნებს დაუყოვნებლივ შლიდა სიიდან. ჩვენში უფრო მკაცრ ზომებს იღებენ – ციხეში და მორჩა! მაგრამ რა ექნათ კარდასოპოლუსოსთვის, რომელიც თავისუფალიც იყო და თავის მილიონებთან განშორებასაც არ ჩქარობდა?! საქართველოში კი მას ვერ შემოიტყუებ. ასე რომ, მის მიმართ უფრო ჰუმანური ზომების მიღება მართებდათ: უბრალოდ, უნდა ამოეშალათ კრედიტორების სიიდან.

ფუქსისა და ფრენკელის საქმე ხელისუფლებს სხვა მიზეზითაც სჭირდებოდათ. ეს მთელი მსოფლიოსთვის თავისებური გზავნილი იყო: საქართველოში კორუფციას ბრძოლა გამოუცხადეს და მართლმსაჯულების მსახვრალი ხელი ყველას მისწვდება!

„ნებისმიერი, ვინც სახელმწიფო მოხელისთვის ქრთამის მიცემას შეეცდება, აუცილებლად სათანადოდ დაისჯება. არ აქვს მნიშვნელობა, ვინ მოიწვევს მას – პრემიერ-მინისტრი თუ სხვა ვინმე“, – განუცხადა ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა ებრაელი ბიზნესმენების დაკავებისადმი მიძღვნილი საპარლამენტო დებატების დასრულების შემდეგ. არც კი შემცბარა, რომ ის, პრემიერი, სატყუარას როლში გამოვიდა, რომ სწორედ მან ჩამოიტყუა ებრაელები ბათუმში, როცა თავაზიანი წერილი გაუგზავნა: „პატივცემულო ბატონებო! დარწმუნებული ვარ, რომ ორივე მხარისთვის მისაღებ გადაწყვეტილებას ერთობლივად გამოვძებნით. უკვე მიღწეული შეთანხმების გათვალისწინებით, ნება მომეცით, ოფიციალურად მოგიპატიჟოთ ბათუმში 2010 წლის 14 ოქტომბერს საბოლოო დარეგულირების მისაღწევად და შეთანხმებაზე ხელის მოსაწერად...“ კორუფციასთან ბრძოლაში ეთიკისთვის არავის სცხელა; არც ისეთი ცნებებისთვის, როგორიცაა უდანაშაულობის პრეზუმფცია. არსებითად, მან ჯერ კიდევ სასამართლომდე დაადანაშაულა ბიზნესმენები კორუფციულ გარიგებაში, გამოუტანა განაჩენი, რომელიც უცნაურად დაემთხვა სასამართლოსას. არც ქართული სტუმართმოყვარეობისთვის სცხელოდათ. თურმე შეიძლება ადამიანი სტუმრად მიიწვიო და ციხეში უკრა თავი!

აღსანიშნავია, რომ ოპერაცია გულდასმით იყო მომზადებული, გათვალისწინებული – ყველა ნიუანსი იმ შემთხვევისთვის, თუკი მისით საერთაშორისო თანამეგობრობა დაინტერესდებოდა და განხილვას დაიწყებდა. ოპერაციაში მონაწილე კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყველა თანამშრომელს მკერდზე მიმაგრებული ჰქონდა ბარათი, რომელზეც მისი ფოტო, გვარ-სახელი და თანამდებობა მიეთითებინათ. მიუხედავად იმისა, რომ ფრენკელი და ფუქსი მშვენივრად ფლობენ ინგლისურ და რუსულ ენებს, მიწვეული ჰყავდათ თარჯიმანი, რომელიც დაკავებულებს დეპარტამენტის წარმომადგენელთა სიტყვებს უთარგმნიდა მათი „დუმილის, კითხვებზე პასუხის გაუცემლობის და ა.შ.“ უფლებებზე.

ოფიციალურმა თელ-ავივმა ქართულ მხარეს მიანიშნა, რომ ამ საქმეს ასე არ დატოვებდა, რაც მოსალოდნელიც იყო. ფუქსი ილფისა და პეტროვისეული ფუნტი არ გახლდათ, ვინც მზად იყო, ფულის სანაცვლოდ სხვის მაგივრად ციხეში ჩამჯდარიყო. ფუქსს სერიოზული პოლიტიკური და ბიზნესკავშირები აქვს ისრაელის ელიტაში და თურქეთის საპატიო კონსულია ისრაელში. ის პრეზიდენტ პერესის ახლო გარემოცვის წევრია და ბიზნესმენების დაკავებისთანავე სწორედ მან დაურეკა სააკაშვილს. ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა ავიგდორ ლიბერმანმა თავის ქართველ კოლეგა გრიგოლ ვაშაძეს რონი ფუქსისა და ზეევ ფრენკელის დაუყოვნებლივ გათავისუფლება მოსთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, საქართველოში საერთაშორისო ინვესტიციების შემოდენისთვის ყველა საშუალებით ხელის შეშლას დაჰპირდა. რონი ფუქსისა და ზეევ ფრენკელის გათავისუფლების თხოვნით ოფიციალურ თბილისს მიმართა ისრაელის ქართველი ებრაელების მთავარმა რაბინმა იაკობ გუგულაშვილმა და თემის ერთ-ერთმა ლიდერმა მიხეილ მირილაშვილმაც. თუმცა ოფიციალური თბილისი დაყრუვდა და დამუნჯდა...

„ყოველ ღონეს მივმართავთ ბიზნესმენთა გასათავისუფლებლად, რადგან მიგვაჩნია, რომ ისინი სატყუარად გამოიყენეს“, – ინტერნეტრესურსი IzRus ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს ევრაზიისა და ცენტრალური ევროპის დეპარტამენტის ხელმძღვანელის – პინჰას ავივის, ციტირებას ახდენს.

ქართველები ვერ მიხვდნენ, რომ ამ სკანდალს შეუძლია ისინი განკვეთილად აქციოს, რომ ისრაელი და საერთაშორისო თანამეგობრობა ამ საქმეს არ დაივიწყებს“, – წერდა ისრაელის გაზეთი „მაარივი“.

დაკავებულთა დასაცავად ძალიან დიდი ძალები მიიზიდეს. ფუქსის ადვოკატთა ჯგუფს კონსულტაციებს თავად გრეგორი კრეიგი, პრეზიდენტ ობამას ყოფილი მთავარი იურიდიული მრჩეველი უწევდა. კრეიგი აშშ-ში მრავალრიცხოვან ხმაურიან სასამართლო დავებში მონაწილეობდა, მათ შორის, სათავეში ედგა პრეზიდენტ ბილ კლინტონის იურისტთა ჯგუფს, როცა მას იმპიჩმენტი ემუქრებოდა. კრეიგი იანვარში თბილისს ეწვია და საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებსაც შეხვდა.

ჟურნალისტებს კი მან განუცხადა, რომ უნდა გამოძებნილიყო რაღაც შუალედური გადაწყვეტილება, რომელიც ორივე მხარისთვის მომგებიანი იქნებოდა, თუმცა არ დაუკონკრეტებია, რომელი...

საქართველოში ბევრმა დაგმო ბიზნესმენთა დაკავება. პირველ რიგში კი, ოპოზიციამ, რომელსაც მიაჩნია, რომ ამით შეურაცხყოფილ იქნა ჩვენი ხალხების 26-საუკუნოვანი მეგობრობა, ხოლო „ეროვნულმა საბჭომ“ მზაობაც კი გამოთქვა, ებრაელთა თავდები გამხდარიყო. აღდგომის წინა დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთისა და თბილისის არქიეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმიდესი და უნეტარესი ილია მეორე ქსნის #15 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში რონი ფუქსსა და ზეევ ფრენკელს შეხვდა.

ბიზნესმენთა ადვოკატმა არჩილ კბილაშვილმა საინფორმაციო-ანალიტიკურ სააგენტო „საქინფორმთან“ საუბარში აღნიშნა, რომ პატრიარქთან შეხვედრის თაობაზე თავად დაკავებულთაგან შეიტყო.

„შეხვედრა პატრიარქის ინიციატივით შედგა. ილია მეორემ გამოთქვა რწმენა, რომ ქართველი და ებრაელი ხალხის მრავალსაუკუნოვანი მეგობრობა კვლავაც გაგრძელდება. ფუქსსა და ფრენკელს მან მალე გათავისუფლება უსურვა და საჩუქრებიც გადასცა – თაფლი, სანთლები, სამაჯურები, ანსამბლ „რუსთავის“ სიმღერების ალბომთა დისკები და გარკვეული ფულადი თანხა, რომელიც პატიმრებს სპეციალურ პლასტიკურ ბარათებზე დაერიცხათ“, – განაცხადა კბილაშვილმა და დასძინა, რომ პატიმრებმა პატრიარქთან შეხვედრის გამო აღფრთოვანება და სიხარული ვერ დაფარეს.

საქართველოს ექს-პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის აზრით, საქართველოს ხელისუფლებამ ბოდიში უნდა მოუხადოს ებრაელ ბიზნესმენებს – რონი ფუქსსა და ზეევ ფრენკელს. „სააკაშვილის ადგილას მათ ბოდიშს მოვუხდიდი და გავათავისუფლებდი“, – განაცხადა შევარდნაძემ ებრაელ ბიზნესმენთა საქმის კომენტირებისას. ამასთან, მან აღნიშნა, რომ ამ საქმემ უკვე მიაყენა ზიანი საქართველოს იმიჯს.

საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო „საქინფორმი“ უკვე იტყობინებოდა, თუ რა შედეგები მოჰყვა ფუქსისა და ფრენკელის დაკავებას. სქემატურად ჩამოვთვლით: გადაიდო საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძის 2011 წლის 14 მარტისთვის დანიშნული ვიზიტი ისრაელში; 10 მარტს ქნესეთის სპიკერმა რაუბენ (რუბი) რიბლინმა დაურეკა თავის ქართველ კოლეგას და შინ დარჩენა შესთავაზა. მისი თქმით, არაკეთილსასურველი პოლიტიკური და საგარეო პოლიტიკური მოვლენების გამო სასურველი იქნებოდა, ვიზიტი სხვა დროისათვის გადაედოთ; შემდგომ, 19 მარტს გადაიდო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ვერონიკა ქობალიას ისრაელში ვიზიტიც, რომელსაც მონაწილეობა უნდა მიეღო 29-31 მარტს ტურიზმთან დაკავშირებით გამართულ იერუსალიმის საერთაშორისო კონფერენციაში. ისრაელის ნაციონალური უსაფრთხოების საბჭოს სტრუქტურაში შემავალმა ტერორთან ბრძოლის შტაბმა საქართველო იმ ქვეყნების სიაში შეიტანა, სადაც ებრაელებისთვის „კონკრეტული საფრთხე“ არსებობს.

კომპანია „Global CTS“-ის ხელმძღვანელის, ისრაელის თავდაცვის არმიის გენშტაბის ოპერატიული სამმართველოს ექს-ხელმძღვანელ ისრაელ ზივისა და მოქმედი პრემიერის ყოფილი სამხედრო მდივან მეირ კლიფის მეთაურობით, აფხაზეთში შედგა ისრაელის დელეგაციის არაოფიციალური ვიზიტი. სოხუმში ებრაელები პრემიერ-მინისტრ სერგეი შამბას შეხვდნენ და უსაფრთხოების, ტურიზმისა და აგროსამრეწველო კომპლექსის სფეროებში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

ისრაელ ზივიმ მადლობა გადაუხადა შამბას აფხაზეთში სტუმრობის შესაძლებლობისა და სტუმართმოყვარეობისათვის, აღნიშნა, რომ ამ ვიზიტს „ისტორიული მნიშვნელობა“ აქვს. ხელიდან არ გაუშვა შემთხვევა და საქართველოს გადასწვდა: „არსებობს მსგავსება ორ ხალხს – ებრაელსა და აფხაზს, შორის. თქვენც პატარა ერი და პატარა სახელმწიფო ხართ, რომელსაც პრობლემატური მეზობლები ჰყავს“.

აი ასე! რაც შეეხება პატიმრებს, მათი ბედი ჯერ არ შეცვლილა. ვრცელდებოდა ხმები, რომ აღდგომას მათ შეიწყალებდნენ, თუმცა ამგვარი არაფერი მომხდარა. როგორც ბრიფინგზე პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ განაცხადა, საქართველოს პრეზიდენტს შეუძლია შეიწყალოს არა მარტო ებრაელი ბიზნესმენები, არამედ ნებისმიერი პატიმარი. ეს მისი კონსტიტუციური უფლებაა. თუმცაღა ებრაელ პატიმრებს შეწყალების თხოვნით მისთვის არ მიუმართავთ.

ასეთი თხოვნა არც იქნება. შეწყალების თხოვნით მიმართვა დანაშაულის აღიარებას ნიშნავს. სოლიდური საერთაშორისო მხარდაჭერის პირობებში არც ერთი და არც მეორე ბიზნესმენი ამას არ მოიმოქმედებს.

თემიდა კი კვლავ საჭირო შეიქნა. ამჯერად – თავდაცვის სისტემების მწარმოებელი ერთ-ერთი უდიდესი ებრაული კომპანია „Elbit Systems Ltd“-თვის. ის საქართველოს მთავრობას 100 მლნ დოლარს ედავება, ამასთან დაკავშირებით დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოს მართლმსაჯულების უმაღლეს სასამართლოში სარჩელიც შეიტანა.

„Elbit Systems“-ის წარმომადგენლის თქმით, სარჩელი საქართველოს მთავრობის მიერ იმ თანხების გადაუხდელობას ეხება, რომელიც კომპანიას, 2007 წელს ხელმოწერილი რამდენიმე კონტრაქტის თანახმად, მომწოდებლობის სანაცვლოდ ერგება. კომპანია არ აზუსტებს, რის მოწოდებაზეა საუბარი. უწინ იტყობინებოდნენ, რომ საქართველომ „ElbiT Systems“- გან დაახლოებით ამ თანხის შესაბამისი 40 უპილოტო საფრენი აპარატი „Hermes-450“ შეიძინა. გარდა ამისა, ამბობენ, რომ ებრაელებმა არა მარტო საფრენი აპარატები, არამედ უპილოტო საფრენი აპარატების მართვისა და ინფორმაციის მოგროვების რამდენიმე სახმელეთო სადგურიც მოგვაწოდეს და ქართველ სამხედროებს მათი მოხმარებაც ასწავლეს. საქართველოს ხელისუფლებამ, უფულობის მომიზეზებით, მოწოდებული და გამოყენებული აპარატების ღირებულება არ გადაიხადა. „Elbit“-მა იზარალა იმის გამო, რომ რუსეთმა, რომელიც საქართველოსთვის ისრაელის მიერ იარაღის მიწოდებამ გაანაწყენა, უარი განაცხადა ამ კომპანიის სამხედრო აღჭურვილობის შეძენაზე. თუმცაღა საქართველოს პრეზიდენტის პრესმდივანმა განაცხადა, რომ საქართველოს ისრაელისა არაფერი მართებს და ფული უკვე გადახდილია.

ესე იგი, სასამართლო და მორიგი დავა გაიმართება, რაც, უდავოდ, კიდევ უფრო გაამწვავებს ურთიერთობას ქვეყნებს შორის, რომელიც ფუქსი-ფრენკელის საქმის შემდეგ ისედაც დაძაბული იყო.

ოღონდ, ბევრისთვის გამოცანაა – რისთვის სჭირდებოდა მსოფლიოში ყველაზე „პროებრაული“ ლიდერის – როგორც მცირე ხნის წინათ მიხეილ სააკაშილს უწოდებდნენ – ქვეყანას, ურთიერთობების გაფუჭება არა მარტო მეზობელთან, არამედ მოკავშირესთანაც? თვითდამკვიდრების მიზნით „კუნთების ასათამაშებლად“? თუ მსოფლიოსთვის თავისი პრინციპულობის საჩვენებლად კორუფციასთან ბრძოლაში, რომელიც, გავრცელებული აზრით, კი არ მოისპო, არამედ მაღლა გადაინაცვლა?! საეჭვოა, ამის გამო მქუხარე აპლოდისმენტებით დაგვაჯილდოვონ; არაშემგუებელი ან, როგორც ისრაელ ზივმა უწოდა, „პრობლემატური“ მეზობლების სახელი კი მტკიცედ მოგვეკერება. „ოჯახის წევრებთან“ – აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან, წაჩხუბების შემდეგ რუსეთთან ურთიერთობა გავწყვიტეთ და ახლა ამავეს გაკეთებას ისრაელთან ვაპირებთ... ვინ იქნება შემდეგი?

ტყუილუბრალოდ როდი ამბობენ: ადვილია, კაცობრიობა გიყვარდეს – აბა, სცადე და მეზობელი შეიყვარე...

ოხუნჯობთ, ბატონო სტუდენტებო?

უთანხმოებისა და დაპირისპირების კოცონი უკვე კაშკაშა ალით გიზგიზებდა და ვნებები დუღდა, როცა მომავალმა მედიკოსებმა მას შეშა შეუკეთეს, რათა, ღმერთი არ გაგვწყრომოდა და, არ ჩამქრალიყო.

შეგახსენებთ, რომ მხიარულთა და საზრიანთა კლუბის შოუს მიმდინარეობისას, რომელიც ტელეკომპანია „იმედის“ ეთერით გადმოიცემოდა, ანტისემიტური ინციდენტი მოხდა, რომლის მონაწილედ იქცა ჟიურის წევრიც, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრი ლადო ვარძელაშვილი.

აშკარად პროვოკაციულ კითხვაზე – „თავის ცხოვრებაში ყველაზე უკეთესი რა გააკეთა ჰიტლერმა?“ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის გუნდი „კოზა ნოსტრას“ (?) წევრმა გოგონამ უპასუხა: „ყველა ებრაული ოჯახის უფასო გაზიფიცირება მოახდინა!“ ამ ანტისემიტურმა რეპლიკამ არა მარტო დარბაზში მსხდომი მაყურებლების, არამედ თავად მინისტრის აღფრთოვანებაც გამოიწვია!.. თუმცაღა ყველაზე ხმამაღლა აშკარად ქართველთა და ებრაელთა მრავალსაუკონოვანი მეგობრობის მონოლითის ნაპრალიდან მომზირალი ანტისემიტური ფიზიონომიის მქონე ფანტომი ხარხარებდა. ამ სიცილ-ხარხარმა ახალი ნაპრალები წარმოქმნა...

სიცილი, ცხადია, დასაძრახი არ არის. თუმცა დასაძრახია მთელი ხალხის, იმ ერის უბედურებაზე სიცილი, გულში მოუშუშებელი ჭრილობა რომ დარჩა და რომლის მილიონობით წარმომადგენელი მესამე რაიხის ხანაში საკონცენტრაციო ბანაკების გაზის კამერებში დაიღუპა.

თუმცა შემდგომ მინისტრმა ბოდიში მოიხადა ანტისემიტურ ინციდენტში მონაწილეობისა და სტუდენტთა მწარე ოხუნჯობის გამო. „მინდა, განვმარტო, – თქვა მან, – გამოსვლას, რომელმაც მილიონობით ადამიანი შეურაცხყო, ჩაწერის დასრულებისთანავე მოჰყვა ჩემი მკაცრი შეფასება, თუმცა ახალგაზრდებთან ჩემი საუბარი არ გაშუქებულა, რადგან მათი გრძნობები დავინდეთ. ახალგაზრდებმა დამარწმუნეს, რომ არავითარი ბოროტი განზრახვა არ ამოძრავებდათ და ეს დაუფიქრებლობით მოუვიდათ“. ამასთან, მან დასძინა, რომ მისთვის კატეგორიულად მიუღებელია ქსენოფობიისა და ანტისემიტიზმის გამოვლენა და კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულის თემაზე ნებისმიერი ხუმრობა.

„კოზა ნოსტრას“ წევრებმაც მოუხადეს ბოდიში ადამიანებს, რომლებსაც მათმა იმპროვიზებულმა ხუმრობამ ტკივილი მიაყენა. თუმცა თამაშის ორგანიზატორებს, რომლებმაც თავიანთი შეკითხვით, გარკვეულწილად, ახალგაზრდების მხრიდან ასეთი პასუხის პროვოცირება მოახდინეს, არაფერი განუმარტავთ.

დიახ, ბოდიში მოიხადეს. ზოგიერთმა არასამთავრობო პოლიტიკურმა ორგანიზაციამ მკაფიოდ გამოხატა თავისი ნეგატიური რეაქცია ინციდენტზე, მაგრამ ირწმუნებს კი ჩვენი მეზობელი, რომ მომხდარს საფუძვლად ბოროტი განზრახვა არ ედო იმ ფონზე, როცა ჩვენს ქვეყნებს შორის „შავმა კატამ“ გაირბინა? ან ეგებ გუნდის ცინიკური პასუხის სტიმულირება სწორედ იმ „შავმა კატამ“ გამოიწვია?

სხვათა შორის, ჰოლოკოსტის თემაზე ერთხელ უტაქტოდ იხუმრა იტალიის პრემიერ-მინისტრმა სილვიო ბერლუსკონიმაც. თავისი დაბადების დღის აღმნიშვნელ ზეიმზე მან სტუმრების გამხიარულება გადაწყვიტა ანეკდოტით ებრაელზე, რომელიც მეორე ებრაელისგან ყოველდღე 3 ათასს იღებდა იმისათვის, რომ ჰოლოკოსტისგან მალავდა. „და ახლა ებრაელი სვამს კითხვას: ნეტავ უნდა ვუთხრათ თუ არა, რომ ჰიტლერი მკვდარია და ომიც დასრულდა?“ – ასე დაასრულა პოლიტიკოსმა თავისი ხუმრობა, რომელსაც სტუდენტურ მწარე ოხუნჯობამდე, მართალია, ბევრი უკლია, მაგრამ კათოლიკური ეკლესიის ბეჭდურმა ორგანოებმა L’Osservatore Romano da Avvenire ბერლუსკონის იუმორი ჰოლოკოსტის 6 მილიონი მსხვერპლის წმინდა ხსოვნის შეურაცხყოფად შეაფასეს.

ბერლუსკონი პირველად როდი ოხუნჯობს ნაციზმის თემაზე. მის მიერ მონათხრობი ანეკდოტი ჰიტლერზე: „ჰიტლერის სიკვდილიდან გარკვეული ხნის შემდეგ მისმა მომხრეებმა შეიტყვეს, რომ სინამდვილეში იგი ცოცხალი იყო და საძებნელად გაეშურნენ, რათა უკან დაბრუნებაზე დაეყოლიებინათ, მან კი უპასუხა: „კარგი, დავბრუნდები, მაგრამ ერთი პირობით... ამჯერად ცუდი ვიქნები“, – ოპოზიციის წარმომადგენლებმა უკბილო ხუმრობად მიიჩნიეს და ბერლუსკონის მოუწოდეს, ისრაელისა და იტალიელი ებრაელების წინაშე ბოდიში მოეხადა.

სიტყვა ადამიანის ყველაზე ძლიერი იარაღია, – ირწმუნებოდა არისტოტელე. ეს სიმართლეა, თუმცა დიდ ფილოსოფოსს მაშინ წყალბადის ბომბის შესახებ ვერაფერი ეცოდინებოდა. კაცმა რომ თქვას, სიტყვას შეუძლია, ამ ბომბის აფეთქებაც გამოიწვიოს...

ნორმალური, კეთილი ურთიერთობები მნიშვნელოვანია ჩვენთვისაც და ისრაელისთვისაც. საქმე არა მარტო ბიზნესკონტაქტებშია, რომლებიც ნამდვილად მნიშვნელოვანია. საქართველო მართლაც აღმოუჩენდა ისრაელს დიპლომატიურ მხარდაჭერას. ქვეყანა, რომლის დიპლომატიური მხარდაჭერის იმედიც შეიძლება ისრაელს ჰქონდეს, არც ისე ბევრია. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (მაგატე) გენერალურ კონფერენციაზე ვენაში ჩავარდა არაბეთის ქვეყნების მიერ შემოთავაზებული რეზოლუციის პროექტი ისრაელისადმი მოთხოვნით, შეერთებოდა ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ შეთანხმებას, რაც, არსებითად, მისი ბირთვული პროგრამის შეწყვეტას ნიშნავდა. მათ რიცხვში, ვინც „წინააღმდეგი“ გამოვიდა, საქართველოც იყო.

საერთაშორისო არენაზე ისრაელი ჩვენს ერთ-ერთ ყველაზე საიმედო პარტნიორად მოიაზრებოდა, რომელიც მკაფიოდ და თანმიმდევრულად უჭერდა მხარს საქართველოს, ესმოდა მისი საშინაო პრობლემები, ცდილობდა, აღმოეჩინა დახმარება, გამოხატავდა თანაგრძნობას. განა ეს ცოტაა? განა ამან ორი ქვეყნის ურთიერთობებში საზოგადოებრივი კლიმატი არ უნდა გააუმჯობესოს? სამწუხაროდ, ის დღითიდღე უარესდება...