საზოგადოება
იუსტიციის საბჭოს წევრობის ოთხ კანდიდატს მომავალ სასესიო კვირაში ხელახლა უყრიან კენჭს

 საქართველო, 19 მაისი, საქინფორმი. პარლამენტის გუშინდელ პლენარულ სხდომაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის ორ ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად ოთხ კანდიდატს ხელახლა ეყარა კენჭი.

კერძოდ, მეორე ტურში კენჭი უყარეს რუსუდან კვინიკაძის, გოგა კიკალაშვილის, ლევან ნემსაძისა და ნინო ნიშნიანიძის კანდიდატურებს, რომლებმაც კენჭისყრის დროს სხვებთან შედარებით მეტი ხმა მიიღეს.

ვერცერთმა კანდიდატმა ასარჩევად საჭირო 90 ხმა ვერ მიიღო, რის გამოც მესამე ტური გაიმართება. კერძოდ, კენჭისყრის შედეგად ხუთი ხმა მიიღო რუსუდან კვინიკაძემ, გოგა კიკალაშვილს მხარი დაუჭირა ექვსმა დეპუტატმა, ლევან ნემსაძეს ხმა მისცა პარლამენტის ათმა წევრმა, ხოლო ნინო ნიშნიანიძემ მიიღო 11 ხმა.

აღსანიშნავია, რომ კენჭისყრების დაწყებამდე პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ უმრავლესობის დეპუტატებს მიმართა, იუსტიციის საბჭოს წევრობის კანდიდატებთან დაკავშირებით დღეს ფორმალური კენჭისყრა ჩატარებულიყო და ოთხ კანდიდატზე კონსულტაციები გამართულიყო.

„რეგლამენტის თანახმად, ორ კვირაში უნდა ჩატარდეს შემდეგი კენჭისყრა, ე.წ. მესამე ტური, მანამდე გავიაროთ კონსულტაციები ოთხი კანდიდატის გარშემო, რომლებიც დღესაც წარმოდგენილია, დღეს ჩავატაროთ ფორმალური კენჭისყრა“, – განაცხადა კენჭისყრის დაწყებამდე ირაკლი კობახიძემ.