საქსტატის მიერ საქინფორმისთვის მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2011 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 4469,2 ათასი კაცი შეადგინა, რაც 2010 წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 32,8 ათასი კაცით, ანუ 0,7 პროცენტით მეტია. ამასთან, ქვეყნის მოსახლეობის 53,1 პროცენტი (2371,3 ათასი კაცი) – ქალაქად, ხოლო 46,9 პროცენტი (2097,9 ათასი კაცი) სოფლად ცხოვრობს. მოსახლეობის 47,6 პროცენტი მამაკაცია, ხოლო 52,4 პროცენტი – ქალი.
მოსახლეობის რიცხოვნობის ზრდამ შესაბამისი ასახვა პოვა ქვეყნის რეგიონებში. მოსახლეობის ყველაზე დიდი მატება 2010 წლის 1 იანვართან შედარებით აღინიშნება ქვემო ქართლის რეგიონში – 1,2 პროცენტი, აჭარაში – 1,0 პროცენტი, ქ. თბილისში – 0,9 პროცენტი და შიდა ქართლის რეგიონში – 0,8 პროცენტი. მოსახლეობის შემცირება (-0,6%) აღინიშნება რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში, რაც გამოწვეულია აღნიშნულ რეგიონში 2010 წელს დაფიქსირებული უარყოფითი ბუნებრივი მატებით (-426 ერთეული).მოსახლეობის რაოდენობის ყოველწლიური მაჩვენებლის გაანგარიშებაში მნიშვნელოვანია მოსახლეობის ბუნებრივი მატების მონაცემები (განსხვავება შობადობასა და გარდაცვალებას შორის). 2010 წელს საქართველოში დაფიქსირდა მოსახლეობის 15-ათასიანი ბუნებრივი მატება.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ქვეყანაში მიგრაციული სალდოს შესაფასებლად იყენებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებს სახელმწიფო საზღვრის გადამკვეთთა შესახებ, სადაც ასახულია ქვეყანაში წლის განმავლობაში შემოსულთა და გასულთა რიცხოვნობა მოქალაქეობის მიხედვით.
2010 წელს, წინა წლის მსგავსად, ქვეყანაში დადებითი მიგრაციული ტენდენცია შეინიშნება: 2009 წელს მიგრაციულმა სალდომ 34,2 ათასი, ხოლო 2010 წელს 18,1 ათასი კაცი შეადგინა.