საზოგადოება
„ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ ფრაქცია ბაჩუკი ქარდავამაც დატოვა

 საქართველო, 18 მაისი, საქინფორმი. პარლამენტის ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ ბაჩუკი ქარდავამაც დატოვა. ქარდავას მიერ ფრაქციის დატოვება პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა დაადასტურა.

ქარდავას მიერ ფრაქციის დატოვება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე იუსტიციის საბჭოს არასამოსამართლე წევრებისთვის ხმის მიცემას უკავშირდება.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ ნიკა მაჭუტაძემ, ნატო და როსტომ ჩხეიძეებმა დატოვეს. მაჭუტაძემ გადაწყვეტილების მიზეზად დაასახელა ის „გაუგებრობა“, რომელიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებისთვის ხმის მიცემის დროს მოხდა. მისი თქმით, არ იყვნენ ინფორმირებული ოპოზიციაში არსებული გადაწყვეტილების შესახებ, რომ წარმოდგენილი კანდიდატურებისთვის მხარი არ უნდა დაეჭირათ, რის გამოც მოხდა შეცდომა.

მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, ვინ მისცა ხმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევას, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების შეხვედრა გაიმართა.

როგორც შეხვედრის შემდეგ ანა წითლიძემ განაცხადა, ვერ ხედავს „ნაციონალურ მოძრაობაში“ იმ დეპუტატების ადგილს, რომლებმაც იუსტიციის საბჭოს წევრების არჩევას მხარი დაუჭირეს.