სამართალი
როგორც საქინფორმს თბილისის საქალაქო სასამართლოდან აცნობეს, აღკვეთის ღონისძიების კონკრეტული სახის შერჩევისას მოსამართლემ მხედველობაში მიიღო ირაკლი ოქრუაშვილის მსჯავრდებულობა დანაშაულის განზრახ ჩადენისათვის; ამასთან, სხვა ბრალდების საქმეზე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა.
„ოქრუაშვილს ძალადობრივი ხასიათის განზრახ მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენა ედება ბრალად. წარდგენილი ბრალდების თანახმად, მან საქართველოს ფარგლებს გარეთ ყოფნის პერიოდში განზრახ ჩაიდინა დანაშაული, რის გამოც ბრალდებულის მხრიდან დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელების საშიშროება არსებობს. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ დააკმაყოფილა საქართველოს მთავარი პროკურატურის შუამდგომლობა და ბრალდებულ ირაკლი ოქრუაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა“, – განმარტავენ თბილისის საქალაქო სასამართლოში. ცნობისთვის, ირაკლი ოქრუაშვილს ბრალად ედება უკანონო შეიარაღებული ფორმირების შექმნა და ხელმძღვანელობა. დანაშაული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე მუხლის პირველი ნაწილითაა გათვალისწინებული.