სამართალი
ხელისუფლება ოპოზიციის წარმომადგენლების მასობრივ დაკავებებს აგრძელებს

xorguanროგორც დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე „ქართული პარტიის“ წარმომადგენელმა სოფო ხორგუანმა განმარტა, „ხელისუფლებამ პოლიტიკური რეპრესიების ახალი ტალღა დაიწყო – დღეს, 30 ივნისს, გამთენიისას, სამართალდამცველები რამდენიმე ოჯახში ყაჩაღურად შეიჭრნენ და უდანაშაულო ადამიანები დააკავეს. ხორგუანის ინფორმაციით, დაკავებულები არიან გოჩა ლიჩელი, თეიმურაზ ელყანიშვილი, ბესიკ ბერიტაშვილი, ლერი ბერიტაშვილი, გოჩა ჩიხლაძე, თამაზ ოდიაშვილი და გაგა გიგუაშვილი.

„ამ ადამიანების ერთადერთი დანაშაული ის არის, რომ ან გორის რაიონის სოფელ ტყვიავში ცხოვრობენ, ან „ქართული პარტიის“ წევრები არიან, ან – ირაკლი ოქრუაშვილის ახლობლები, ნათესავები და ოდესღაც მასთან სამსახურებრივი კავშირი ჰქონდათ. დაპატიმრებები განახორციელეს იმ ადამიანებმა, რომლებიც თავს შსს-ის თანამშრომლებს უწოდებენ, სინამდვილეში კი მოქმედებენ როგორც ბანდიტური შეიარაღებული ფორმირების წევრები. ისინი ყაჩაღებივით იჭრებიან ოჯახებში და მათ მიერვე ჩადებულ იარაღს „აღმოაჩენენ“ ხოლმე. ამას მოსდევს „აღიარებითი ჩვენებები“, რომლებიც მუქარისა და ზეწოლის შედეგად არის მიღებული“, – აღნიშნა ხორგუანმა.

ხორგუანი მოუწოდებს სამართალდამცველებს, ნუ ჩაიდენენ უკანონობას და ნუ ჩაჰყვებიან დღევანდელ ხელისუფლებას პოლიტიკურ სამარეში. „ხელისუფლების მხრიდან წამოსული ძალადობის ახალი ტალღა დამატებითი მოტივაციაა „ქართული პარტიისთვის“, იყოს უფრო აქტიური და ყველაფერი გააკეთოს სააკაშვილის რეჟიმის რაც შეიძლება სწრაფად დასამთავრებლად“, – დასძინა ხორგუანმა.